გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მინდია დავითაძე POSTV-ს არაიდინტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
08.02.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : მინდია დავითაძე;
მოპასუხე : POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

27 ნოემბერი  2021 წელი

საქმე N – 510

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მინდია დავითაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, POSTV ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი. სადავო სიუჟეტით ვერ მოხდა კონკრეტული მოპასუხე ჟურნალისტის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ტელევიზიამ პოზიცია წერილობით წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარის, მინდია დავითაძის საქპატენტში ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს, წარმოდგენილი იყო ცალმხრივად და ლახავდა მინდია დავითაძის რეპუტაციას.  განცხადებაში მითითებული იყო რამდენიმე ფაქტი, რომელიც, განმცხადებლის პოზიციით, არ იყო ზუსტი ინფორმაცია, მაგალითად:

  1. „რესპონდენტ, ირაკლი კასრაძის მიერ მინდია დავითაძე მოხსენიებულია როგორც „სრულიად გაუგებარი პიროვნება“, და აცხადებს, რომ მისი დანიშვნა საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მოხდა პოლიტიკური ნიშნით, ასევე უარყოფით კონტექსტში იხსენიებს მის კომპეტენციას, არამარტო ინტელექტუალური საკუთრების სფეროში“.
  2. „ირაკლი კასრაძე მინდია დავითაძეს ბიუჯეტის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, პანდემიის დროს, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს ებრძოდა, დავითაძეს სხვადასხვა დროს შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, 400 000 ლარზე მეტი ლარი დაუჯდა“. აღნიშნულის განსამტკიცებლად დართულია საქპატენტის შენობის მისაღების ფოტოები რემონტამდე და რემონტის შემდეგ. ამასთან ერთვის სატენდერო დოკუმენტაცია, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ უშუალოდ შენობის მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მითითებულია 273,622,90 ლარი.  სიუჟეტზე დართული სატენდერო დოკუმენტაციიდანაც კი იკვეთება ფაქტების არასწორი ინტერპრეტირება“ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ასევე ნათლად გამოჩნდებოდა სარემონტო სამუშაოებზე  გაწეული თანხების განკარგვის კანონიერება. რაც არ მომხდარა, სიუჟეტი დაეყრდნო მხოლოდ მიკერძოებული პირების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას და არ მოხდა მისი გადამოწმება კომპეტენტურ პირებთან. რაც ასევე პირადაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სიუჟეტი მიზნად არ ისახავდა საზოგადოებითვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას“.
  3. „სიუჟეტის 04:15 წუთზე, ნაჩვენებია მინდია დავითაძის ე.წ. „ნეპოტისტური კლანის“ სქემა, სადაც მტკიცებით ფორმატშია აღნიშნული, რომ  „მინდია დავითაძის მიერ საქპატენტში ნეპოტისტური ნიშნით დაინიშნენ - ალექსანდრე მებონია, მამუკა ვაშაძე, ლევან ქაჯაია, ივანე ჯოხაძე, ნინო ნაცვლიშვილი, თამარ კაპანაძე, ნინო მღებრიშვილი, თამარ მჭედლიძე, ნანა პაპავა, გვანცა პაპავაძე. ასევე სიუჟეტს ერთვის ზოგიერთი მათგანის ფოტოსურათები. სიუჟეტში სადაც ასევე მტკიცებით ფორმატში აღნიშნულია, რომ „ზემოთჩამოთვლილი ადამიანები ამ თანამდებობაზე მხოლოდ ნათია მეზვრიშვილსა და მინდია დავითაძის მეგობრობის წყალობით მოხვდნენ, ხოლო ისინი ვინც მათი კეთილგანწყობა ვერ მოიპოვეს თანამდებობიდან განთავისუფლდნენ“.
  4. „აღსანიშნავია, რომ საქპატენტში ზემოაღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებითაც ასევე არ მომხდარა საკითხის დამატებითი შესწავლა და მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ნეიტრალურ პირებთან. საკითხის დამატებითი შესწავლისას და დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ნათლად გამოჩნდებოდა“ 

სხვა ფაქტების შესახებ, რომელსაც ასევე არასწორად მიიჩნევდა განმცხადებელი, მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართულ განცხადებაში.

საბოლოოდ, განმცხადებლის პრეტენზიები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით განზრახ არის დამახინჯებული ფაქტები, არასწორადაა ინტერპრეტირებული მოპოვებული ინფორმაცია, საქპატენტის თანამშრომლის, ირაკლი კასრაძის მოსაზრებები გადმოტანილია გადამოწმების გარეშე მტკიცებით ფორმატში, შესაბამისად, ადგილი აქვს ფაქტების არაზუსტ და არასამართლიან გაშუქებას, და რიგ შემთხვევებში მკაფიოდ არაა გამიჯნული  ფაქტები და აზრები და არ ხდება აზრის ავტორის სათანადო იდენტიფიცირება. ჟურნალისტის მხრიდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმების მცდელობაც კი. არ არის დაცული ბალანსი, არ არის მოპოვებული ბრალდებებთან დაკავშირებით მეორე მხარის კომენტარი, ასევე ადგილი არ ჰქონია აღნიშნული კომენტარის მიღების მცდელობას, არ მომხდარა აუდიტორიის უფლების გათვალისწინება, მიიღოს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიციის შესახებ ინფორმაცია, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება, აღნიშნულის საპირისპიროდ, თავად ჟურნალისტის მიერ ხდება დასკვნის გამოტანა. არ არის გათვალისწინებული ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და არ არის მიღებული ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად. არ არის გათვალისწინებული მინდია დავითაძის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით, სიუჟეტი ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს და არ არის ინფორმაცია მოძიებული სხვა, ნეიტრალური წყაროებიდან“.

წარმოდგენილ შეპასუხებაში მედიასაშუალება აღნიშნავდა, რომ „საჩივრის ავტორს წარმოდგენილი აქვს ზოგადი განცხადება და დეტალურად არ აქვს განხილული, მისი აზრით, კონკრეტულად რა დროს დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. დეტალური საჩივრის წარმოდგენა მოგვცემდა საშუალებას დამატებით დაგვეფიქსირებინა, თუ რა კონტექსტში აფასებს არასწორად საჩივრის ავტორი“. „სიუჟეტში მოყვანილი ინტერვიუები არ წარმოადგენენ ერთ მხარეს. თითოეულ მათგანს დასაბუთებულად აქვთ გაჟღერებული ის გარემოებები რაზეც განხორციელდა მათ მიერ ინტერვიუს მიცემა [თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევა]. ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით მინდია დავითაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სიუჟეტში რესპონდენტები წარმოადგენენ ერთ მხარეს“. „სიუჟეტში დაფიქსირებული იყო მინდია დავითაძის პოზიცია მის განთავისუფლებასთან დაკავშირებით [ციტირება განხორციელდა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაფიქსირებული სტატუსიდან]. ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ რეალურად სიუჟეტში ხორციელდებოდა სხვადასხვა პირის მიერ ფაქტების აღნიშვნა და ყოფილ თავმჯდომარეზე მოსაზრების გამოთქმა [აზრის დაფიქსირება]. შეპასუხებაში ასევე უარყოფილი იყო განცხადების არგუმენტები სხვადასხვა ფაქტის უზუსტობის შესახებ.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის საბჭოს განმარტებების თანახმად, პირველი პრინციპის დარღვევის დასადასტურებლად აუცილებელი არ არის გავრცელებული ინფორმაციის სისწორის დადგენა, ჟურნალისტურ პროდუქტი უნდა შეფასდეს აუდიტორიის პოზიციიდან და უნდა დადგინდეს რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. უნდა შეფასდეს ის ძალისხმევა, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად. მნიშვნელოვანია ჩანდეს, ჟურნალისტმა სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება. 

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.  ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

განსახილველ სიუჟეტში არის ბრალდებების ნუსხა მინდია დავითაძის მიმართ და არ ჩანს მინდია დავითაძის შეპასუხება, კომენტარი, პოზიცია. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობაც, რომ მინდია დავითაძეს დაკავშირებოდა. მოპასუხის განმარტება, რომ „სიუჟეტში დაფიქსირებული იყო მინდია დავითაძის პოზიცია მის განთავისუფლებასთან დაკავშირებით [ციტირება განხორციელდა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაფიქსირებული სტატუსიდან]“  ვერ ჩაითვლება ბალანსად, და ჟურნალისტის მცდელობად. ეს სტატუსი არ იყო დაკავშირებული სიუჟეტთან, პირდაპირ არ პასუხობდა სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს. ლოგიკური და ეთიკურად აუცილებელია, რომ მასალის მომზადებისას, ჟურნალისტმა ერთი წყაროსაგან მოპოვებული ინფორმაცია გადაამოწმოს მეორე მხარესთან, მოიპოვოს კომენტარი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის ავტორისათვის არ არის ცნობილი ყველა იმ ბრალდების შესახებ, რომელიც მოგვიანებით სიუჟეტით გამოითქმება. შესაბამისად, სტატუსის მიზანი არ არის ამ ბრალდებებზე პასუხი და საბჭო მას ვერ მიიჩნევს ინფორმაციის გადამოწმებად.

შესაბამისად, ქარტიის საბჭო თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპი ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

განმცხადებელი მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა შემდეგი არგუმენტაციით: „მოცემულ შემთხვევაში, ირაკლის კასრაძის მიერ მინდია დავითაძის მისამართით გაჟღერებული „სრულიად გაუგებარი პიროვნება“, ასევე გიორგი თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული „გახარია-მეზვრიშვილის ხელის ბიჭი“ სხვა არაფერია თუ არა სიძულვილის ენა, აღნიშნული ასევე მიზნად ისახავდა მინდია დავითაძის რეპუტაციის შელახვას. „სიუჟეტში ასევე ხდება „მინდია დავითაძის ნეპოტისტურ კლანში“ შეყვანილი პირების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმის გაძლიერება“. საბჭო აღნიშნავს, რომ შეურაცხმყოფელი ან მადისკრიდიტებელი შეფასებები სიძულვილის ენად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეიცავს კონკრეტულ ნიშანს და დაკავშირებულია ამ ნიშნის მახასიათებელ პირთა ჯგუფთან. განსახილველ შემთხვევაში საბჭომ ვერ გამოკვეთა ნიშანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სიძულვილის ენის განმსაზღვრელი. ასევე ვერ დაეთანხმება განმცხადებელს, რომ „სიუჟეტში ხდება „მინდია დავითაძის ნეპოტისტურ კლანში“ შეყვანილი პირების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმის გაძლიერება“. სტიგმა, თავისი არსით, ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეული ჯგუფის მიმართ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული არასწორი შეფასებები და წარმოდგენებია. საბჭო არ მიიჩნევს „მინდია დავითაძის ნეპოტისტურ კლანს“ როგორც პირთა ჯგუფს, რომელთა მიმართაც ისტორიულად ჩამოყალიბდა არასწორი შეფასებები და წარმოდგენები.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

 

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება