განმცხადებელი : ლევან დოსმიშვილი;
მოპასუხე : ნოდარ მელაძე მარიამ გაფრიდაშვილი;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
27 ივლისი, 2021 წელი
საქმე N – 448
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ნინა ხელაძე, გულო
კოხოძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლევან დოსმიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 21 ნოემბერს, ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი”, გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი ნოდარ მელაძე და სიუჟეტის ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება
წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალა თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. სიუჟეტის თანახმად, „სტიქაროსნის სასტიკად ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა ახალგაზრდა გიდი". ჟურნალისტი მიუთითებს, რომ ეს „ბოლო დროის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი" მკვლელობაა.
სიუჟეტის ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს:
● „ახალგაზრდა მამაკაცი სტიქაროსანმა ჯერ სცემა, შემდეგ ყელი გამოჭრა, ბოლოს კი ცოცხლად დაწვა სცადა“.
● „ფოტოსურათებით დგინდება, რომ სტიქაროსანმა კვალის დაფარვის მიზნით ახალგაზრდა გიდს ბენზინი ზურგზე გადაასხა და ცეცხლი ჯერ კიდევ მაშინ მოუკიდა, როცა სისხლისგან იცლებოდა და შველას ითხოვდა“.
● „შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ირკვევა, რომ დაკავებულის პირდაპირი განზრახვა, სავარაუდოდ, ცხედრის განადგურება იყო, რადგან ბენზინი მან პირდაპირ დაჭრილს დაასხა და შემთხვევის ადგილი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა“.
სწორედ ამ ფრაზებს აფასებდა განმცხადებელი პირველი პრინციპის დარღვევად და მიუთითებდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ განცხადების შემოტანის დღესაც [28.11.2020] არც გამოძიებისთვის და არც დაცვის მხარისთვის არ იყო ცნობილი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნებით, ოთახში კონკრეტულად სად იყო ხანძრის ძირითადი წყარო. ამის დამადასტურებლად, განმცხადებელმა წარმოადგინა 2021 წლის 29 აპრილით დათარიღებული წერილი პროკურატურიდან, რომელიც მიუთითებს, რომ „2020 წლის 14 ნოემბერს მიხეილ მელიქიშვილის გვამზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის".
საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს მხრიდან გამოტანილი იყო დასკვნა, რომ დაკავებულს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „ცოცხლად დაწვა", რასაც, მისი თქმით, ჟურნალისტი ამბობდა, იქნებოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, რაზეც დაკავებულს იურიდიულად არ ედება ბრალი.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ სიუჟეტის გასვლის დროს არ იყო შესაბამისი წესით დადგენილი, რომ ცეცხლის გაჩენის დროს მსხვერპლი ცოცხალი იყო, ამასთან არ უარყოფდა, რომ მკვლელობის ადგილზე მართლაც გაჩნდა ხანძარი.
საბჭოს მიზანი იყო შეეფასებინა, შეეძლო თუ არა ჟურნალისტს ეთქვა, რომ დაკავებულმა მამაკაცის „ცოცხლად დაწვა სცადა". აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს „სავარაუდოდ", „ფოტოსურათებით დგინდება", „შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ირკვევა", რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ეყრდნობა კონკრეტულ წყაროებს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების დროს და მტკიცებით ფორმაში არ აცხადებს ამას.
საბჭომ ვერ გამოკვეთა გარემოება/ინფორმაცია, რომელიც არსებითად არაზუსტი იყო და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა, ამიტომ არ მიიჩნია ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად.
მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.
განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა ქარტიის 1-ლი პრინციპის [არაზუსტი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] დარღვევა, შესაბამისად, გამოირიცხა მე-5 პრინციპის დარღვევაც.
ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
როგორც აღინიშნა, საბჭომ არ დაადგინა ქარტიის 1-ლი პრინციპის
დარღვევა, შესაბამისად გამოირიცხა მე-11 პრინციპის დარღვევაც: თუ
ადგილი არ აქვს არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის
გავრცელებას [წინაპირობა], შესაბამისად, ვერც განზრახვაზე
იქნება საუბარი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ნოდარ მელაძეს და მარიამ გაფრინდაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპი.