2 დეკემბერი 2021 წელი
საქმე N – 505
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე,
სოფო ჟღენტი, გულო კოხოძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე, 2021 წლის 18 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ეკა ლორთქიფანიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სტატიის შემდეგ ნაწილს: „ღოღობერიძის სახელი ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებს უკავშირდება. 2018 წლის იანვარში ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2017 წლის 11-12 მარტის მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეში“. კერძოდ, განმცხადებელი უთითებდა რომ ის დამნაშავედ არ იყო ცნობილი „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“ და რომ ასეთი მუხლი საერთოდ არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში.
წინამდებარე საქმეში საბჭოს ამოცანა იყო შეეფასებინა, რამდენად შეეძლო ჟურნალისტს ეთქვა რომ მერაბ ღოღობერიძე დამნაშავე იყო „მასობრივი არეულობის“ ორგანიზებაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებია, რომ:
1. 2018 წლის 10 იანვარის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით [რომელიც ძალაში დარჩა შემდეგი ინსტანციის სასამართლოების მიერაც], მერაბ ღოღობერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. დანაშაული ეხებოდა ქალაქ ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებში მერაბ ღოღობერიძის მონაწილეობას.
3. თავის მხრივ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს შემდეგს: „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა“.
4. ზემოაღნიშნულიდან ცალსახაა რომ 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენების ორგანიზებაში, კერძოდ ისეთ ქმედებებში როგორიც არის „უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია“ დამნაშავედ იყო ცნობილი მერაბ ღოღობერიძე.
ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, როცა საუბარია მერაბ ღოღობერიძის დანაშაულზე, ნათქვამია რომ: „სასამართლოს მოსააზრებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა დროის სხვადასხვა ინტერვალში ჩაიდინეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც ტრანსპორტის და დაწესებულების მუშაობის შეფერხება გამოიწვია“ თავად განჩინებაში ნახსენებია სიტყვა „არეულობაც“ „მომიტინგეები ემორჩილებოდნენ და მხარს უჭერდნენ მერაბ ღოღობერიძე. მისი მოწოდების შემდეგ ცოტა ხანში, დაახლოებით 24 საათზე იქ შეკრებილებმა დაიწყეს დარბევა, ქვების სროლა, ავტომანქანების დაწვა. არეულობა რამოდენიმე საათი გრძელდებოდა, შედეგად დაზიანდა ტროტუარები, ავტომანქანები, შუქნიშნები, ღობე და ყველაფერი რისი დაზიანებაც იყო შესაძლებელი“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ფრაზა „2018 წლის იანვარში ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2017 წლის 11-12 მარტის მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეში“ არ წარმოადგენდა არასწორ ინფორმაციას, ვინაიდან სახეზე იყო ის გარამოება, რომ სწორედ მერაბ ღოღობერიძის ორგანიზებით განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია „დარბევა, ქვების სროლა, ავტომანქანების დაწვა. არეულობა რამოდენიმე საათი გრძელდებოდა, შედეგად დაზიანდა ტროტუარები, ავტომანქანები, შუქნიშნები, ღობე და ყველაფერი რისი დაზიანებაც იყო შესაძლებელი“. რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც „არეულობა“.
ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. ქარტიის საბჭო მე-3 პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს, ვინაიდან სახეზეა სხვადასხვა წყარო: სასამართლოს განჩინება, ფაქტი რომ მართლაც ჰქონდა არეულობას ადგილი 2017 წლის 11-12 მარტს.
ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ ვინაიდან დადგინდა, რომ ადგილი არ ჰქონია არასწორი/გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისად გამოირიცხა მე-5 პრინციპის დარღვევა [შესწორების ვალდებულება].
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ეკა ლორთქიფანიძეს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 პრინციპი.