განმცხადებელი : შპს „ბევრილი ჯგუფი";
მოპასუხე : ნოდარ მელაძე, მაკა ჩიხლაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
10 ივნისი 2021 წელი
საქმე N – 437
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს
წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა
ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე, ნინო
ჯაფიაშვილი.
აღწერილობითი
ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბევრილი ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ TV „პირველის” ეთერში, 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა შპს ბევრილი ჯგუფის საქმიანობას, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ
როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე.
სამოტივაციო
ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სიუჟეტში ძირითადად გამოიკვეთა შემდეგი სადავო ეპიზოდები:
- ჟურნალისტის ფრაზა, რომ გოდერძი ჩანქსელიანს, როგორც შპს „ბევრილი ჯგუფის” მესაკუთრეს აქვს მონოპოლია საქართველოში ხორბლის იმპორტზე.
- ,,ბაზარს ფასს მომწოდებელი [გოდერძი ჩანქსელიანი] კარნახობს, ვისაც ხორბალი შემოაქვს, მთავარი შემომტანი კომპანია ,,ბევრილი ჯგუფია“, რომელსაც სწორედ ქართული ოცნების დეპუტატი ფლობს“.
- ,,რატომ გააკეთა ეს, რატომ მიგვიყვანა ქართული ოცნების დეპუტატმა ამ ზომამდე“ [იგულისხმება საქსტატის მონაცემები, რომ ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება].
- „მილიონერი დეპუტატის კომპანია ერთადერთია, რომელმაც პანდემიისას ზარალის ნაცვლად სოლიდური მოგება ნახა“.
- განმცხადებელი ასევე უთითებდა, რომ შპს ბევრილი ჯგუფი გოდერძი ჩანქსელიანს არ ეკუთვნის და არასწორად მოხდა მისი დაკავშირება ბევრილი ჯგუფთან.
ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, რომ შპს „ბევრილი ჯგუფი“ არ უნდა ჩაითვალოს გოდერძი ჩანქსელიანთან ასოცირებულ/კუთვნილ კომპანიად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 29 იანვრამდე შპს „ბევრილი ჯგუფის“ [ს/ნ 208215821] წილის 70% ეკუთვნოდა გოდერძი ჩანქსელიანს. მოგვიანებით კი კომპანიის 70% წილი გოდერძი ჩანქსელიანმა უსასყიდლოდ [აჩუქა] გადასცა მის ძმას - ნერუ ჩანქსელიანს.
საჯარო პოლიტიკური პირების საქმიანობა საზოგადოების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის, ვინაიდან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებენ პირადი ან საკუთარი ოჯახისათვის მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის მისაღებად. ამიტომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჯარო პოლიტიკური პირის საკუთრება არ გულისხმობს მხოლოდ წმინდა სამართლებრივ გარემოებას - არის თუ არა წილი რეგისტრირებული მის სახელზე, არამედ დგას თუ არა კონკრეტული კომპანიის ბიზნესინტერესების უკან საჯარო პოლიტიკური პირი. არ დასტურდება, რომ გოდერძი და ნერუ ჩანქსელიანებს განსხვავებული, დამოუკიდებელი ან განცალკევებული ბიზნესინტერესები ჰქონდათ ან აქვთ. ასევე ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის 70% წილის საკუთარი ძმისათვის უსასყიდლოდ გადაცემა იძლევა ლეგიტიმური დასკვნის საშუალებას, რომ წილის გასხვისებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი და რეალურად შპს „ბევრილი ჯგუფის“ უკან კვლავ გოდერძი ჩანქსელიანი დგას. შესაბამისად, ჟურნალისტი უფლებამოსილი იყო შპს „ბევრილი ჯგუფი“ მოეხსენებია, როგორც გოდერძი ჩანქსელიანის კომპანია.
მეორეს მხრივ, ქარტიის საბჭო პირველ პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ჟურნალისტის განცხადებებს, რომ შპს „ბევრილი ჯგუფი“ ბაზრის მონოპოლისტია, რომ ამ კომპანიამ ქართული ხორბლის ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახადა. განმცხადებელმა წარმოადგინა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2020 წლის ივლისის ანგარიში „ხორბლის და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის“ შესახებ, რომლის თანახმად, მართალია, შპს „ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, მაგრამ იგი არ არის მონოპოლისტი. ასევე ფაქტია, რომ ხორბლის იმპორტი ხორციელდება ძირითადად რუსეთიდან. ეს გამოწვეულია ხორბლის დაბალი ფასით რუსეთის ფედერაციაში და არა „ბევრილი ჯგუფის” [გოდერძი ჩანქსელიანის] განზრახვით, რომ რუსეთზე დამოკიდებული გახადოს ხორბლის იმპორტი. დასკვნის თანახმად, იმპორტიორთა (მათი რაოდენობა 100-ზე მეტია) თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ხორბლის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს.
საბჭოს შეფასებით, შესაბამის ფაქტობრივ საფუძველს იყო მოკლებული ჟურნალისტის განცხადება - „მილიონერი დეპუტატის კომპანია ერთადერთია, რომელმაც პანდემიისას ზარალის ნაცვლად სოლიდური მოგება ნახა“. რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ბიზნესის დიდი ნაწილი დაზარალდა, მაგრამ იყო მიმართულებები, რომლებიც, პირიქით, განვითარდნენ [მიტანის სერვისი, ტაქსის მომსახურება, სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება და ა.შ.]. შესაბამისად, არასწორია ფრაზა, რომ პანდემიის დროს მხოლოდ გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიამ ნახა მოგება.
მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელმა ჟურნალისტებს მიმართა წერილობით, სადაც მიუთითა სადავო გადაცემაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და არ შეუსწორებიათ, რაც იწვევს მე-5 პრინციპის დარღვევას.
მე-11 პრინციპი:
„ჟურნალისტმა უმძიმეს
პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის
განზრახ დამახინჯება“. საბჭო არ მიიჩნევს, რომ განსახილველ
შემთხვევაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი. საბჭოს შეფასებით,
გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თუმცა არ გამოიკვეთა
ჟურნალისტის განზრახვის მოტივი. მხოლოდ ქარტიის პირველი პრინციპის
დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ
არის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ ჩაითვალოს. მე-11
პრინციპს ქარტიის საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია
ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი
ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ არასწორ
ინფორმაციას ავრცელებს.
სარეზოლუციო
ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
- ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.