24 ივნისი 2021 წელი
საქმე N – 438
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე,
ნინა ხელაძე, სოფიო ჟღენტი.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარიამ არველაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ მედია კავშირ ობიექტის ეთერში, 2020 წლის 14 ოქტომბერს გასულ რეპორტაჟში დაირღვა ქარტიის 1 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ქეთი შერგელაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის
თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ
წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია
გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული
იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი
ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება
საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ
წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი
იყო გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა პარტია “ლელოს” სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულობებს, მათ შორის საუბარი იყო მარიამ არველაძის შემოწირულობაზე. ჟურნალისტის განცხადებით: „ნაქებ იურისტებს [იგულისხმება პარტია “ლელოს” იურისტები] ის გამოეპარათ რაც “ობიექტივის” ახალ ამბებს არ გამოპარვია. ფულის საეჭვო გათეთრების კიდევ ერთი ფაქტი, 1976 წელს დაბადებულ მარიამ არველაძეს უკავშირდება. მან ხაზარაძის პარტია კანონის სრული დარღვევით დააფინანსა და “ლელოს” 2019 – 2020 წლებში არც მეტი, არც ნაკლები 98 800 ლარი შესწირა, ეს კი მაშინ როდესაც კანონით გათვალისწინებულია რომ ფიზიკურ პირს პარტიის დაფინანსება მხოლოდ 60 000 ლარის ოდენობით შეუძლია“. სიუჟეტი ასევე შეიცავს მარიამ არველაძის კომენტარს, სადაც ის აცხადებს, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარიამ არველაძემ 02.12.20219 პარტია “ლელოს” 40 000 ლარი შეწირა, ხოლო 12.02.2020 – 21.05.2020 პერიოდში - 58 800 ლარი.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს“.
ქარტიის საბჭომ განმარტებისათვის მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, წელიწადში იგულისხმებოდა ნებისმიერი 12 თვიანი პერიოდი, თუ დრო - წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17/06/2021 წლის № 005324/09 წერილით საბჭოს განუმარტა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიზნებისთვის, შემოწირულობისა და საწევრო შენატანისათვის წლიური ლიმიტი განისაზღვრება კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“.
როგორც აღინიშნა 2019 წელს [01.01 – 31.12 პერიოდი] მარიამ არველაძის შემოწირულობა იყო 40 000 ლარი, ხოლო 2020 წელს - 58 800 ლარი, ანუ მას არ დაურღვევია კანონით დადგენილი ლიმიტები და, შესაბამისად, არასწორ ინფორმაციას და პირველი პრინციპის დარღვევას წარმოადგენდა ჟურნალისტის მტკიცებით ფორმაში ტექსტი: „ფულის საეჭვო გათეთრების კიდევ ერთი ფაქტი“, „მან ხაზარაძის პარტია კანონის სრული დარღვევით დააფინანსა“.
ქარტიის მე-11 პრინციპი
„ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ
დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ
დამახინჯება“. როგორც აღინიშნა,
კანონის ჩანაწერი ბუნდოვანია, და საბჭოს დაჭირდა განმარტებისათვის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიემართა, შესაბამისად, საბჭო
მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი იყო არა
განზრახვა, არამედ ჟურნალისტის მიერ გადამოწმების ვალდებულების
მცდელობის უგულვებელყოფა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ქეთი შერგელაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.