გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გულნარა ძირკვაძე თეა დავაძის წინააღმდეგ
13.02.2022

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : გულნარა ძირკვაძე;
მოპასუხე : თეა დავაძე;

23 ოქტომბერი,  2021 წელი

საქმე N – 462

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე,

საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გულნარა ძირკვაძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ რადიო მარნეულის მიერ 2021 წლის 09 თებერვალს მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა თეა დავაძე.

საქმის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო იყო რადიო მარნეულის მიერ პირდაპირ ეთერში გაშუქებული საპროტესტო აქცია, კერძოდ, სოფელ ახალ დიოკნისში მცხოვრებმა პირებმა აქცია გამართეს, რომელთა განცხადებით, სოფლის მიმდებარედ არსებული საძოვრები კიდევ ერთხელ გასხვისდა და მათ შეეზღუდათ ამ მიწების გამოყენება.

საპროტესტო აქციის მსვლელობისას ჟურნალისტმა ჩაწერა აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ თავის დროზე ეს მიწები კერძო პირის საკუთრებაში უკანონოდ, თაღლითურად და დოკუმენტების გაყალბებით აღმოჩნდა. ამ თაღლითობაში ისინი მიწის ნაკვეთების წინა მესაკუთრეს, ავთანდილ ძირკვაძეს, ადანაშაულებდნენ. განმცხადებელი სწორედ ამას ხდიდა სადავოდ და აღნიშნავდა, რომ მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეების პოზიციის გაშუქებით მაყურებელმა არასწორი ინფორმაცია მიიღო: „მიწა გავყიდეთ კანონის დაცვით. არ უშვებენ ახალ მფლობელს და ლანძღავენ მიცვალებულ მამას, გვიწოდებენ თაღლითებს“,  „ეს გააშუქეს ისე, რომ არ გადაამოწმეს, რამდენად სწორია, რასაც ამბობენ.“

საბჭო აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციის მიმართ, რომელიც ორგანიზებული იყოს სოფლის მოსახლეობის მიერ, არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი და, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ჟურნალისტმა იგი გააშუქა. მეორე მხრივ, მსგავსი აქციების პირდაპირ ეთერში გაშუქებისას არსებობს რისკი, რომ დაინტერესებულმა პირმა [ამ შემთხვევაში აქციის მონაწილემ] გაავრცელოს ცალმხრივი ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს გადამოწმებას, მეორე მხარესთან დაზუსტებას და ა.შ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ პირდაპირ ეთერში გაშუქებისას ჟურნალისტმა შეძლოს ინფორმაციის გადამოწმება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რამდენად გამოიჩინა ჟურნალისტმა ძალისხმევა, რომ შემდგომ უკვე ეზრუნა ინფორმაციის გადასამოწმებლად. მოპასუხე ჟურნალისტმა წარმოადგინა მასალა „დიოკნისში, გაყიდული სადავო მიწის ყოფილი მფლობელის შვილი, სოფლის მკვიდრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს“ , რომელიც მომზადა სადავო სიუჟეტის შემდეგ და მასში ასახული იყო მეორე მხარის [ამ შემთხვევაში გულნარა ძირკვაძე] პოზიცია: „პრივატიზაცია როცა კეთდებოდა, მამაჩემმა მაგ მიწაზე გადაიხადა ფული და გაიკეთა პრივატიზაცია. ხელისუფლებისგან შეისყიდა 10 ჰექტარი. მოსახლეობას მაგის დამადასტურებელი საბუთი აქვს რომ მამაჩემს ჰყავდა პარლამეტში კაცი ან გამგეობაში,  ან თუნდაც საჯარო რეესტრში და ეს ყველაფერი ყველამ გააყალბა? ასე ჰაერზე ხომ არ შეიძლება ვინმეს ბრალდება წაუყენო? ჩემი ძმის საკუთრებაა ახლა ეს მიწა მან გაყიდა თავისი კერძო საკუთრება. მე არამგონია დღეს ისეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც უშვებდეს შეცდომას საჯარო რეესტრში, გამგეობებში და ზემდგომ ორგანოებში, სადაც ხდება ამის გაკეთება. კანონმა მას მიანიჭა ეს კერძო საკუთრებად, თუ მათ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ და გაეფორმებინათ თავიანთ სახელზე. სოფლის მოსახლეობა არ გვაძლევდა მიწის დამუშავების საშუალებას, იმიტომ რომ თავიანთ საქონელს უშვებდნენ, გვესხმოდნენ თავს და სასამართლოს გზით ორჯერ მოიგო მამაჩემმა დავა“. 

საბჭომ სხდომის დროს ჰკითხა განმცხადებელს, ჰქონდა თუ არა მას შენიშვნა მეორე ჟურნალისტურ პროდუქტთან [სტატიასთან] დაკავშირებით. გულნარა ძირკვაძემ განაცხადა, რომ სტატია მისთვის მისაღები იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის პრინციპები არ დარღვეულა, კერძოდ: პირდაპირი ეთერის დროს ობიექტურად შეუძლებელია ინფორმაციის გადამოწმება, ხოლო შემდეგ ჟურნალისტმა მოამზადა და აუდიტორიას მიაწოდა მეორე მხარის პოზიცია, პირდაპირი ეთერის დროს გამოთქმული ბრალდებების შესახებ.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      თეა დავაძეს არ დაურღვევია ქარტიის  1-ლი  პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა