10 ივნისი 2021 წელი
საქმე N – 477
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი,
გულო კოხოძე, ნინო ჯაფიაშვილი.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა აფციაურმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მთავარის" ეთერში, გადაცემა „მთავარში", 2021 წლის 15 მარტს გასულ სიუჟეტში სათაურით „ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე და ორად გაყოფილი საზოგადოება“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნათია ქოქოსაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, ხოლო
მოპასუხე ტელევიზიამ შეპასუხება წერილობითი ფორმით წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
ზოგადად სიუჟეტით გაშუქებული ამბის პრეისტორიას წარმოადგენს სამართლებრივი დავა, კერძოდ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მისი ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ბრალს სდებს ძალადობაში.
განმცხადებლის პრეტენზიები ეხებოდა ჟურნალისტის ფრაზებს - „ორად გახლეჩილი საზოგადოება“, „სიხარულის გაზიარება ორმხრივად წარიმართა“. განმცხადებლის შეფასებით, ეს ფრაზები მიემართებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტს, და აღნიშნავდა, რომ „ძალადობის, მით უფრო, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას, ჟურნალისტი უნდა ეცადოს საკითხი არ წარმოაჩინოს ორ მხარეს შორის დაპირისპირებად. ამგვარი გაშუქება ოჯახში ძალადობას/ქალთა მიმართ ძალადობას არა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვად, არამედ პირებს შორის პირად კონფლიქტად წარმოაჩენს.“ „მასმედიის მიერ ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევის გაშუქებამ კონტექსტის წარმოდგენის გარეშე, და სენსაციურობისათვის უპირატესობის მინიჭებამ შეიძლება კიდევ უფრო გაამყაროს გენდერულ სტერეოტიპები, რომლებიც იწვევენ გენდერული ნიშნით ძალადობის გამყარებას“.
განსახილველ შემთხვევაში ქარტიის საბჭო არ ეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. ერთი მხრივ, საბჭო სრულად იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, რომ ოჯახური ძალადობის გაშუქებისას ჟურნალისტს განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულებები აკისრია, რომ ხელი არ შეუწყოს სტიგმის გაძლიერებას, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ფრაზები -„ორად გახლეჩილი საზოგადოება“, „სიხარულის გაზიარება ორმხრივად წარიმართა“ უშუალოდ არ ეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილ მეუღლეზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.
სადავო სიუჟეტის მომზადებას წინ უძღოდა ნიკოლოზ
ბასილაშვილის მიერ დოჰას საჩოგბურთო ტურნირის მოგება. აღნიშნულ
გამარჯვებას მართლაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ
ქსელებში, კერძოდ საზოგადოების ერთმა ნაწილმა გამარჯვებაზე პოზიტიურად
გამოხმაურებასთან ერთად ეს შანსი გამოიყენა იმისათვის, რომ ესაუბრათ
ნელი დოროყაშვილის ბრალდებების სიყალბეზე, ხოლო მეორე ნაწილი,
რომელსაც სჯერა, რომ ბრალდებები რეალურია, მიიჩნევდა, რომ ნიკოლოზ
ბასილაშვილის გამარჯვებას მის მიერ განხორციელებული ძალადობა
აფერმკრთალებს. ეს გარემოება განმცხადებელმაც დაადასტურა.
შესაბამისად, როგორც აღინიშნა, საბჭოს შეფასებით, ჟურნალისტი, როცა
საუბრობს „ორად გახლეჩაზე“, გულისხმობს საზოგადოების გამოხმაურებას
ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებაზე და არა სავარაუდო ძალადობის
ფაქტზე, შესაბამისად, არ დგინდება მე-7 პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნათია ქოქოსაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.