დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ნანა იამანიძე;
მოპასუხე : ზურაბ მახარაძე და „ალტინფოს” სხვა არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
16 აგვისტო 2021 წელი
საქმე N – 511
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს
წევრები: გულო კოხოძე, ზვიად
ქორიძე, ირმა ზოიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე.
აღწერილობითი
ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნანა იამანიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ „ალტინფოს” ეთერში, 2021 წლის 02 ივლისის გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხეებად განისაზღვრნენ ზურაბ მახარაძე და “ალტინფოს” სხვა არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები.
საქმის განხილვის თავისებურებები
ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების
წესის 4.4 პუნქტის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო
თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი
საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება
მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან
დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება
საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ
წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი
იყო გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო
ნაწილი
ქარტიის მეშვიდე პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის [როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური] პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, აქვს დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი ხასიათი LGBTQ+ ადამიანების მიმართ. მაგალითად, საქმეში – ააიპ ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაკა რაზმაძის წინააღმდეგ (2018 წელი) – რესპონდენტის მიერ სექსუალური უმცირესობის „პიდარასტებად“ მოხსენიება, ხოლო საქმეში – ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ (2017 წელი) – რესპონდენტის მიერ ტერმინ „მამათმავლის“ გამოყენება გახდა მე-7 პრინციპის დარღვევის საფუძველი.
სადავო გადაცემაში,
ჟურნალისტები LGBTQ+ ადამიანებზე საუბრისას სწორედ მსგავს ტერმინებს
იყენებდნენ.
„მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს
დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და
ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები
განახორციელოს“, ანუ, ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა
შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა
იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
სარეზოლუციო
ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ზურაბ მახარაძემ და „ალტინფოს” სხვა არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.