21 იანვარი, 2022 წელი
საქმე N – 529
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოქალაქე სოფიო ბასილაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემაში „მთავარი აქცენტები” დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი, სოფიო ბასილაშვილი და ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი.
საბჭო განმარტავს, რომ მართალია თეა ადეიშვილი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ იგი გადაცემაში, სადაც ითქვა სადავო ფრაზა, მონაწილეობდა სტუმრის სტატუსით. მაშინ, როდესაც სადავოა მე-7 პრინციპის სავარაუდო დარღვევა სტუმრის ფრაზის საფუძველზე, პასუხისმგებლობა ეკისრება არა სტუმარს [მიუხედევად მისი პროფესიისა], არამედ ჟურნალისტს, ამ შემთხვევაში - ნიკა გვარამიას, რომელსაც მიწვეული ჰყავდა თეა ადეიშვილი. შესაბამისად, საბჭომ ეს საკითხი შეაფასა საქმის განხილვის დახურულ ნაწილში და მოპასუხედ განსაზღვრა ნიკა გვარიამია.
ქარტიის პრაქტიკის თანახმად, როცა დგინდება, რომ სტუმრის ფრაზები დისკრიმინაციულია, მხოლოდ შემდეგ ფასდება ჟურნალისტის ქცევა, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ფრაზაზე ჟურნალისტმა [ნიკა გვარამიამ]. ანუ წინაპირობაა, რომ ჯერ სტუმრის [თეა ადეიშვილის] სიტყვები შეფასდეს მე-7 პრინციპის ჭრილში და შემდეგ იმსჯელოს საბჭომ ჟურნალისტის ქცევაზე.
საბჭომ მიაწოდა განცხადება თეა ადეიშვილს. მან გამოთქვა სურვილი, თავად ეპასუხაა განმცხადებლისა და ქარტიის საბჭოს კითხვებზე, იყო თუ არა დისკრიმინაციული მისი გამონათქვამები. გამომდინარე იქიდან რომ: 1) თეა ადეიშვილი (გადაცემის სტუმარი) და ნიკა გვარამია (წამყვანი) წარმოადგენდნენ ერთსა და იმავე მედიასაშუალებას [ტელეკომპანია „მთავარი“] და 2) საბჭოს სწორედ თეა ადეიშვილის ფრაზები უნდა შეეფასებინა, საბჭომ აღარ ჩათვალა საჭიროდ დამატებით ნიკა გვარამიას პოზიციის მოსმენა გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
გადაცემის ერთი ნაწილი შეეხო რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას, რომელშიც ძირითადად ქუთაისიდან ჩამოსული პირები მონაწილეობდნენ. სადავო იყო თეა ადეიშვილის ფრაზა: „მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში და არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელი ორი ქუთაისის ფენომენს. მიშა, ძაან დიდი ბოდიში, რაც დღეს მოისმინეთ ციხის კედლებიდან. მაგრამ თქვენ, ალბათ, იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი და თქვენ იცით, რომ იმ ადამიანებს, ვინც ციხის კედელს მიღმა იდგა, ჰქონდათ ნამდვილი მიზეზი, მოვარდნილიყვნენ თქვენთან, დაეორგანიზებინათ ის ხელისუფლებას და ეძახებინათ ის, რაც გეძახეს. იმიტომ, რომ თქვენ ასეთი ადამიანები გააქრეთ ამ ქვეყნიდან, ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან. ასეთი ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები ამ ხელისუფლებისთვის არის ჩემი ქალაქის სახე და ნამდვილი სახე ქუთაისისა დღეს აჩვენა ხატია დეკანოიძემ თავისი ვიცე-მერების წარდგენით და იმ საზოგადოებით, რომელიც იყო იქ შეკრებილი".
განმცხადებელს სწორედ ამ შეფასებების [„ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები”] გამოყენებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია. იგი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ახალისებდა დისკრიმინაციას, იყენებდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, რაც საფრთხეს უქმნიდა მედიის ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და მაღალი პროფესიული სტანდარტებით განვითარებას.
თავის მხრივ, თეა ადეიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ გამოუყენებია დისკრიმინაციული ლექსიკა და ეს ნაწილი კონტექსტიდან ამოჭრილი იყო, სრულ გადაცემაში კი ჩანდა მისი პოზიცია, რომ იგი დისკრიმინაციულ ლექსიკას არ იყენებს.
დადგენილი ფაქტია, რომ აქციაში მონაწილე პირები [ძირითადად ქუთაისის მცხოვრებლები] თეა ადეიშვილმა მოიხსენია, როგორც „ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები”. სრულად შესაძლებელია, რომ ეს ფრაზა მის ადრესატებს აღექვათ, როგორც შეურაცხმყოფელი. საბჭოს მოსაზრებითაც, ეს შეფასებები ატარებს ნეგატიურ კონოტაციას. თუმცა იმისთვის, რომ დადგინდეს დისკრიმინაცია, მხოლოდ ნეგატიური ფრაზების არსებობა საკმარისი არ არის. ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული ან სიძულვილის ენის მატარებელი. საქმეში - თორნიკე კაკალაშვილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, საბჭომ ერთმანეთისაგან გამიჯნა დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია. საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთია, რომ მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო დაინტერესდა განმცხადებლის აზრით, რა ნიშნით მოხდა დისკრიმინაცია ან სიძულვილის ენის გამოყენება. სხდომის მიმდინარეობისას, თავად განმცხადებელმა გამორიცხა, რომ ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი ადგილის [ქუთაისი] ნიშნით გამორჩევას, ვინაიდან თავად თეა ადეიშვილიც ქუთაისელია, ამასთან, სადავო ფრაზასთან ერთად თეა ადეიშვილი ამბობს, რომ ქუთაისელი ავტომატურად არ ნიშნავს იმ პირებს, რომლებიც მან მოიხსენია როგორც „ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი“ და ეს შეფასება მხოლოდ აქციის მონაწილეებს მიემართებოდა.
საბოლოოდ განმცხადებელმა დააკონკრეტა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას/სიძულვილის ენას. საბჭომ სხდომის დახურული ნაწილის დროს მოიძია სხვადასხვა კომენტარი ზემოაღნიშნული აქციის შესახებ და დაადგინა, რომ როგორც აქციის მონაწილეები, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უარყოფდა, რომ ეს აქცია, ან/და მისი მონაწილეები ასოცირებული იყვნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან ძალასთან. როდესაც თავად სავარაუდო დისკრიმინაციის ან სიძულვილის ენის ობიექტი გამორიცხავს იმ ნიშანს [პოლიტიკური], რომელზეც განმცხადებელი დავობდა, საბჭოს არ რჩება არგუმენტაცია, რომ მადისკრედიტებელი ფრაზები დააკავშიროს პოლიტიკურ ნიშანთან და დაადგინოს დისკრიმინაცია ან სიძულვილის ენა. თეა ადეიშვილის ფრაზა საბჭომ არ შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული/სიძულვილის ენა, შესაბამისად, ჟურნალისტ ნიკა გვარამიასაც ვერ დაეკისრებოდა რეაგირება ამ გამონათქვამზე.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ნიკა გვარამიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.