14 ივნისი 2021 წელი
საქმე N – 449
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი,
გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა
გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია
„ფორმულას” ეთერში, 2020 წლის 30 ნოემბერს,
გადაცემაში „ბაიასთან“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7,
მე-9, მე-10 და მე-11 პრინციპები. მოპასუხედ განისაზღვრა
გადაცემის წამყვანი ბაია დვალიშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხის წარმომადგენელმა. საქმის განხილვის დროს, განმცხადებელმა მოხსნა თავისი მოთხოვნა მე-3, მე-7 და მე-9 პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო გადაცემაში ბაია დვალიშვილი ესაუბრებოდა ქალს, რომელიც აღნიშნავდა, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან და ამის გამო ის მეუღლეს [განმცხადებელს] დაშორდა. გადაცემის მსვლელობის დროს რესპონდენტმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, მათ შორის საწოლიდან გადაგდება, ჩანთის სროლა, სოციალური ქსელების „გატეხვა“ მეუღლის მხრიდან.
ზემოაღნიშნულის საპირწონედ განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ საქმეებზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, ჯერ ფაქტობრივი გარემოებები [რომელზეც რესპონდენტი უთითებდა] არ არის დამტკიცებული და ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება იწვევდა საზოგადოებისათვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.
მოპასუხემ თავის შეპასუხებაში მიუთითა, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც განმცხადებელი ხდიდა სადავოდ, ეკუთვნოდა რესპონდენტს და არა ჟურნალისტს, შესაბამისად ჟურნალისტის პასუხისმგებლობა უნდა გამორიცხულიყო. ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას: ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პატივისცემა აუდიტორიის უფლებისათვის, რომ მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.
ნებისმიერ პირს შეუძლია მისცეს ინტერვიუ. ლოგიკურია, რომ რესპონდენტი მედიას ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის მისი სუბიექტური პოზიციიდან გამომდინარე. მხოლოდ ერთი წყაროს [რესპონდენტის] მიერ მოწოდებული ინფორმაციით აუდიტორია ვერ იღებს სრულ და გადამოწმებულ სურათს ამბის შესახებ. ჟურნალისტის ვალდებულება - „პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია,“ გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტმა თავის ნამუშევარში ასახოს ყველა იმ მხარის პოზიცია, რომელსაც ამბავი ეხება. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ შეეხებოდა ისეთ სენსიტიურ თემას, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა და შესაძლებელია, მეორე მხარის [ძალადობაში ბრალდებული პირის] პოზიციის კომენტარის სახით მოპოვება [მხარეთა პოზიციების შეპირისპირება] არ ყოფილიყო მიზანშეწონილი, თემის შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებული იყო, აუდიტორისათვის მიეწოდებინა სარედაქციო განმარტება, თუ რატომ იყო მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია წარმოდგენილი. მას ასევე უნდა აღენიშნა, რომ მაყურებელს ეს ინტერვიუ აღექვა, როგორც რესპონდენტის მიერ წარმოდგენილი ფაქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ არ დასტურდება, რომ განმცხადებელმა მედიასაშუალებას მიმართა შესწორების მოთხოვნით, შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.
მე-10 პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ სადავო ინტერვიუთი გასაჯაროვდა მისი პირადი ცხოვრების დეტალები, რაც წარმოადგენდა მის პირად ცხოვრებაში შეჭრას განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე.
ცალსახაა, რომ განმცხადებელის [ძალადობაში ბრალდებულის] იდენტიფიცირება არ მომხდარა იმ აუდიტორიისათვის, რომელიც არ იცნობდა მას - არ იყო დასახელებული მისი სახელი, გვარი ან/და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებადი იყო იმ პირებისათვის, რომლებმაც იცოდნენ, რომ რესპონდენტი და ბრალდებების ადრესატი წარსულში დაქორწინებულები იყვნენ. საბჭო განმარტავს, რომ ადამიანთა წრემ, რომელსაც შეეძლო ბრალდებების ადრესატის იდენტიფიცირება, ასევე დიდი ალბათობით უკვე იცოდა, რომ მეუღლეებს შორის იყო მსგავსი ტიპის კონფლიქტი/ბრალდებები/სასამართლო დავა და საბჭო არ მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მე-10 პრინციპის დარღვევას.
მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს
პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის
განზრახ დამახინჯება“ ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ
განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ იკვეთება
მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს ჰქონოდა განზრახვა, რომ
მხოლოდ რესპონდენტის პოზიცია მიეწოდებინა აუდიტორიისათვის. მხოლოდ
პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის
გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“
ჩაითვალოს, მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ
დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად
ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის
ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ
მტკიცდება, შესაბამისად, ვერ დადგინდა მე-11 პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ბაია დვალიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- ბაია დვალიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპი.