გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მერაბ ღოღობერიძე ნატო გოგელიას წინააღმდეგ
26.07.2021

განმცხადებელი : მერაბ ღოღობერიძე;
მოპასუხე : ნატო გოგელია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

15 აპრილი 2021 წელი

საქმე N – 480

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ  2021 წლის 04 აპრილს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაარღვია ქარტიის 1, მე-7 და მე-11 პრინციპი. 

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.



სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო იყო ნატო გოგელიას პირდაპირი ჩართვა ბათუმიდან, კერძოდ, იგი, პირდაპირ ეთერში აშუქებდა მმართველი პარტიის მხარდამჭერების საპროტესტო აქციას გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ. აქციის გაშუქებისას, ასევე პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი აწარმოებდა აქციის მონაწილეების გამოკითხვას. ერთ-ერთ რესპონდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა: „ვისი მონა ხარ?“, სწორედ ამ კითხვის დასმას მიიჩნევდა განმცხადებელი 1-ლი, მე-7 და მე-11 პრინციპების დარღვევად და მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ მსგავსი კითხვის დასმით ფაქტი დაამახინჯა.

სადავო ეპიზოდის სწორად შეფასების მიზნით საბჭო უცვლელად იმეორებს დიალოგს, რომელიც გაიმართა ჟურნალისტსა და აქციის მონაწილეს შორის. კერძოდ, ჟურნალისტი აცხადებს რომ იგი შეეცდება გაიგოს, თუ რას აპროტესტებენ შეკრებილი მოქალაქეები და მიდის აქციის მონაწილეებისაკენ, იგი უახლოვდება ერთ-ერთ პირს, რომელიც ეუბნება: „სააკაშვილის მონა ხარ“, რაზეც ჟურნალისტის პასუხობს: „მე რატომ ვარ სააკაშვილის მონა, თქვენ ვისი მონა ხართ?“.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს აქვს თმენის ვალდებულება და ნამდვილად მიზანშეწონილი იყო, რესპონდენტის შეფასება - „სააკაშვილის მონა ხარ“, იმ მომენტში რეაგირების გარეშე დაეტოვებინა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჟურნალისტის კონკრეტულ ემოციურ რეაგირებას რესპონდენტის არაადეკვატურ ფრაზაზე ვერ შეაფასებს, როგორც პირველი და, მით უფრო, მე-7 [დისკრიმინაცია] და მე-11 [გაზრახ დამახინჯება]  პრინციპების დარღვევად. სწორედ აქციის მონაწილის რეპლიკა გახდა ჟურნალისტის კითხვის - „ვისი მონა ხარ?“ გამომწვევი მიზეზი. მოვლენების განვითარების დინამიკიდან და რიგითობიდან გამომდინარე არ იკვეთება, რომ ჟურნალისტს განზრახული ჰქონდა მსგავსი კითხვის დასმა ან მისი მიზანი იყო იმის გარკვევა, ვინმეს „მონა“ იყო თუ არა აქციის რომელიმე მონაწილე.     


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატო გოგელიას არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა