განმცხადებელი : ანრი ოხანაშვილი;
მოპასუხე : ჟანა აკოფაშვილი და მიხეილ სესიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
30 ივლისი 2021 წელი
საქმე N 485
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები: ნინა
ხელაძე, ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, გულო
კოხოძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2021 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარი შაბათს“ ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი მიხეილ სესიაშვილი და ჟურნალისტი ჟანა აკოფაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მხოლოდ
განმცხადებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოპასუხე მედიასაშუალებამ
საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
სადავო სიუჟეტი ანრი ოხანაშვილის მეუღლის მამის ქონებას ეხებოდა. განცხადებიდან და განმხილველი სხდომიდან, სადავოდ წამყვანის ტექსტი რომ:
"ანრი ოხანაშვილის სიმამრს, გორში, ზუსტად საოკუპაციო ზოლთან სახელმწიფომ მიზერულ ფასად, პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა 80 ჰა სასოფლო სავარგულები."
განმცხადებელი მიუთითებდა რომ აღნიშნული ფრაზა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
მედიასაშუალებამ შეპასუხებაში აღნიშნა რომ: „წარმოდგენილი ფრაზა გაჟღერდა სადავო სიუჟეტის წინასიტყვაობაში მიხეილ სესიაშვილის მიერ. არ ვეთანხმებით განმცხადებელს რომ გაჟღერებული ციტატა მცდარია. სიუჟეტის ზოგადი კონტექსტისა და რესპონდენტების მიერ გაკეთებული კომენტარების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ჟურნალისტმა ერთ-ერთი რესპონდენტის ციტირება მოახდინა, რათა საკითხის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მაყურებლისთვის. ეს არ წარმოადგენს ჟურნალისტის სიტყვებს, საკითხის მისეულ შეფასებას, შესაბამისად, იგი ვერ იქნება პასუხისმგებელი ინფორმაციის შესაძლო მცდარობასთან დაკავშირებით“ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’, ბექა ქორჩილავას. სწორედ ბექა ქორჩილავას ეკუთვნის სიტყვები ,,ამირან ხოდელმა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად შეიძინა, რაც მისი სიძე ქართულ ოცნებაში მაღალ იერარქიას იკავებს’’.
ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას ვინაიდან:
- ჟურნალისტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რესპონდენტის ზუსტ ციტირებას და მნიშვნელოვანი კომპონენტი, კერძოდ მიწის საერთო ფართობი [80 ჰა], ჟურნალისტმა თავად დაამატა. მაშინ როცა საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ცალსახა იყო რომ ამირან ხოდელს მის საკუთრებაში არსებული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო პირებისაგან ჰქონდა შეძენილი, შესაბამისად გამოირიცხა რომ მთელი სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთები [რომელიც სულ 80 ჰექტარია] სრულად სახელმწიფოსაგან ჰქონდა მიღებული.
- დამატებით აღსანიშნავია, რომ ფრაზა „ანრი ოხანაშვილის სიმამრს, გორში, ზუსტად საოკუპაციო ზოლთან სახელმწიფომ მიზერულ ფასად, პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა 80 ჰა სასოფლო სავარგულები", ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში, დადასტურებული ფაქტის სახით გაავრცელა არ მიუთითებია, რომ ეს რესპონდენტების პოზიციების კრებითი შეჯამება იყო.
ჟურნალისტი ვალდებულია მაყურებელს ნათლად მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის დადასტურებული ფაქტი და რა წყაროს [რესპონდენტის] პოზიცია. განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ აღნიშნული ეთიკური ვალდებულება დარღვეულია, მან არა მხოლოდ არ მიუთითა რომ რესპონდენტის გადაუმოწმებელ ფრაზას ავრცელებდა არამედ თავად რესპონდენტის პოზიციაც არასწორად მიაწოდა მაყურებელს.
შესაბამისად სადავო სიუჟეტში საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია წამყვანის წარდგენის ტექსტში.
ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.
მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა, განსახილველ შემთხვევაში წყარო [მაგალითად: საჯარო რეესტრი, სხვადასხვა რესპონდენტები] არსებობს. მედიასაშუალებამ ეს ინფორმაცია არაზუსტად გადმოსცა. შესაბამისად, დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.
მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.
ცნობილია, რომ მოპასუხემ იცოდა
განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ და წინამდებარე გადაწყვეტილებით
დადასტურდა ამ პრეტენზიების საფუძვლიანობა. მიუხედავად ამისა,
მედიასაშუალებას ინფორმაცია არ გაუსწორებია. განმცხადებლის
წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა
Facebook სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც მედიასაშუალება იყო მონიშნული.
მიუხედავად ამისა, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ
მედიასაშუალების ოფიციალურ საიტზე დღემდე იძებნება აღნიშნული მასალა,
შესაბამისად, ქარტიის მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული,
ვინაიდან ინფორმაცია არ შესწორებულა ქარტიის საბჭოს მიერ
რეკომენდირებული წესით, რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ
მკითხველმა თავად მედიასაშუალებიდან იცოდეს, რომ გავრცელებული იყო
გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მიხეილ სესიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.
- მიხეილ სესიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მესამე პრინციპი.
- ჟანა აკოფაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპი.