გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ფირუზ ბოლქვაძე თეო ფუტკარაძის და სულხან მესხიძის წინააღმდეგ
08.02.2022

განმცხადებელი : ფირუზ ბოლქვაძე;
მოპასუხე : თეო ფუტკარაძე, სულხან მესხიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

17 ივნისი, 2021 წელი

საქმე N – 439

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, სოფო ჟღენტი, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ფირუზ ბოლქვაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 16 ოქტომბერს, TV 25-ის ეთერში გასულ სიუჟეტში სათაურით - „აჭარის მაუწყებელზე მეტწილად ხელისუფლების მაქებარი გადაცემები შემორჩა", დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-2, მე-5 და მე-11 პრინციპი. 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპის ჭრილში მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი თეო ფუტკარაძე, ხოლო მე-2 პრინციპის მიმართ - ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი - სულხან მესხიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

თვითაცილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ სოფო ჟღენტს. იგი მონაწილეობდა საქმის განხილვის ღია ნაწილში, ხოლო დახურულში − არა.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტები.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის სამაუწყებლო ბადეს. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონი აჭარის მაუწყებელმა სექტემბრიდან დაიწყო, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გადაცემები ეთერს არ დაბრუნებია, ამიტომ მაუწყებელზე მეტწილად ხელისუფლების მაქებარი გადაცემები შემორჩა.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია:

       „აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი სატელევიზიო სეზონი სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა ივლისის ბოლოს გაჩერებული გადაცემები ეთერს დღემდე არ დაბრუნებია".

       „თითქმის სამი თვეა ეთერში არ გადის ყოველდღიური გადაცემა „ჰეშთეგი". როგორც ავტორებისთვის არის ცნობილი ისინი ეთერში გასვლას სავარაუდოდ ნოემბრიდან შეძლებენ, თუმცა კვირაში მხოლოდ ერთი დღით და შემცირებული ქრონომეტრაჟით. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მათი საქმიანობა დირექტორისთვის დისკომფორტია. „ჰეშთეგში" მწვავე რეპორტაჟებით ხშირად ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, სწორედ ამიტომ მენეჯმენტის ინტერესებიდან გამომდინარე პროგრამა წინასაარჩევნოდ დაიხურა".

       „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადეში სექტემბრიდან არც „მთავარი აჭარაში" და „კვირის მთავარი" დაბრუნებულა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ანალიტიკური პროგრამა უინტერესო აღმოჩნდა".

       „ჯამში ახალ სატელევიზიო სეზონზე მაყურებელმა ექვსი გადაცემა ვეღარ იხილა. გარდა დასახელებული პროგრამებისა, საეთერო ბადეს გამოაკლდა „იმპულსი", „რადიოვიზია" და „აკვარიუმი".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი სეზონი არ დაუწყია სექტემბერში და ახალი სეზონის დაწყება იგეგმებოდა 9 ნოემბრიდან.

ასევე განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გადაცემა „ჰეშთეგი" ეთერში შემცირებული ქრონომეტრაჟით გავიდოდა. მისი განმარტებით, შემცირდა არა ქრონომეტრაჟი, არამედ გადაცემების რაოდენობა, რაც საეთერო ბადეში, იგივე საეთერო დროს, ახალი პროექტების გაჩენას უკავშირდებოდა. განმცხადებელმა განმარტა, რომ წინასაარჩევნოდ, სატელევიზიო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით არ გადიოდა ეთერში არა მარტო „ჰეშთეგი", არამედ სხვა საავტორო გადაცემებიც.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მან ჟურნალისტთან ინტერვიუში ეს ინფორმაცია მიაწოდა და ფაქტები განუმარტა, თუმცა ჟურნალისტმა არაზუსტად გააშუქა ინფორმაცია და საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და სიუჟეტში განმცხადებლის მიერ მიწოდებული განმარტებაც ასახა.

საბჭო აღნიშნავს: ბალანსი და ინფორმაციის გადამოწმება გულისხმობს იმას, რომ ერთი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს მეორე მხარესთან, ვინც შეიძლება იყოს რელევანტური ამ ამბის მიმართ. სიუჟეტში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ სამი ძირითადი პრეტენზია გამოიკვეთა:

1. სატელევიზიო სეზონი დაიწყო და რიგი გადაცემებისა არ გადის ეთერში;

2. გადაცემების დახურვის მიზეზი თითქოს და მათი დაბალი რეიტინგია;

3. ის გადაცემები დაიხურა, რომლებიც გამოირჩეოდნენ კრიტიკული დამოკიდებულებით ხელისუფლებისადმი.

სწორედ ეს კითხვები უნდა დასმოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს და მათზე პასუხი უნდა მიეღო აუდიტორიას, რათა ამ უკანასკნელს ჰქონოდა სრული და ყოველმხრივი ინფორმაცია და შემდეგ თავად გამოეტანა დასკვნები.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელის  [ფირუზ ბოლქვაძე] ინტერვიუ, მაგრამ ეს ინტერვიუ არ არის პასუხი ზემოაღნიშნული კითხვებზე. ფირუზ ბოლქვაძე აღნიშნავდა, რომ მას რიგი ზემოაღნიშნული კითხვებისა არ დაუსვეს, ხოლო რიგ კითხვებზე მისი პასუხი არ აისახა ჟურნალისტურ პროდუქტში. მაგალითად ფირუზ ბოლქვაძე აცხადებდა, რომ  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სატელევიზიო სეზონი არ დაწყებულ სექტემბერში, არამედ დაგეგმილი იყო 2020 წლის ნოემბერიდან დაწყება, შესაბამისად, ის გარემოება, რომ 2020 წლის სექტემბერში რამდენიმე გადაცემა ჯერ კიდევ არ გადიოდა ეთერში, არ შეიძლება შეფასებულიყო როგორც ფაქტი, რომ გადაცემები მოიხსნა.

რა თქმა უნდა, საბჭოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, მტკიცებით ფორმაში დაადგინოს, მართლა დაუსვა ჟურნალისტმა კითხვა და შემდეგ არ ასახა სიუჟეტში, თუ საერთოდ არ დაუსვამს. რომელი ვარიანტიც  უნდა იყოს, ფაქტი შემდეგია: აუდიტორიამ ვერ მიიღო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია მის მიმართ გამოთქმულ იმ ბრალდებებზე, რომელიც საბჭომ ზემოთ გამოჰყო. თუ დავუშვებთ, რომ კითხვები დაისვა და პასუხი ვერ მიიღო ჟურნალისტმა, მაშინ ეს უნდა აღენიშნა გადაცემაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან არ იქნა უზრუნველყოფილი ბალანსი, მაყურებელმა ვერ მიიღო ყველა მხარის პოზიცია/კომენტარი გაშუქებულ ამბავთან დაკავშირებით.

მე-2 პრინციპი: „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

განმცხადებლის თქმით, მან ჟურნალისტს სიუჟეტში გასული არასწორი ფაქტების შესახებ ინტერვიუს დროს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ საბოლოო პროდუქტში ისინი არ აისახა. ამის გამო, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ არსებობდა ეჭვი, რომ რედაქტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, სულხან მესხიძის მოთხოვნისა და ზეწოლის შედეგად, სიუჟეტის ავტორი იძულებული გახდა  სიუჟეტი მოემზადებინა იმ ფორმით, როგორც იგი გავიდა ეთერში.

თავის მხრივ, სულხან მესხიძემ განმარტა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე იგი არასდროს ჩარეულა უხეშად ჟურნალისტების საქმიანობაში და ამ სიუჟეტის რედაქტორი თავად არ ყოფილა.

ამ შემთხვევაში საბჭომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რათა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მხრიდან ჟურნალისტის იძულება, დაარღვიოს პროფესიული სტანდარტი, დადგენილიყო. ამიტომ, საბჭომ მეორე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

სხდომის მიმდინარეობის დროს დადასტურდა, რომ განმცხადებელს მედიასაშუალებისთვის მასალის შესწორებასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მიუმართავს და არც ჟურნალისტთან/რედაქტორთან ჰქონია კომუნიკაცია. ამ ნაწილში, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ როდესაც სატელევიზიო სეზონი დაიწყო და გადაცემები ეთერში გავიდა, მაშინ მედიასაშუალებას უნდა აესახა ეს ინფორმაცია ეთერში და საზოგადოებისთვის განემარტა, რომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

რადგან დადასტურდა, რომ განმცხადებელს მედიასაშუალებისთვის არ მიუმართავს შესწორების მოთხოვნით, შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი მენეჯმენტისა და მთლიანად არხის დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ იკვეთება მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ ჩაითვალოს, მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, ვერ დადგინდა მე-11 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თეო ფუტკარაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. თეო ფუტკარაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.
  3. სულხან მესხიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-2 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა