დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ქვიარ ასოციაცია „თემიდა";
მოპასუხე : ეკა ჩხეიძე;
11 იანვარი, 2022 წელი
საქმე N – 506
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მაია წიკლაური, სოფიო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქვიარ ასოციაცია „თემიდამ", რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 24 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გასულ გადაცემაში „ყვითელი ყუთი" დაირღვა ქარტიის 1-ელი და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი, ეკა ჩხეიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად. ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, ბექა გაბადაძე, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო გადაცემაში წამყვანს სტუმრად მოწვეული ჰყავდა ტრანსგენდერი ქალი. ერთ ეპიზოდში წამყვანი ამბობს: „შენნაირ ადამიანებზე ცოტა ისეთი დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ეს არის, არ ვიცი, ნაკლები ინფორმაციის თუ რისი შედეგი. ზოგი ამას აღვირახსნილობას ეძახის, ზოგი - გარყვნილებას, ზოგი - რაღაც დაავადებას, მაგრამ მე რაც ახლა წამიკითხავს და ვიცი, ეს არის დარღვევა, რაც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ემბრიონს გადაეცემა. ფეხმძიმე ქალს თუ სტრესი აქვს ფეხმძიმობის დროს, ეს, რა თქმა უნდა, ბავშვზე მოქმედებს, არაჯანსაღი ცხოვრების წესიც კი და ყველაფერი შეიძლება ნაყოფზე მოქმედებს და ეს იწვევს ჰორმონალურ დარღვევას. მერე შედეგად ხდება ის, რაც შენს შემთხვევაში მოხდა, მაგალითად, დაიბადე ბიჭი, დაბადების მოწმობაში უწერია მამრობითი, მაგრამ მთელი მისი შინაგანი სამყარო არის ქალი. ანუ მთელი შენი ფსიქიკით შენ ხარ ქალი, ოღონდ იყავი კაცის სხეულში". სწორედ ამ ფრაზას აფასებდა განმცხადებელი პირველი პრინციპის დარღვევად და მიუთითებდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ტრანსგენდერ პირად ყოფნა არ არის „დარღვევა" ან „ავადმყოფობა". ამ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება კი, განმცხადებლის თქმით, ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათ მშობლებს აზიანებს.
ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა ყველა თემაზე მუშაობისას დაიცვას სიზუსტის პრინციპი და აუდიტორიას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია, ასევე განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოეკიდოს იმ თემებს, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს უკავშირდება. არცერთი ოფიციალური და სანდო მეცნიერული კვლევა/წყარო არ ადასტურებს, რომ ტრანსგენდერობა „ჰორმონალურ დარღვევასთან" არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მეშვიდე პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით, განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა წამყვანის შემდეგ რეპლიკებზე:
● „ამის მოსმენა უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ უცხოეთში, პირიქით ხელშეწყობა აქვთ ისეთ ბავშვებს. მშობლები როცა ხვდებიან, რომ აქვთ რაღაცა დარღვევა, პირიქით ცდილობენ, რომ მან ჰარმონიულად იცხოვროს";
● „რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა მიხვდება, რომ შვილს ასეთი დარღვევა აქვს";
● „[სექსუალური ძალადობის] გახსენება დღემდე, რაც მოხდა შვიდი წლის ასაკში. ამან ხომ არ განაპირობა რაღაცები შენს შემდგომ ასეთ იმაში?"
● „-არანაირად მე თავიდანვე ასეთი ვიყავი"; - ხო მაგრამ ამან ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. ზოგადად მამა ასეთი აგრესორი, აქ ესეთი ძალადობა მოხდა საშინელი, ნუ მაინც კაცი შეგზიზღდა ზოგადად არა?”;
● „მიგაჩნიათ თუ არა, რომ დედათქვენის ინფარქტი თქვენი ცხოვრების წესმა გამოიწვია?"; „შენი შვილისთვის ისურვებდი აი ესეთი ტრანსგენდერი ყოფილიყო, გეი ყოფილიყო?".
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემაში არაეთიკური მსჯელობა მიმდინარეობდა სექს სამუშაოსთან დაკავშირებით და ტრანსგენდერი ადამიანები წარმოჩინდნენ, როგორც კრიმინალები. საბოლოოდ კი ტრანსფობიური გამონათქვამები ახდენდა ტრანსგენდერი ადამიანების ეგზოტიზაციასა და მარგინალიზაციას.
ქარტიის საბჭო ეთანხმება განმცხადებელს და მიიჩნევს, რომ მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია ტრანსგენდერი ადამიანების ეგზოტიკურ პირებად წარმოჩენა, რაც გადაცემაში ვიზუალური ეფექტების/კადრების გამოყენებასა და წამყვანის რეპლიკებში ჩანდა. წამყვანი ხშირად იმეორებდა, რომ ტრანსგენდერობა არის „დარღვევა", რამაც ხელი შეუწყო სექსუალური უმცირესობების განსხვავებულ და უჩვეულო პირებად წარმოჩენას. ასევე, წამყვანმა რესპონდენტის დედის ინფარქტი ტრანსგენდერი პირის სექსუალურ ორიენტაციას და ცხოვრების წესს დაუკავშირა, რითაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჯგუფის მარგინალიზებას.
ჟურნალისტი არა თუ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციის, სტიგმის და სიძულვილის ენის წყარო, არამედ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. გადაწყვეტილებაში საქმეზე “ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ” საბჭომ აღნიშნა რომ „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში თავად ჟურნალისტი და მისი რეპლიკები იწვევს ტრანსგენდერი ადამიანების მარგინალიზაციას და სტიგმის გაძლიერებას, რითაც ირღვევა ქარტიის მე-7 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ეკა ჩხეიძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი.