გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სადაზღვევო კომპანია „უნისონი" მთავარი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
04.10.2021

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : სადაზღვევო კომპანია „უნისონი";
მოპასუხე : მთავარი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

18 ივნისი 2021 წელი

საქმე N – 434

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ [შემდეგ „უნისონი“], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია მთავარის ეთერში, დილის 10 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში „უნისონმა" 30 მილიონის ტენდერი მოიგო და „ქართულ ოცნებას" 327 ათასი შესწირა", დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.  სადავო სიუჟეტით არ დგინდებოდა კონკრეტული ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული  იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის წარმომადგენელმა, ხოლო ტელევიზიამ საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეშვიდე პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი მომზადებული იყო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად:

  1. 186-დან 68 ტენდერში სადაზღვევო კომპანია „უნისონი" უკონკურენტო იყო.
  2. ილია კეჭაყმაძემ [უნისონის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი] მმართველ პარტიას 327 000 ლარი შესწირა.

ქარტიის საბჭომ, სადავო სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ შემდეგი ინფორმაციის გავრცელება მიიჩნია  პირველ პრინციპთან შეუსაბამოდ:

სათაური ,,ტენდერში გამარჯვება მმართველი პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ",  ტექსტები: „უნისონმა" 30 მილიონის ტენდერი მოიგო და „ქართულ ოცნებას" 327 ათასი შესწირა“ „მთლიანობაში კომპანიის დამფუძნებელს ილია კეჭაყმაძეს და მის უნისონს 30 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული, სანაცვლოდ კი კეჭაყმაძემ „ქართულ ოცნებას" 327 ათასი ლარი შესწირა“.

საბჭოს პოზიციით ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომ დადასტურებული ფაქტის სახით აუდიტორიისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ უნისონის მიერ ტენდერების მოგების საფუძველი იყო ილია კეჭაყმაძის მიერ „ქართული ოცნებისათვის“ თანხების შეწირვა. ასევე არაზუსტია ინფორმაცია, რომ ილია კეჭაყმაძე უნისონის დამფუძნებელია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ილია კეჭაყმაძე  უნისონის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, შესაბამისად არაზუსტი გამოდის უნისონის, როგორც ილია კეჭაყმაძის კომპანიად [„მის უნისონს“]  მოხსენიება.  პრობლემური იყო ინფორმაცია, რომ „"უნისონმა" 30 მილიონის ტენდერი მოიგო და „ქართულ ოცნებას" 327 ათასი შესწირა“, თავად ფლანგვის დეტექტორს მითითებული ჰქონდა, რომ შემომწირველი იყო ილია კეჭაყმაძე და არა უნისონი, შესაბამისად, თავად უნისონს, მმართველი პარტიისათვის შემოწირულობა არ განუხორციელებია.

აქვე აღსანიშნავია, მოპასუხის პოზიცია, რომელმაც მიუთითა, რომ (1) სადავო სიუჟეტში ზუსტად ის ინფორმაცია იქნა გადმოცემული, რომელიც გამოაქვეყნა ფლანგვის დეტექტორმა (2) მედიასაშუალებამ მხოლოდ ფლანგვის დეტექტორის მიგნებების გაშუქება მოახდინა, და სადავო გადაცემა არ იყო თავად ჟურნალისტის/ტელევიზიის მიერ მოძიებული/მოკვლეული ინფორმაცია და შესაბამისად არ ეკისრებოდა სარედაქციო პასუხისმგებლობა.

პირველ გარემოებასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ  ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული, რომ უნისონი ილია კეჭაყმაძის კომპანიაა, არც ის, რომ უნისონმა შესწირა მმართველ პარტიას თანხა, შესაბამისად ვერ გაიზიარებს ტელევიზიის პოზიციას, რომ ზუსტად გადმოსცეს ფლანგვის დეტექტორის ინფორმაცია.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს, საბჭომ არა ერთხელ აღნიშნა, რომ წყაროზე, ან მედიასაშუალებაზე მითითება არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს გამავრცელებელ მედიასაშუალებას ეთიკური ვალდებულებებისაგან. კერძოდ, ტელეკომპანია მთავარისათვის ფლანგვის დეტექტორი იყო წყარო და შესაბამისად ვალდებული იყო, რომ მოეპოვებინა მეორე მხარის [უნისონის] კომენტარი/პოზიცია, ეს იქნებოდა ჟურნალისტის მიერ ეთიკური ვალდებულების დაცვა  - პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა შემდეგ ფრაზას: „186 ტენდერიდან 68-ში უნისონი უკონკურენტო იყო“ და უთითებდა, რომ: ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ უკონკურენტოდ მოგების შემთხვევაში ადგილი აქვს შემსყიდველისა და მიმწოდებლის ირიბ შეთანხმებას, შესაბამისად, ბრალდება წაყენებულია არა მხოლოდ უნისონის წინააღმდეგ, არამედ ასევე იმ 68 შემსყიდველის წინააღმდეგ, რომელთაც გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც საჯაროა და რომელშიც მონაწილება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და რომელშიც მიიღო მონაწილება სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონმაც". უფრო მეტიც ყველა დასახელებული ტენდერი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის საგანს, რომლის ჩატარების და კონტროლის უზრუნველყოფასაც ახდენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ბრალდების გასაქარწყლებლად თუ რატომ იყო უნისონი ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი არაა ,,უნისონის" მტკიცების ტვირთი, პირიქით შემდავებელმა უნდა ამტკიცოს, რომ სწორედ ირიბი შეთანხმების გამო იყო უნისონი მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია მაყურებელთა განზრახ შეცდომაში შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შელახო კომპანიის საქმიანი რეპუტაცია“.

ამ ნაწილში საბჭო პირველ პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს, ვინაიდან თავად ფაქტი, რომ 186 ტენდერიდან 68-ში უნისონი უკონკურენტო იყო შეესაბამება სიმართლეს და განმცხადებელი თავად ფაქტის სიზუსტეზე არ დავობს, არამედ მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება არასწორად ყოფილიყო ინტერპრეტირებული. საბჭო თვლის, იმ წინაპირობით რომ ფაქტი სწორია, მხოლოდ რისკი, რომ ეს  შეიძლება იქნას გაგებული მაყურებლის მიერ არასწორად, არ წარმოადგენს პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”  განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიერ გადამოწმების ვალდებულების უგულვებელყოფას და  წყაროს მიერ მიწოდებული  ინფორმაციის არასწორ განმარტებას და არა განზრახვას, ვინაიდან არსებითი განსხვავება წყაროს [ფლანგვის დეტექტორის] და სადავო გადაცემას შორის არ ყოფილა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მთავარი არხის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. მთავარი არხის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

 

 

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება