გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ანა აფციაური ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ
13.02.2022

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : ანა აფციაური;
მოპასუხე : ნანუკა ჟორჟოლიანი;

20 ივლისი  2021 წელი

საქმე N – 483

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, ირმა ზოიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ანა აფციაურმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2021 წლის 24 მარტს, მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში „სხვა ნანუკა“ დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა წამყვანი - ნანუკა ჟორჟოლიანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. 

სადავო იყო გადაცემის ის ნაწილი, სადაც ჟურნალისტს სტუმრად ჰყავდა მოწვეული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, ასმათ დვალიშვილი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ წამყვანის მიერ დასმული კითხვები ხელს უწყობდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, საილუსტრაციოდ მოყვანილი იყო ნანუკა ჟორჟოლიანის შემდეგი ფრაზები:

„ინდივიდუალურია, ყველა თავისთვის იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებით მყოფ მამაკაცთან რაღაცა ცოტა უხერხულობა მექნებოდა, მაგრამ ჩემით არ განისაზღვრება. ვიღაცას შეიძლება, არ ჰქონდეს..“

„მე მყავს არასაქმიანი მეგობრები, რომლებთანაც მაქვს ასეთი ურთიერთობა, რომ ჩვენ ერთად წავალთ სამოგზაუროდ. ..საქმიანი ურთიერთობა მაინც სხვანაირია. მე მაქვს საქმიანი ურთიერთობაც, მაგრამ ის უფრო ფორმალურ ურთიერთობას მოიცავს და მეგობარი მაინც უფრო სხვა არის.“

„ასმათ, გადავირევი ახლა. ეს კაცი გკოცნიდა ორი წუთის წინ. რაის ვერ მოისვენა ტახტზე?! ...კაცი წეღან მოვიდა, კოცნას გთხოვდა..“

„ეს ძალიან ინდივიდუალურია, ასმათ, მაგრამ მე რომ რომელიმე მეგობარმა ეს მაკადროს, ახლა რასაც შენ ამბობ, კომენდანტის საათი კი არა, დაიწყევლის, რომ დაიბადა. ხო ხვდები, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ...“

„ამის შემდეგაც არ მიდიხარ სახლიდან. ...რისთვის?... ...რა მეგობრობისთვის, ასმათ?.... ...ეს უკვე მეოთხე ძალადობის მცდელობაა...“

„და არ მიდიხარ მაინც (...) მე მაპატიე, რომ არ მესმის, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა, რომ არ მესმის. ეს ხომ ინდივიდუალურია, ვიღაცას მეტად აქვს პატიების უნარი, ვიღაცას არ აქვს. მე არ მაქვს.“

„შენ მე მეუბნები, რომ კაცმა ერთი ბოთლი კონიაკი დალია, მარიხუანა მოწია და ადეკვატურია?!“

„ძალით კოცნაც ძალადობაა, ძალით შეხებაც ძალადობაა, ეს ყველაფერი ძალადობაა. უბრალოდ, იცი, რა ეპიზოდია ჩემთვის ცოტათი კითხვის ნიშნის.. აი, ეს გულის წასვლის ეპიზოდი..“

„ვინმეს ხომ არ ემესიჯებოდი?... ..დარწმუნებული ხარ?... აი, ახლა მე შენ განახებ კადრს.. წერია, რომ ვინმე „ჭოლას“ უგზავნი ფაილს....“

რაც შეეხება არგუმენტაციას, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ: „სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სექსუალურ ძალადობაზე მსხვერპლები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. სამართალდამცავი ორგანოები არ უნდა ხელმძღვანელობდნენ ვარაუდით, რომ სექსუალური ძალადობის დროს მოსალოდნელია მსხვერპლისთვის დამახასიათებელი მხოლოდ რაიმე სახის ქცევა. ამდენად, სექსუალურ ძალადობაზე ქალის რეაქცია/საპასუხო ქმედება, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მრავალგვარი შეიძლება იყოს და გამოიხატებოდეს გაშეშებაში, სხვადასხვა მიზეზთა გამო მოთმენაში ანდა სხვა არააქტიურ ქმედებაში. ქალისთვის კონკრეტულ მამაკაცთან ურთიერთობის ან განსაზღვრულ სიტუაციაში, მათ შორის, სექსუალური ძალადობის დროს „სწორი“ ქცევის ფორმის მითითება, წარმოადგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. ასეთი პრაქტიკა ემსახურება ძალადობის მსხვერპლის ქალის დადანაშაულებას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის პროვოცირებაში და იმაზე მითითებას, რომ ქალის „სათანადო/ადეკვატური“ ქცევის/ქმედების შემთხვევაში ასეთი შედეგი არ დადგებოდა“. 

მე-7 პრინციპთან დაკავშირებით მსჯელობისას აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საბჭომ იმსჯელოს კონტექსტიდან გამდინარე, რომელიც წინ უძღოდა ამ გადაცემას.

2021 წლის 17 მარტს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელსაც ბრალი ედებოდა ასმათ დვალიშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში. თავად გოგი წულაიას და მისი ადვოკატის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი სცენარი შსს-ს მიერ, ხოლო ასმათ დვალიშვილი თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებთან. საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს დაკავება შეიძლება ყოფილიყო „შურისძიება“ გოგი წულაიას მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის საჯარო შეურაცხყოფაზე.  სწორედ ამ ბრალდების და გავრცელებული მოსაზრებების ფონზე ასმათ დვალიშვილი თანხმდება საჯარო ინტერვიუს ნანუკა ჟორჟოლიანთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტის კითხვები, რომელიც სტანდარტულ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს როგორ დისკრიმინაციული, სწორედ კონტექსტიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში საბჭომ არ მიიჩნია დისკრიმინაციულად. ასმათ დვალიშვილმა იცოდა, რომ გადაცემაში მას სწორედ იმ კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, იმ ეჭვების გაფანტვა, რომელიც უკავშირდებოდა ვარაუდებს, რომ შეიძლება ეს იყო დაგეგმილი სცენარი გოგი წულაიას მიმართ და რომ ის შსს-თან თანამშრომლობდა. მაგალითად, ჟურნალისტის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დარჩა ასმათ დვალიშვილი სახლში, გოგი წულაიასთან, ნაკარნახევი იყო იმ წინაპირობით რომ, თავად ასმათის განმარტებით, მას მანამდე გოგი წულაიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისად, ჟურნალისტი აფასებდა არა ქალის მხრიდან მამაკაცის სახლში დარჩენის მორალურ მხარეს, არამედ ეძებდა საზოგადოებაში არსებულ კითხვაზე პასუხს: იმიტომ ხომ არ აიტანა ასმათ დვალიშვილმა ძალადობა, და იმიტომ ხომ არ დარჩა გოგი წულაიასთან, რომ ამით, სავარაუდო ძალადობის უფრო მეტი მტკიცებულება მოეპოვებინა. ეს კითხვა სრულად ლეგიტიმურია მაშინ, როცა დადასტურებული ფაქტია, რომ გოგი წულაიასთან სახლში ყოფნის ამსახველ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს ასმათ დვალიშვილი პარალელურ რეჟიმში აწვდიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე საბჭო არ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ან სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის განმეორებით რეტრამვირებას, ვინაიდან ასმათ დვალიშვილი, წინასწარ შეცნობით დათანხმდა იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც უკავშირდებოდა მის მიმართ არსებულ ეჭვებს და ვარაუდებს - თითქოს მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ სცენარში გოგი წულაიას წინააღმდეგ.

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, საბჭო განმარტავს რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას განმარტებული ისე, რომ თითქოს დასაშვებია, თუნდაც სხვის მიერ პროვოკაციულად დაგეგმილი სცენარის დროს რაიმე ტიპის ძალადობა ქალზე ან შემდგომ მსხვერპლის რეტრამვირება, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, წინაპირობების და გარემოებების გათვალისწინებით სხვაგვარი შეფასება მისცა საბჭომ ჟურნალისტის ქმედებებს.

ქარტიის მე-10 პრინციპი ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ქარტიის საბჭო ეთანხმება განმცხადებელს, რომ განსახილველ გადაცემაში გაჟღერდა ისეთი ინფორმაცია, რომლის მიმართაც არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ამ შემთხვევაში წყალგამყოფია ის ფაქტი, რომ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას თავისი ნებით და სურვილით დათანხმდა სრულწლოვანი ადამიანი, მას არცერთ ეტაპზე არ გაუპროტესტებია მისთვის დასმული კითხვები. შესაბამისად, სახეზე არ არის მე-10 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნანუკა ჟორჟოლიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა