განმცხადებელი : „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”;
მოპასუხე : ნათია ლაზაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
15 აპრილი 2021 წელი
საქმე N – 451
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი,
სოფო ჟღენტი, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 14 დეკემბერს, 21:00 საათის „კურიერში” გასულ სიუჟეტში სათაურით: „არასამთავრობოების დაგვიანებული აღიარება - ცესკო, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - არჩევნების შედეგები ყველგან ერთნაირია“ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა გადაცემის წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ტექსტს, რომლითაც მოხდა სიუჟეტის წარდგენა.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელიც და ტელეკომპანია
“რუსთავი 2”-ის წარმომადგენელიც.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. მასში საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის მონაცემების შედეგებზე. კერძოდ, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა, ISFED-ის ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა.
ზემოაღნიშნული სიუჟეტის წარდგენისას, წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა, შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა მაყურებელს: „დღესვე ცესკოს იდენტური მონაცემები აღიარა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც დამკვირვებლები 450 უბანზე ჰყავდა”. განმცხადებელს პრეტენზიები სწორედ ამ ფრაზასთან დაკავშირებით ჰქონდა.
როგორც უკვე აღინიშნა, ISFED-მა განაცხადა, რომ ორგანიზაციის თავდაპირველი მონაცემები, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით იყო მცდარი, აღიარა დაშვებული შეცდომა და გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომელიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს მიუახლოვდა. აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე, წამყვანის ტექსტი „დღესვე ცესკოს იდენტური მონაცემები აღიარა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, აუდიტორიას აწვდიდა ინფორმაციას, რომ თითქოს „საერთაშორისო გამჭვირვალობას” ჰქონდა საკუთარი მონაცემები, რომელიც ასევე შეასწორა, მიუახლოვა ცესკოს მონაცემებს და მხოლოდ ამის შემდეგ „აღიარა“, თითქოსდა ეს „აღიარება“ დაკავშირებული იყო ISFED-ის მიერ აღმოჩენილ შეცდომასთან. განმცხადებელი აპელირებდა, რომ არავითარი განცხადება ან პოზიცია, რომელიც ჩაითვლებოდა როგორც „აღიარება“, მათ არ გაუკეთებიათ. „აღიარების“ დამადასტურებელ რაიმე ფაქტს არც სიუჟეტი შეიცავდა.
განმცხადებელს მიეცა დამატებითი დრო, წარმოედგინა მტკიცებულება,
მიეთითებინა ფაქტზე, რომელიც დაამტკიცებდა, რომ „საერთაშორისო
გამჭვირვალობამ” მართლაც „აღიარა“ ცესკოს მონაცემები. ტელეკომპანიამ
ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, შესაბამისად, ცალსახად
დასტურდება, რომ ნათია ლაზაშვილმა გაავრცელა არასწორი
ინფორმაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნათია ლაზაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.