გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ზაურ და ნარგიზ მელაძე მარიამ ტაკიძის  წინააღმდეგ
26.12.2021

განმცხადებელი : ზაურ და ნარგიზ მელაძე;
მოპასუხე : მარიამ ტაკიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

17 ივლისი 2021 წელი

საქმე N – 494

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს  ზაურ და ნარგიზ მელაძეებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2021 წლის 21 ივნისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგის“ ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - მარიამ ტაკიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული  იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპის თანახმად:  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

გადაცემა ძირითადად იყო ინტერვიუ ქალთან, რომელიც მის მეუღლეს და მეუღლის ოჯახს ბრალს სდებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. სიუჟეტის აღწერაში მითითებულია, რომ „32 წლის მზიური მელაძე ხულოს მუნიციპალიტეტში 4 შვილთან ერთად მუდმივი სტრესისა და დაუცველობის განცდით ცხოვრობს. 12-წლიანი ქორწინების ბოლო რამდენიმე წელი მისთვის განსაკუთრებით მძიმეა. როგორც თავად იხსენებს, სწორედ ამ წლებში დაიწყო მის მიმართ სისტემატიური ფიზიკური ძალადობა [მათ შორის შვილების თანდასწრებით]“.

თავად სიუჟეტშიც რესპონდენტი საუბრობს სხვადასხვა ბრალდებაზე, მათ შორის მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოებას, კერძოდ სიუჟეტში არ ასახა ბრალდებების ადრესატის პოზიცია, არ გადაამოწმა ინფორმაცია, და კომენტარისათვის არ მიმართა რესპონდენტის ყოფილ მეუღლეს ან/და მისი ოჯახის წევრებს.

თავის მხრივ, მოპასუხემ შეპასუხებაში მიუთითა, რომ: 

„მეორე მხარის" პოზიციის ან/და კომენტარის არარსებობა ავტომატურად მოთხრობილი ამბის უზუსტობას ან ფაქტის დამახინჯებას არ მოწმობს“; „ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქების საერთაშორისო სტანდარტი და მედიაეთიკა მიმართულია იმაზე, რომ მსხვერპლს შეექმნას მაქსიმალურად სანდო, უსაფრთხო და არადამაზიანებელი გარემო“; „მოცემულ რეპორტაჟზე მუშაობის დროს, სარედაქციო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმას, რომ არჩეულიყო „გენდერულად სენსიტიური" გაშუქების სტანდარტი; შესაბამისად, ზოგადი მიდგომა "ბალანსის დაცვისა და საკითხის ყველა შესაძლო მხარის მონაწილეობის შესახებ" - არათუ ვერ იქნებოდა გამოყენებული, არამედ - გამოყენების შემთხვევაში მოიტანდა მსხვერპლისთვის გამოუსწორებელ ზიანს [მოსალოდნელი რისკებისა თუ დისკრიმინაციის გამო].“

„აღნიშნული პრინციპებისა და სტანდარტების გამოყენებას დამატებით ხელი შეუწყო შემდეგმა გარემოებებმა: ა) რედაქციას ხელთ ჰქონდა ნარგიზ მელაძის მისამართით 2020 წლის 04 მაისს გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ნათლად დასტურდებოდა დამდგარი ფსიქოლოგიური ძალადობა მზიური მელაძის მიმართ; ბ) ხულოს „ქალთა ოთახის" მენეჯერი, ფატიმა ბოლქვაძე და ამავე ოთახის მოხალისე, მადონა ბოლქვაძე, დეტალურად იხსენებდნენ მზიურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებდნენ მზიურის მიერ მათთვის სხვადასხვა დროს მოყოლილ ისტორიებს ძალადობის შესახებ“.

„რეპორტაჟზე მუშაობის დროს რედაქციის მიზნები განისაზღვრა შემდეგნაირად:

-        ძალადობის მსხვერპლი ქალის მხარდაჭერა;

-        ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების სტიმულირება და მხარდაჭერა;

-        ზოგადი, ძალადობრივი გარემოს მხილება;

-        ზოგადი, ძალადობრივი გარემოს მხილება აჭარის მაღალმთიან რეგიონში;

-        ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მხარდამჭერი პროგრამა-სივრცეების დეფიციტის ხაზგასმა;

-        ქალების ეკონომიკური თავისუფლების საჭიროების ხაზგასმა;

-        ბავშვთა საუკეთესო ინტერესის დაცვისთვის მოქმედება“.

 

ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ წყაროს ინფორმაციას ადასტურებდა ხულოს „ქალთა ოთახის" მენეჯერი, ფატიმა ბოლქვაძე და ამავე ოთახის მოხალისე, მადონა ბოლქვაძე. აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ რესპონდენტისაგან განსხვავებულ და დამოუკიდებელ წყაროს და ისინი რესპონდენტთან ერთად უნდა იქნას განხილული, როგორც ერთი მხარე. მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყვნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. სხვადასხვა წყაროდ ვერ ჩაითვლება ისეთი წყაროები, რომლებსაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონდეთ ამბის მიმართ.

ასევე საბჭო მსჯელობს, ოჯახურ ძალადობის შემთხვევაში არსებობს თუ არა მეორე მხარე. რა თქმა უნდა, ოჯახური ძალადობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოში და ყველას, მათ შორის, მედიას აქვს განსაკუთრებული როლი, რომ ხელი შეუწყოს ძალადობის აღმოფხვრას. ასეთი ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების გასაჯაროება, მაგრამ როდესაც ისმის კითხვა, ამ დროს უნდა იყოს თუ არა მეორე მხარის [ვინც ბრალდებულია ძალადობაში] პოზიციაც წარმოდგენილი, წყალგამყოფია ფაქტი, ეს ძალადობა არის თუ არა შესაბამისი წესით [მაგალითად სასამართლო გადაწყვეტილება] დადასტურებული. თუ დადასტურებულია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში „მეორე მხარე“ არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში იყო მხოლოდ ნარგიზ მელაძის [რესპონდენტის დედამთილი] მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, მაგრამ, მეორე მხრივ, რესპონდენტი საუბრობდა სხვა პირებზე [მეუღლეზე მაგალითად], რომელთა მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტები არ იყო დადასტურებული.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აუცილებელი იყო მეორე მხარის, ბრალდებების ადრესატის, პოზიციაც მიეწოდებინა ჟურნალისტს აუდიტორიისათვის ან/და მინიმუმ აუდიტორიისათვის განემარტა, თუ რატომ იყო მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია წარმოდგენილი. მას ასევე უნდა აღენიშნა, რომ მაყურებელს ეს ინტერვიუ აღექვა როგორც რესპონდენტის მიერ წარმოდგენილი და არა დადასტურებული ფაქტები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ არ დასტურდება, რომ განმცხადებელმა მედიასაშუალებას მიმართა შესწორების მოთხოვნით, შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.

მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ იკვეთება მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს ჰქონოდა განზრახვა, რომ მხოლოდ რესპონდენტის პოზიცია მიეწოდებინა აუდიტორიისათვის.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ ტაკიძემ  დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. მარიამ ტაკიძე არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა