გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ჯაბა ფუტკარაძე ნოდარ მელაძისა და ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ
20.12.2021

განმცხადებელი : ჯაბა ფუტკარაძე;
მოპასუხე : ნოდარ მელაძე და ნატა ქაჯაია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

13  ოქტომბერი  2021 წელი

საქმე N – 491

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჯაბა ფუტკარაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „პირველი“ ეთერში, 2021 წლის 08 მაისს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“, გასულ სიუჟეტში  დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელმა, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან. ამასთან მოპასუხე მხარემ თავისი პოზიცია ელექტრონული წერილის სახით მიაწოდა საბჭოს სამდივნოს.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავა 4 პირი, რომლებიც უცხოელ ინვესტორს  ქობულეთში სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის შესაძენად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად დახმარებას შეჰპირდნენ 350 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

სიუჟეტით გავრცელდა შემდეგი ინფორმაციაც:

,,...გარკვეული და გაშიფრულია სქემა, ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალი ალბათ ბოლო პერიოდში, რაც კი გვახსენდება, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი მიწის უცხოელებზე გასხვისებას და სანაცვლოდ ძალიან დიდი ქრთამის აღებას. არ გეგონოთ, რომ ამ კორუფციულ სკანდალში ვინმე რიგითი მაღალჩინოსანია ჩართული. არა, საქმე ეხება კონკრეტულად აჭარის მთავრობის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს. საქმე სუსმა გამოიძია, არ მოგესმათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძია და დაადგინა, რომ შუამავლების 4 კაციანი ჯგუფი უცხოელ, ირანელ ინვესტორს კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესაძენად კავშირზე ყავდა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს და ამ გარიგებაში, რომ ეს კონკრეტული მიწა შავი ზღვის სანაპიროზე ამ ირანელი ინვესტორისათვის მიეყიდათ მისთვის სასარგებლო, მისთვის საინტერესო, მისთვის მისაღები პირობებით ქრთამი მილიონ ნახევარი უნდა გადაეხადათ. საქმე სუსმა გამოიძია.“

,,...ქობულეთი შავი ზღვის სანაპირო, ხალხის კუთვნილი 11 000 კვადრატული მეტრი მიწის გასაყიდად, ირანელ ბიზნესმენს ქრთამს დიდი ოდენობით თითქმის 1,5 მილიონ ლარს თხოვდნენ, კორუფციული გარიგების კვალი ხელისუფლების მაღალჩინოსნებამდე მიდის მთავარი მოქმედი გმირი, ელიტური კორუფციის საქმეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეა“... ,,...სუსის საგამოძიებო მასალებით ვიგებთ, რომ მიწის გასხვისების სანაცვლოდ მინისტრი ფუტკარაძე, ქრთამს ითხოვდა დაახლოებით 348 000 აშშ დოლარს, რაც თითქმის მილიონ ნახევარი ლარია...“

,,...საიდუმლო დოკუმენტები ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველა მტკიცებულება ქონდა, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია ყვავის, ყავდა დაზარალებული, ქონდა ჩანაწერები, რომ ინვესტორს მილიონ ნახევარ ლარს ქრთამს ართმევდნენ. ჩნდება კითხვა, რის სანაცვლოდ ჩაფარცხეს საქმე და რატომ არ მისცა პასუხისგებაში არავინ მილიონ ნახევრიანი ქრთამის სკანდალზე. პასუხი ნათელია, შუამავლებს დუმილი დაუფასეს. ციხიდან გამოუშვეს, რომ მათ ხელი აჭარის ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს არ დაადეს...“ ,,...რატომ ყიდდა ხალხის კუთვნილ მიწას ქრთამის სანაცვლოდ, ამ კითხვის საპასუხოდ აჭარის ეკონომიკის მინისტრს სამსახურში მივაკითხეთ...“

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ  ჯაბა ფუტკარაძის როგორც ამ დანაშაულის მონაწილის, ან დაკავებული პირების, როგორც ჯაბა ფუტკარაძის შუამავლებად მოხსენიება არასწორი იყო. „ამ საქმეში ბოროტად იყენებდნენ ჯაბა ფუტკარაძის სახელს, რაც დასტურდება კიდეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით“ -   მიუთითებდა განმცხადებელი. ის ასევე აღნიშნავდა რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა არავითარი მყარი მტკიცებულება რომ ჯაბა ფუტკარაძე, მტკიცებით ფორმაში დაედანაშაულებინა როგორც თაღლითობის მცდელობაში თანამონაწილე. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ჯაბა ფუტკარაძეს არ  წარდგენია ბრალი ამ დანაშაულში მონაწილეობისათვის.

საპასუხოდ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა ჟურნალისტმა: „ჩვენს მიერ მოპოვებული იყო, სუსიდან გრიფით საიდუმლო მასალები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით სწორედ გრიფი საიდუმლო, კორუფციის საქმეს,  იმის გამო დაედო, რომ აქ იდო მტკიცებულებები ელიტური კორუფციის შესახებ. ბრალდებულის ინტერვიუს თუ ყურადღებით მოუსმენთ, ეს ქალბატონი ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობას პრაქტიკულად ადასტურებს.  კიდევ ერთი ბრალდებულის ოჯახის ინტერვიუში ყვება, რომ არ იცის ვინ გადაიხადა თანხა გირაოთი გამოსაშვებად, მათ ნაცვლად თანხა სხვა პირებმა ჩარიცხეს რომ დაკავებულები რომლებიც შუამავლები იყვნენ სასწრაფოდ გამოსულიყვნენ პატიმრობიდან და არ დაესახლებინათ ამ კორუფციული გარიგების მონაწილე მაღალი რანგის ჩინოვნიკები  დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის და ქრთამის აღების სკანდალის ფიგურანტების მიმართა გამოტანილი არაპროპორციული მცირე სასჯელის შესახებ ასევე რეპორტაჟში ვრცლად იყო საუბარი“. 

ქარტიის საბჭო გაეცნო სიუჟეტს, მხარეების პოზიციებს და მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პირველი პრინციპის დარღვევას. თავად სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და რესპონდენტთა ინტერვიუებიდან ნამდვილად შეიძლებოდა, რომ  ჟურნალისტს გასჩენოდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ დანაშაულებრივ სქემაში ასევე მონაწილეობდა ჯაბა ფუტკარაძეც [ინვესტორი, რომელსაც ქრთამის გადახდა სთხოვდნენ ნამდვილად შეხვდა ჯაბა ფუტკარაძეს, შუამავლები აქტიურად იყენებდნენ ჯაბა ფუტკარაძის სახელს ინვესტორთან ურთიერთობისას, ინვესტორს ჰქონდა მტკიცე რწმენა, რომ ქრთამის ნაწილი სწორედ ჯაბა ფუტკარაძისათვის იყო განკუთვნილი, დამნაშაევეები საკმაოდ მსუბუქი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს], მაგრამ ჟურნალისტს არ ჰქონდა მყარი და პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჯაბა ფუტკარაძეც ჩართული იყო ქრთამის აღების სქემაში, შესაბამისად მას არ უნდა გამოეყენებინა მტკიცებით ფორმაში სიტყვები და წინადადებები და დადასტურებული სახით არ უნდა მიეწოდებინა მაყურებლისათვის, რომ დანაშაულში ბრალი ჯაბა ფუტკარაძესაც მიუძღოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარაუდის საფუძველი ჰქონდა.  საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია ერთმანეთისაგან გამიჯნოს ფაქტი და მოსაზრება/შეფასება/ლოგიკური დასკვნა/დასაბუთებული ვარაუდი და ყველა ინფორმაცია მტკიცების ისეთი ხარისხით მიაწოდოს მაყურებელს, რასაც წყაროები, დოკუმენტები თუ სხვა გარემოებები იძლევიან.

მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“  დადასტურდა, რომ ჟურნალისტებმა იცოდნენ განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ [განმცხადებელმა ტელეკომპანიას სარჩელით მიმართა], მაგრამ ინფორმაციის გასწორება არ მომხდარა, შესაბამისად დაირღვა მე-5 პრინციპიც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნოდარ მელაძემ და ნატა ქაჯაიამ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და  მე-5  პრინციპი.

 

 

განცხადება

სადავო მასალა