გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - სალომე კვირიკაშვილი მარიამ ქრისტესიაშვილი კესო ქარდავა იაგო შაკაია დავით კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილის წინააღმდეგ
03.02.2022

განმცხადებელი : სალომე კვირიკაშვილი მარიამ ქრისტესიაშვილი კესო ქარდავა იაგო შაკაია;
მოპასუხე : დავით კაკულია ირაკლი იმნაიშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

24 ივნისი  2021 წელი

საქმე N – 444

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ირმა ზოიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს სალომე კვირიკაშვილმა, მარიამ ქრისტესიაშვილმა, კესო ქარდავამ და იაგო შაკაიამ. განცხადების თანახმად, ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, 2020 წლის 19 ნოემბერს გასულ გადაცემაში „ღამის კურიერი“. მოპასუხედ განისაზღვრა გადაცემის წამყვანები დავით კაკულია და ირაკლი იმნაიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები და ტელეკომპანიის წარმომადგენელი.  


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. 

სადავო იყო ჟურნალისტების ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი კობახიძესთან. ერთ ეპიზოდში ჟურნალისტებს და რესპონდენტს შორის საუბარი შეეხო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ანგარიშზე საუბრისას, ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება მასში მოყვანილ შეფასებებს და აღნიშნავს: „ჩვენ ხომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ოჯახში, როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება ჩვენ მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს, მაგალითად“. ამას მოჰყვა წამყვანის კითხვა, თუ რას გულისხმობდა რესპონდენტის შედარება „მეზობლის“ შესახებ, რაზეც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო შემდეგი: „მთავარი ხომ არის - ფაქტი. მთავარი ხომ ის არის, ქმარმა ცოლი სცემა თუ არ სცემა.“ 

სწორედ ამ მონაკვეთს მიიჩნევდა დისკრიმინაციულად განმცხადებელი და აღნიშნავდა, რომ დისკრიმინაციულ გამონათქვამზე სათანადო რეაქცია არ ჰქონდა ჟურნალისტებს და ამით ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციის ტირაჟირებას რესპონდენტის მხრიდან.

ქარტიის საბჭო ეთანხმება განმცხადებელს, რომ „ძალადობის ფაქტის შედარება პოლიტიკურ მოვლენებთან წარმოადგენს არაეთიკურ ტონს საჯარო პირის მხრიდან“, მაგრამ მიიჩნევს, რომ სახეზე არ იყო დისკრიმინაცია ან/და სტიგმის გაძლიერება. ირაკლი კობახიძეს მხარი არ დაუჭერია ოჯახური ძალადობისათვის, არამედ აღნიშნა რომ ოჯახური ძალადობის ფაქტი არსებობს იმის და მიუხედავად თუ რას იტყვის მეზობელი, და ამით პარალელი გაავლო იმასთან, რომ არჩევნები შეიძლება სამართლიანად ჩატარებულად ჩაითვალოს, იმის და მიუხედავად თუ რას ამბობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. დავით კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილის არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

განსხვავებული აზრი:  საბჭოს 5 წევრის პოზიციას, არ დაეთანხმა საბჭოს წევრი ირმა ზოიძე, რომელმაც სრულად გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტაცია, რომ „აღნიშნული განცხადებით კნინდება მსხვერპლის მიმართ არსებული ნდობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სავარაუდო მსხვერპლი შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე, სარგებლობს „მსხვერპლის“ უფლებებით. „ენდე მსხვერპლს“ პრინციპის გაუთვალისწინებლობა საზოგადოებაში უფრო გაამყარებს ოჯახში ძალადობის ლატენტურობას. ასეთი შინაარსის მესიჯი, რომელიც მიმართულია საზოგადოებისადმი, სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც მთელი რიგი თანამდებობები უკავია ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე (ირაკლი კობახიძე გახლავთ პარლამენტის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი), ამყარებს და უფრო დამაჯერებელსაც ხდის არსებულ სტიგმას“. შესაბამისად მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის პოზიცია იყო დისკრიმინაციული და სტიგმის შემცველი, ხოლო ვინაიდან თავის მხრივ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ სათანადო რეაგირება, ამით მათ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

 

განცხადება

სადავო მასალა