გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ფონდი ფემინა ტელეკომპანია პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
26.12.2021

დარღვეული პრინციპები : 10 პრინციპი;
განმცხადებელი : ფონდი ფემინა;
მოპასუხე : ტელეკომპანია პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

21 სექტემბერი  2021 წელი

საქმე N – 475

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, ნინო ჯაფიაშვილი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ფონდმა ფემინამ, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, 2021 წლის 11 მარტს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. სადავო სიუჟეტზე არ იყო მითითებული ავტორი/ჟურნალისტი და ვერ მოხდა კონკრეტული ავტორი/პასუხისმგებელი ჟურნალისტების იდენტიფიცირება, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად [3.4], „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“.   განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სადავო სიუჟეტი ეხებოდა სავარაუდო დანაშაულს, კერძოდ სექსუალურ ძალადობას. ხანშიშესული ქალი, რომელიც, მისივე განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამაში ბრალს მისივე მეზობელს სდებდა. სიუჟეტში იყო ინტერვიუ ბრალდებულის დედასთან. განმცხადებელი მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა ჟურნალისტის კითხვაში: ,,როგორ ფიქრობთ, თქვენმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული?“ განმცხადებლის მოსაზრებით, ჟურნალისტი ამ კითხვით „მიზნად ისახავს, ქალმა თავი დაიდანაშაულოს ამგვარი შვილის გაზრდის გამო, რაც წარმატებით ახალისებს საზოგადოებაში ისედაც ფესვგადგმულ სტერეოტიპს, რომ დამნაშავე მუდამ ქალია ისეთ დანაშაულებშიც კი, რასაც ძირითადად კაცები ჩადიან“. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ამ პოზიციას, და არ ეთანხმება, რომ კითხვის მიზანი სწორედ დედის [ქალის] დადანაშაულება იყო, არ იკვეთება სხვა არავითარი გარემოება, რომელიც განმცხადებელის ამ პოზიციას არგუმენტირებულს გახდიდა. დავუშვათ ინტერვიუს დროს ერთად რომ ყოფილიყვნენ ბრალდებულის მამაც და დედაც და ჟურნალისტს აქცენტი გაეკეთებინა დედაზე, კიდევ შეიძლებოდა მსჯელობის განვითარება, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტი მივიდა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, და როგორც სიუჟეტიდან ჩანს, მასთან კომუნიკაციას ამყარებს მხოლოდ დედა და შესაბამისად ჟურნალისტი კითხვებს სწორედ მას უსვამს.

ქარტიის მე-10 პრინციპი:  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში დარღვეული იყო ქარტიის მე-10 პრინციპი. კერძოდ ჟურნალისტმა სრულად დაასახელა მსხვერპლის სახელი და გვარი და მოახდინა მისი იდენტიფიცირება. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა ობიექტური და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, მით უფრო, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტის გაშუქებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსხვერპლის კონფიდენციალურობის დაცვას. ასევე, საბჭო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას: „შეკითხვები, რომლებსაც ჟურნალისტი სვამს, საზოგადოებრივ ინტერესს არ ეფუძნება, აბსოლუტურად უადგილო და არაეთიკურია: ,,გაგაუპატიურათ?“, - ასე ჟღერს მისი პირველი შეკითხვა“. „შემდეგი შეკითხვა ასეთია: ,,რამდენი ხანი გაწვალებდათ?,” შეკითხვა არათუ არაეთიკური და მიუღებელია, არამედ მოკლებულია ლოგიკურ საზრისს, ვერ აიხსნება ვერც საზოგადოებრივი ინტერესით და ვერც რაიმე სხვა გარემოებით, მეტიც, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს მხოლოდ პირადი ცნობისმოყვარეობით არის განპირობებული. ჟურნალისტმა აშკარად ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესსა და პირად ცნობისმოყვარეობას შორის ზღვარის დაცვა“.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ტელეკომპანია პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-10 პრინციპი.
  2. ტელეკომპანია პირველის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

განცხადება