გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - პაატა დიასამიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
26.07.2021

განმცხადებელი : პაატა დიასამიძე;
მოპასუხე : აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

27 მაისი 2021 წელი

საქმე N - 492

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი 



აღწერილობითი
ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პაატა დიასამიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 18 მაისს,  სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე განთავსებულ სტატიაში სათაურით „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. ვერ მოხდა კონკრეტული ავტორი/პასუხისმგებელი ჟურნალისტების იდენტიფიცირება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად [3.4],  „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. 

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. საბჭომ განცხადება განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში. ამასთან საბჭოს სამდივნომ მიიღო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლის, ფირუზ ბოლქვაძისაგან, რომელიც ასახულია წინამდებარე  გადაწყვეტილებაში. 

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას, არ მონაწილეობდა საბჭოს წევრი სოფო ჟღენტი. მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან მას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და თვითაცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე. 


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სტატია ეხებოდა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სასამართლო დავას. ბულვარის ყოფილი დირექტორი ასაჩივრებს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და მიიჩნევს ამას არაკანონიერად.  სტატიის სათაურში კი მტკიცებით ფორმაში არის ნათქვამი, რომ „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“.

საქმეში „ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ” (2018 წელი), საბჭომ აღნიშნა რომ: „ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული, როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში.“ იმავე პრინციპს იზიარებს  საბჭო განსახილველ შემთხვევაში და მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, მხოლოდ სათაურის მიმართ იმსჯელოს ქარტიის საბჭომ.

როგორც აღინიშნა, სტატიის სათაურში მტკიცებით ფორმაში მითითებული იყო რომ: „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“, ანუ მკითხველი სათაურიდან იღებდა ინფორმაციას, რომ ირაკლი ჯინჭარაძემ სასამართლო დავა წააგო. ამის საპირისპიროდ განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2021 წლის 14 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ჭინჭარაძის სარჩელი შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო, მაგრამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს „სარჩელის არ დაკმაყოფილებას“, როგორც ეს იყო მითითებული  სათაურში.  აქვე აღსანიშნავია, რომ თავად სტატიის ტექსტი შეიცავდა ირაკლი ჯინჭარაძის პოზიციას, სადაც ის უარყოფდა, რომ თითქოს მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, სტატიის სათაური არასწორ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს.

საბჭომ იმსჯელა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლის, ფირუზ ბოლქვაძის პოზიციასთან დაკავშირებითაც,  რომელმაც ქარტიის საბჭოს სამდივნოსთან კომუნიკაციისას აღნიშნა, რომ:

  • „ინფორმაცია „სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“ გავრცელდა სააგენტო „პრაიმტაიმზე“ დაყრდნობით და, შესაბამისად, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს არ ეკისრება სარედაქციო პასუხისმგებლობა“.
  • „აჭარის ტელევიზია სტატიის მომზადებისას დაუკავშირდა ირაკლი ჯინჭარაძეს და მისი პოზიცია სტატიაში ასახა“.

ქარტიის საბჭო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას შემდეგი არგუმენტაციის საფუძველზე:

  • საქმეში „საქართველოს უზენაესი სასამართლო მაია ფურცელაძის, marshalpress.ge-ს, digest.pia.ge-ს, exclusivenews.ge-სა და resonancedaily.com-ის არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ” (2019 წელი) ქარტიის საბჭომ აღნიშნა, რომ სხვა მედიასაშუალებაზე, როგორც წყაროზე მითითება არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს გამავრცელებელ მედიასაშუალებას ეთიკური ვალდებულებებისაგან. არ შეიძლება, მედიასაშუალება განვიხილოთ როგორც მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი არხი. მედიის დანიშნულება და როლი სწორედ ის არის, რომ ინფორმაციისას გავრცელებისას [მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის წყარო]  მან პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს  სწორი ინფორმაცია, მით უფრო, როცა თავად წყარო არ შეიცავდა მეორე მხარის პოზიციას/განმარტებას და ნათელი იყო დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელება.
  • მოპასუხე მედიასაშუალება დაუკავშირდა ირაკლი ჯინჭარაძეს, მიიღო მისგან პასუხი, რომ „სარჩელის არ დაკმაყოფილება“ არ იყო სწორი ფაქტი, ანუ თავად აჭარის მაუწყებლისთვისაც ნათელი იყო, რომ მისი წყარო, „პრაიმტაიმი”, არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და, მიუხედავად ამისა, სტატიის სათაურში მაინც მცდარი ინფორმაცია გამოიტანა. 

ქარტიის მე-5 პრინციპი, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელმა საბჭოს წარმოუდგინა მტკიცებულებები [მაგალითად: სოციალურ ქსელში გაზიარებულ სტატიას გამოეხმაურა საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი, ილონა დიასამიძე, რომელმაც კომენტარის სახით მიუთითა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. დადასტურებული ფაქტია, რომ კომენტარის შინაარსს გაეცნო ტელევიზიის წარმომადგენელი], რომ მათ მიმართეს მედიასაშუალებას, რათა გაესწორებინათ არაზუსტი ფაქტის შემცველი სათაური, მაგრამ, მიუხედევად ამისა, ტელევიზიამ  არ შეასწორა და არ შეცვალა  მცდარი ინფორმაციის შემცველი სათაური, რაც იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას. 


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა  დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა