გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გურამ კახაძე, სოლიდარობის თემი მაგდა ანიკაშვილის წინააღმდეგ
23.08.2021

განმცხადებელი : გურამ კახაძე, სოლიდარობის თემი;
მოპასუხე : მაგდა ანიკაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

21 ივნისი 2021 წელი

საქმე N – 498, 500

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს გურამ კახაძემ [N498] და სოლიდარობის თემმა [N500] რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 2021 წლის 16 ივნისს,  გადაცემა "იმედის ფაქტორში", დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. კერძოდ, სადავო იყო ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის ინტერვიუ რესპონდენტ თეა დარჩიასთან.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული  იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილს სტუმრად ჰყავდა თეა დარჩია, რომელმაც განაცხადა, რომ „აჭარის რეგიონში ბავშვები ჩადრებით რომ დადიან ქართველი გოგოები და ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის“.

ქარტიის საბჭოს შეფასებით, აღნიშნული ფრაზა დისკრიმინაციულია, საქართველოში რელიგიური ნიშნით გამორჩევა/დაპირისპირება პრობლემურ საკითხად რჩება და ბოლო პერიოდში არაერთხელ იჩინა თავი [ნიგვზიანი, ჭელა, ბუკნარი]. შესაბამისად, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა საზოგადოების გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა შეასრულოს ეთიკური მოვალეობა, რომ ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციასა და სტიგმის გაძლიერებას.  ფრაზით „აჭარის რეგიონში ბავშვები ჩადრებით რომ დადიან ქართველი გოგოები და ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის“  ხდება გამორჩევა რელიგიური ნიშნით, თითქოს კატეგორიით „ქართველი“ არ შეიძლება მოხსენიებული იყოს პირი, რომელიც ისლამის აღმსარებელია. საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რწმენის თავისუფლებას და ადამიანის მრწამსი არ განსაზღვრავს მის ეთნიკურ თუ მოქალაქეობრივ კუთვნილებას.

მაშინ, როცა დისკრიმინაციულ პოზიციას ავრცელებს რესპონდენტი, მნიშვნელოვანია ჟურნალისტის ქცევა. საქმეში „ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ” (2017 წელი), საბჭომ აღნიშნა, რომ: „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, ანუ, ჟურნალისტმა არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, სტიგმატიზებას და სიძულვილის ენის გამოყენებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს მათი თავიდან აცილებისთვის.

ასევე საქმეში „ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაკა რაზმაძის წინააღმდეგ” (2018 წელი), საბჭომ აღნიშნა რომ თუ განცხადება [იგულისხმება დისკრიმინაციული/სიძულვილის ენის შემცველი განცხადება] კეთდება პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის“.

განსახილველ შემთხვევაში, რესპონდენტმა მოახდინა დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით,  რომელიც ჟურნალისტმა მაგდა ანიკაშვილმა  სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა და არ გაემიჯნა დისკრიმინაციულ პოზიციას, რითაც მან დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. 

 

სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაგდა ანიკაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-7  პრინციპი.