გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა აფციაური ნუცა მამულაშვილის წინააღმდეგ 
26.07.2021

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
განმცხადებელი : ანა აფციაური ​;
მოპასუხე : ნუცა მამულაშვილი;

03 ივნისი 2021 წელი

საქმე N - 445

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, სოფიო ჟღენტი, გულო კოხოძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა აფციაურმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემა „იმედის დღეში" გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპები, მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნუცა მამულაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებელმა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. 

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ქალს, რომელსაც ბრალი ედებოდა მამაკაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ „ეს საქმე ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა“.

სიუჟეტის ფაბულა შემდეგი სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს: მამაკაცი მიიჩნევდა, რომ მასზე ქალმა განახორციელა სექსუალური შევიწროება და ადევნება, ხოლო ქალი, თავის მხრივ, მიუთითებდა, რომ მათ მანამდე აკავშირებდათ ახლო ურთიერთობა, რომლის დროსაც იგი გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის მხრიდან.

სადავო სიუჟეტი შეიცავს ინტერვიუს ბრალდებულ ქალთან. იგი იხსენებს რომ მამაკაცმა, რომელიც ახლა მას უჩივის, მანამდე ფიზიკურად იძალადა მასზე. ჟურნალისტი ეკითხება: „რატომ გცემათ, რა გახდა ამის მიზეზი?“ მსგავსი საბაბის კვლევა არ შეესაბამება ეთიკურ პრინციპებს. ქარტიის მიერ შემუშავებული „გენდერული საკითხების გაშუქება - სახელმძღვანელო წესების“ თანახმად, „ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას“.

ასევე პრობლემურია ჟურნალისტის ინტერვიუ მამაკაცის მეზობელთან, რომელმაც ბრალი დასდო ქალს და განაცხადა, რომ „ნებაყოფლობით არის, შვილო, ყველაფერი. არავითარი ძალადობა... თუ ქალმა სიგნალი არ მისცა კაცს, არაფერი არ მოხდება“. ეს ფრაზა ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის და სტერეოტიპის გამყარებას, რომ „დამნაშავე“ არის ქალი და თუ მის მიმართ რამე შეუსაბამო მოქცევას ან ძალადობას აქვს ადგილი, „მიზეზი“ სწორედ ქალია. ჟურნალისტმა ამ პოზიციის ტირაჟირებას შეუწყო ხელი. საბჭო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, რომ „ამგვარი მოსაზრების გაჟღერება სექსუალური შევიწროების, სხვა ტიპის სექსუალური ძალადობის დროს პასუხისმგებლობის მსხვერპლზე გადატანის მცდელობას წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით გავრცელებული და ნეგატიური პრაქტიკაა“. 

კიდევ ერთი სტერეოტიპის გამყარებას ემსახურება ჟურნალისტის პოზიცია/კითხვა „როგორ შეიძლება სექსუალური ძალადობა ადამიანმა მოახდინოს SMS-ით?“ სექსუალური შევიწროება, შესაძლებელია, განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, SMS კომუნიკაციით, ვინაიდან სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

ჟურნალისტი ცდილობს, გამოიკვლიოს, თუ რა ურთიერთობა აკავშირებდათ მამაკაცს და ქალს ერთმანეთთან, ვიდრე სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს ექნებოდა ადგილი. საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას: „სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მსხვერპლისა და მოძალადის წარსულ ან მიმდინარე ახლო პირად ურთიერთობებს, სამართლებრივ სტატუსს (მეუღლე) და ა.შ. ამგვარად, ამ შინაარსის ინფორმაციის გაჟღერება აგრეთვე წარმოადგენს სტერეოტიპს - სექსუალური შევიწროება (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობა) არ შეიძლება მოხდეს პარტნიორებს შორის“.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ამბავი უპრეცედენტოა (მამაკაცი სდებდა ბრალს ქალს სექსუალურ შევიწროებაში) და სწორედ ამან გამოიწვია მისი ინტერესი. ასეთი მგრძნობიარე საკითხისადმი მხოლოდ მსხვერპლის სქესის გამო დაინტერესება ასევე პრობლემურია. „ეს მითითება სექსუალური შევიწროების მიმართ არსებული სტერეოტიპების განმტკიცების მორიგი მცდელობაა“. მიზანშეწონილია, სექსუალური შევიწროების ფაქტების გაშუქებისას აქცენტი გაკეთდეს პრობლემაზე, მის გამომწვევ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფაქტორებზე და არა „უპრეცედენტობაზე“ და სკანდალურობაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული სექსუალური შევიწროების მსხვერპლების რეტრავმირება.

ქარტიის მე-10 პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

საბჭო თავის გადაწყვეტილებაში უცვლელად ციტირებს განმცხადებლის არგუმენტაციას სიუჟეტის კიდევ რამდენიმე პრობლემურ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც, საბჭოს აზრით, აღწერს სადავო ჟურნალისტური პროდუქტის შეუსაბამობას ქარტიის მე-10 პრინციპთან: „ჟურნალისტის მიერ პირადი ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება დასაშვებია, როცა „მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა“(საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პირადი ცხოვრების გაშუქება, სახელმძღვანელო წესები, 2018, გვ. 2). სადავო რეპორტაჟში ჟურნალისტმა რამდენიმე რესპონდენტს ჰკითხა სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ოჯახური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს საქმის გარემოებების/ფაქტების მოკვლევის მცდელობას და არის ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეში შემთხვევა. გარდა ამისა, რეპორტაჟში ნაჩვენებია სავარაუდო მსხვერპლისა და მოძალადის პირადი მიმოწერა. ამ შემთხვევაშიც, მიმოწერიდან არ ირკვევა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება. პირადი მიმოწერის ჩვენებით ჟურნალისტს სურს დაამტკიცოს, რომ სავარაუდო მსხვერპლსა და მოძალადეს ნამდვილად ჰქონდათ პირადი ურთიერთობა“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება, რომ ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში ასეთი მიზანი და საჭიროება არ იყო, ორ პირს შორის განხორციელებული მიმოწერა, ან ცნობები მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ არავითარ დამატებით და ობიექტურ ინფორმაციას არ აწვდიდა მაყურებელს იმის შესახებ, მართლა ჰქონდა თუ არა სავარაუდო დანაშაულს ადგილი. მათ გასაჯაროებას მხოლოდ ამა თუ იმ პირის პირადი ინტერესი  შეიძლება დაეკმაყოფილებინა, რომელსაც სურვილი ჰქონოდა „მორალურად“ შეეფასებინა კაცის ან ქალის ქცევა. შესაბამისად, ეს სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი და არ ამართლებს პირად ცხოვრებაში შეჭრას.  


სარეზოლუციო ნაწილი

  1. ნუცა მამულაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა