გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ალექსანდრე მითაიშვილი ჯენი კვანტალიანის წინააღმდეგ
29.12.2021

განმცხადებელი : ალექსანდრე მითაიშვილი;
მოპასუხე : ჯენი კვანტალიანი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

12 ნოემბერი 2021 წელი

საქმე N – 514

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ალექსანდრე მითაიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 1 ივნისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, ჯენი კვანტალიანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებელი, ისე მისი წარმომადგენელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-10 პრინციპთან დაკავშირებით.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო ფაქტობრივი გარემოებები და საბჭოს შეფასებები:

1.  სიუჟეტს ჟურნალისტი იწყებს ტექსტით, რომ მან ექსკლუზიურად მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დასკვნა და მას გააცნობს მაყურებელს. სიუჟეტში ჩანს შიდა აუდიტის დასკვნად მოხსენიებული დოკუმენტის გრაფიკული გამოსახულება.    

 

ქარტიის საბჭო გაეცნო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დასკვნას და დაადგინა, რომ სიუჟეტში გრაფიკულად მითითებული დოკუმენტი  არ ემთხვეოდა აღნიშნულ დასკვნას. ასევე საქმის განხილვისას ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას სიუჟეტის მომზადებისას აუდიტის სრული და ოფიციალური დასკვნა ხელთ არ ჰქონდა.

დამატებითი მოკვლევის შედეგად, საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა, სავარაუდოდ, იხელმძღვანელა არა აუდიტის დასკვნით, არამედ აუდიტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული წერილის პროექტით, კერძოდ იგულისხმება წერილი, რომლითაც შემდგომ, 2021 წლის 04 ივნისს, ბსუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ მიმართა სპიკერ დავით ბარათაშვილს. წერილის ავტორები მკვეთრად ნეგატიურად აფასებენ ალექსანდრე მითაიშვილის საქმიანობას და ითხოვენ მის იმპიჩმენტს. ქარტიის საბჭო ასკვნის, რომ ჟურნალისტის ფრაზა - „ის მაყურებელს გააცნობს აუდიტის დასკვნას” - არასწორია.

 

2. ჟურნალისტი აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნაში იმ შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირამდე, კანცლერამდე მივყავართ. სიუჟეტში ჟურნალისტი კიდევ რამდენჯერმე უსვამს ხაზს, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებულია შესაძლო დარღვევები. 

ჟურნალისტი საუბრობს იმაზე, რომ ალექსანდრე მითაიშვილმა პანდემიის პირობებში ორ ტონაზე მეტი საწვავი მოიხმარა, რომ ავტომობილების შეკეთებაზე არალოგიკურად დიდი ოდენობის თანხები დაიხარჯა. მეორე მხრივ, აუდიტის დასკვნაში, სადაც საუბარია მოხმარებული საწვავის ოდენობებზე ან/და სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულ ხარჯებზე, არსად არ არის აღნიშნული,  რომ დარღვევას შეიძლება ჰქონოდა ადგილი.

3. სიუჟეტის 1:22 წუთზე ჟურნალისტი აცხადებს, რომ „ალექსანდრე მითაიშვილის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე დაიხარჯა ორტონანახევარი საწვავი“. ტექსტს მოსდევს ავტომობილ Toyota Corolla-ს ფოტო და, შესაბამისად, მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ სწორედ აღნიშნული ავტომობილით სარგებლობისას მოიხმარა ალექსანდრე მითაიშვილმა ამ ოდენობის საწვავი.  

 

აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ Toyota Corolla-ზე დაიხარჯა 159 ლიტრი საწვავი და ეკონომიამ შეადგინა 2321 ლიტრი. საქმის განხილვისას ჟურნალისტმა საბჭოსთან  დააზუსტა, რომ იგი  გულისხმობდა არა მარტო Toyta Corolla-ს, არამედ Toyota Prado-საც, რომელსაც ასევე ალექსანდრე მითაიშვილი იყენებდა და რომელმაც წლის განმავლობაში მოიხმარა 2301 ლიტრი საწვავი.  თუმცა სიუჟეტში ამაზე საერთოდ არ ყოფილა მინიშნება.

თუ ვივარაუდებთ, რომ ჟურნალისტმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა და სიტყვა „ავტომობილების“ ნაცვლად გამოიყენა „ავტომობილი“, მაინც პრობლემურად რჩება როგორც ტექსტით, ისე ვიზუალურად აქცენტის გაკეთება მხოლოდ Toyota Corolla-ზე. ასეთი მანიპულაციით მაყურებელს უჩნდება აღქმა, რომ  სწორედ Toyota Corolla-მ მოიხმარა ასეთი ოდენობით საწვავი.

მნიშვნელოვანია ფაქტების მიჩქმალვის საკითხიც. დასკვნის იმ  ნაწილში, სადაც საუბარია საწვავის მოხმარებაზე [შენიშვნა: ეს მონაცემები დასკვნიდან ასევე ასახული იყო იმ წერილის პროექტში, რომლითაც ჟურნალისტმა იხელმძღვანელა], მითითებულია, რომ არცერთი ავტომობილის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია გადახარჯვას, პირიქით, სახეზე იყო ეკონომია: Corolla – 2321 ლიტრი, Prado – 279 ლიტრი. „მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა დადგინდება, თუ ჟურნალისტი ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია ჟურნალისტურ პროდუქტში მოთხრობილი ამბისთვის, ამ ინფორმაციის დამალვით კი აუდიტორიამ ვერ მიიღო სრული და ზუსტი ინფორმაცია“  განსახილველ შემთხვევაში, როცა აქცენტირებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის მოხმარება და ამავე დროს ჟურნალისტი არ ახსენებს, რომ რეალურად ალექსანდრე მითაიშვილს ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მნიშვნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა.  

4. სიუჟეტში ჟურნალისტი კითხულობს "აუდიტის დასკვნას": „პანდემიის პერიოდში, როდესაც საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით უნივერისტეტმა შეაჩერა არაერთი სამეცნიერო პროექტი და პროგრამა, 2020 წელს უნივერსიტეტმა 59 000 ლარზე მეტი დახარჯა  ავტომანქანების ტექნიკური მომსახურეობისათვის, მათ შორის, მხოლოდ  Toyota Corolla სედანის რემონტისათვის დაიხარჯა 18 207 ლარი, მაშინ როცა ამ მანქანის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 19 500 ლარს. საყურადღებოა განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ნამდვილობა, ჩვენი ინფორმაციით, Toyota Corolla-ს დაზიანებული ჰქონდა ძრავა, თუმცა არცერთ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის საუბარი ძრავის შეცვლა-შეკეთებაზე, ასევე კითხვის ნიშნებს ბადებს, რომ 2021 წელს ავტოტრანსპორტის შეკეთების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კვლავ გაიმარჯვა შპს „პროგრეს ინვესტმა“  ისე, რომ ბსუ-ს მიერ მოხდა 5 კომპანიის დისკვალიფიკაცია, რომელთა მიერ შეთავაზებული მომსახურების ღირებულება ხშირ შემთხვევაში ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე შპს „პროგრეს ინვესტის“ მიერ შემოთავაზება“.  მსგავს ციტატას აუდიტის დასკვნა არ შეიცავს.

 

5. ჟურნალისტი კომენტარისათვის ეწვია ალექსანდრე მითაიშვილს სამუშაო ადგილზე. რესპონდენტი ადგილზე არ დახვდა. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ მითაიშვილი ადგილზე არ არის სამუშაო საათების დროს. შემდეგ ჟურნალისტი უკავშირდება ტელეფონით ალექსანდრე მითაიშვილს, რომელიც პასუხობს, რომ სამუშაო საათები უკვე დასრულებულია, და იმ მომენტში პირადი საკითხების გამო ვერ ახერხებს ჟურნალისტთან შეხვედრას.

 

საქმე მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ (2018 წელი) საბჭომ იმსჯელა იმაზე, თუ როდის არის ვალდებული ჟურნალისტი, დაელოდოს მეორე მხარის პოზიციას. „გაშუქებული საკითხი არ იყო სასწრაფოდ გასავრცელებელი, როცა მისი დროული გაშუქება საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო დალოდებოდა მეორე მხარის პოზიციას, ან უფრო მეტი ძალისხმევა გამოეჩინა მეორე მხარის მოძიება-მოკვლევისათვის და საზოგადოებისათვის დაბალანსებული/გადამოწმებული, ორივე მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაცია მიეწოდებინა“. განსახილველ შემთხვევაში ალექსანდრე მითაიშვილი უარს არ ამბობს ინტერვიუზე, არამედ აცხადებს, რომ იმ დღეს ვერ ახერხებს. აქვე აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრისას ის გამოთქვამს გაკვირვებას, რომ ჟურნალისტის მიერ დასახელებული ფაქტები არ არის აუდიტის დასკვნაში და სთხოვს მას, გააცნოს დოკუმენტი, რომლითაც ჟურნალისტი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ჟურნალისტი, რომელიც  ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებდა მითაიშვილს, ვალდებული იყო, შეეთავაზებინა სხვა დრო ინტერვიუსათვის, რათა პატივი ეცა საზოგადოების უფლებისათვის - მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

 

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.“  ქარტიის საბჭომ ვერ მოისმინა სათანადო და წონადი არგუმენტები, თუ რაში გამოიხატებოდა ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად მოპოვება. განმცხადებლის არგუმენტები ამ პრინციპთან დაკავშირებით შეესაბამებოდა პირველი პრინციპის დარღვევის საფუძვლებს. შესაბამისად, მე-4 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”  დადგენილი ფაქტია, რომ [1] სადავო მედიაპროდუქტით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია; [2] როგორც ჟურნალისტისათვის, ისე ტელეკომპანიისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ [განმცხადებელმა მიმართა ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს]. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა,  არ მოხდა არასწორი  ინფორმაციის შესწორება, შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება“. მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. პირველი პრინციპზე მსჯელობისას საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ იგი მაყურებელს არ აცნობდა აუდიტის დასკვნას, თუმცა მისი შინაარსი მაყურებელს მიაწოდა როგორც აუდიტის დასკვნა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ჟურნალისტი გაცნობიერებულად ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს მე-11 პრინციპის დარღვევას. 


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ჯენი კვანტალიანმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
  2. ჯენი კვანტალიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა

შიდა აუდიტის დასკვნა