გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქეთევან ბაკარაძე ეკო მაღრაძის, ვასილ დაბრუნდაშვილის და ინა ცარციძის წინააღმდეგ
08.02.2022

განმცხადებელი : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქეთევან ბაკარაძე;
მოპასუხე : ეკო მაღრაძე ვასილ დაბრუნდაშვილი ინა ცარციძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

17  სექტემბერი  2021 წელი

საქმე N – 487, 488

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, სოფიო ჟღენტი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N487, N488] მომართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ქეთევან ბაკარაძემ. ორივე განცხადება ეხებოდა ერთი და იმავე ჟურნალისტურ პროდუქტს - 2021 წლის 21 აპრილს,  გადაცემაში ,,პირველების ცენტრალური გამოშვება ეკო მაღრაძესთან და ვასილ დაბრუნდაშვილთან ერთად“ გასულ სიუჟეტს, ავტორი - ინა ცარციძე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე განცხადებასთან დაკავშირებით საბჭომ მიიღო ერთი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სადავო პრინციპები -  1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, ამასთან, ინა ცირცაძემ  თავისი პოზიცია საბჭოს სამდივნოს სოციალური ქსელით კომუნიკაციისას მიაწოდა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განსახილველი სიუჟეტი ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით, პერიოდი 2018 – 2019 წელი.

სიუჟეტის საფუძველზე როგორც წამყვანები, ისე ჟურნალისტი ავრცელებდნენ შემდეგ ინფორმაციას:

1.      აფხაზეთის მთავრობის წევრებს  [იგულისხმებოდა ქეთევან ბაკარაძეც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი] შესაძლოა, ციხეში წასვლა გაფლანგული ფულის გამო მოუწიოთ.

2.      ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისა და დევნილებისთვის გამოყოფილი ასი ათასობით ლარი ადრესატამდე არ მიდიოდა.

3.      სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ გაუჩინარებულია ჯანდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი სახსრები.

4.      ბენეფიციარებს კბილების პროთეზი დაუმზადეს, თუმცა მათთან გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ პროთეზი არ მიუღიათ და სტომატოლოგთანაც არ ყოფილან.

5.      დასკვნა გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა და მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

6.      არ არის გამორიცხული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და სასჯელიც შეეფარდოთ.

7.      „ფულს ჩინოვნიკები ყველაზე გაჭირვებული ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე აკეთებენ“

ქარტიის საბჭო გაეცნო სიუჟეტს, აუდიტის დასკვნას და მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

მართალია აუდიტის დასკვნაში მითითებულია ხარვეზებზე, მათ შორის ის, რომ: ბიუჯეტში პროგრამების მიმართულებების არასათანადო ასახვა; სტომატოლოგიური პროთეზირების შესყიდვის ხარვეზები; ბენეფიციართა გადამოწმებით გამოვლინდა, რომ არსებობენ ბენეფიციარები, რომლებზეც დოკუმენტურად ფიქსირდება მომსახურების გაწევა და გადახდილია საბიუჯეტო თანხები, ხოლო მათ არ ჰქონდათ მიღებული დაფინანსებული პროთეზები; დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად, არაეფექტიანად ხარჯვისა და ბენეფიციარებისათვის არასათანადო მომსახურების ფაქტები, მაგრამ ჟურნალისტის არ ჰქონდა იმის თქმის საფუძველი, რომ  [1] ეს ქმედებები იყო ბრალეული, რომელიც გამოიწვევდა კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, [2] მტკიცებით ფორმაში მიეთითებინა, რომ თანხები თანამდებობის პირებმა მიითვისეს - „ფულს ჩინოვნიკები ყველაზე გაჭირვებული ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე აკეთებენ“.

ასევე არ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება აუდიტის დასკვნის საფუძველზე. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, ჯერ კიდევ 2019 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თავად მიმართა პროკურატურას ტენდერში გამარჯვებული პირის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოძიება სწორედ მინისტრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

საბჭომ ცალკე იმსჯელა ჟურნალისტის ძალისხმევაზე, რამდენად სცადა მან მეორე მხარის, ანუ ბრალდებების ადრესატის კომენტარის მოპოვება აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით.

სიუჟეტის თანხმად, ჟურნალისტი მიდის სამინისტროში და ითხოვს ქეთევან ბაკარაძესთან შეხვედრას. სიუჟეტშივე ჩანს, რომ სამინისტროს თანამშრომელმა ჟურნალისტს განუმარტა, რომ მინისტრი უკვე არ იმყოფებოდა სამინისტროში, და თუ სურდათ მასთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა, ეს წინასწარ უნდა შეეთანხმებინათ. მეორეს მხრივ, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ სხვა გზით ეცადა რესპონდენტთან დაკავშირება, და მხოლოდ ამ ერთი მცდელობის საფუძველზე მაყურებელს რამდენჯერმე აწვდის ინფორმაციას, რომ მინისტრი ბაკარაძე მას „დაემალა“ .

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჟურნალისტს სათანადო ძალისხმევა არ გაუწევია ინფორმაციის გადასამოწმებლად, შესაბამისად ესეც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. ფაქტია, რომ ძირითადი წყარო - აუდიტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც მომზადდა სიუჟეტი, არსებობდა. რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტმა შესაძლო შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა ან/და არ გადაამოწმა ინფორმაცია სათანადო წესით, ეს იწვევს ქარტიის 1-ლი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადასტურებულად ცნობილია, რომ განმცხადებელმა ტელეკომპანიას მიმართა წერილობით და აცნობა, რომ ტელეკომპანიამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რასაც მედიასაშუალების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, დაირღვა მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება“.  მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევის დადგენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახეზე იყო განზრახვა. მე-11 პრინციპის დარღვევისთვის საჭიროა დადგინდეს მოტივი, ან კამპანიური ხასიათი, ან ის, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია, მაგრამ მაინც ავრცელებდა არაზუსტ ფაქტებს. ამასთან, პრინციპის სიმძიმიდან გამომდინარე ეს უნდა დადგინდეს მყარი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ არის.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ეკო მაღრაძემ, ვასილ დაბრუნდაშვილმა და ინა ცარციძემ დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
  2. ეკო მაღრაძეს, ვასილ დაბრუნდაშვილს და ინა ცარციძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპები.

განცხადება

სადავო მასალა