განმცხადებელი : დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი;
მოპასუხე : „ბანკები და ფინანსების” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
11 დეკემბერი 2021 წელი
საქმე N – 515, 517
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი,
სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 515, N 517] მომართა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა [შემდგომ „ცენტრი“], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 28 და 30 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიებში - „მეცნიერებს სეისმურ მონაცემებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ“ – არჩილ კაიკაციშვილი“ „თეა გოდოლაძე მისაბაძ მაგალითად რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს ასახელებს“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპი. ამასთან ვერ მოხდა კონკრეტული ავტორი/პასუხისმგებელი ჟურნალისტების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად [3.4], „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლის
წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხე მედია საშუალებამ თავისი პოზიცია
წერილობით წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სტატია: „თეა გოდოლაძე მისაბაძ მაგალითად რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს ასახელებს“.
სტატიის თანხმად, ავტორი ეყრდნობა თეა გოდოლაძის ინტერვიუს საინფორმაციო სააგენტო IPRESS-თან: „ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა”.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სადავო სტატიაში მოცემული ინფორმაცია არასრულყოფილია, და ჟურნალისტმა მიჩქმალა მნიშვნელოვანი ნაწილები ინტერვიუდან:
„სინამდვილეში, აუდიოჩანაწერისვე (იგულისხმება აუდიოჩანაწერი თეა გოდოლაძესა და IPRESS შორის, რომელიც გამოყენებული იყო IPRESS სტატიაში და რომელ სტატიასაც თავის მხრივ დაეყრდნო ბანკები და ფინანსები) მიხედვით, რომელიც გამოცემა „აიპრესმა“ მართლაც გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ აღნიშნულ კითხვაზე გოდოლაძემ სულ სხვა პასუხი გასცა გამოცემას. ჟურნალისტის კითხვაზე [სეისმური ცენტრის მიერ] მონაცემების დახურვის შესახებ, გოდოლაძე პასუხობს, რომ სინამდვილეში, საქართველოში მსგავსი მონაცემები ღიაა. ამავე პასუხში კი მას მოგვიანებით მოჰყავს სხვა (“ბანკები და ფინანსების” მიერ ზემოთ ჩამოთვლილი) ქვეყნები იმის მაგალითად, რომ სხვა ქვეყნებში მონაცემები არ არის იმდენად ღია, რამდენადაც ისინი საქართველოში. ამის მიუხედავად, გამოცემა „ბანკები და ფინანსები“ ავრცელებს დამახინჯებულ ინფორმაციას, თითქოს თეა გოდოლაძე მათ საქართველოსთვის სამაგალითოდ ასახელებს.“ ნაწყვეტი ინტერვიუდან: „თეა გოდოლაძე: არის, ქალბატონო, ღია [მონაცემები]. არის საერთაშორისო ცენტრები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, და მონაცემები არის ღია. ასევე, როგორც, სხვათა შორის, საქართველოში, ესეთ რაღაცას არავინ არ აღებს, სომხეთის ქსელი დახურულია, აზერბაიჯანის ქსელი დახურულია, რუსეთის ქსელი დახურულია, თურქეთის ქსელი დახურულია“.
მოპასუხე მედიასაშუალებამ თავის წერილობით პასუხში მიუთითა: „აუცილებლად აღსანიშნია, რომ პირველი პუბლიკაცია, თავისი არსით, წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ მიერ გოდოლაძესთან ინტერვიუს სრული აუდიო ვერსიის გასაჯაროებამდე და შემდგომ, პერსონასა და სააგენტოს შორის, სოციალური ქსელით წარმოებული ერთგვარი პოლემიკის თაობაზე ინფორმაციას“.
სხვა მედიასაშუალებაზე დაყრდნობა ავტომატურად არ გამორიცხავს გამავრცელებელი მედიის სარედაქციო პასუხისმგებლობას. სხვა მედიაზე, როგორც წყაროზე მითითება, არ ათავისუფლებს გამავრცელებელ მედიასაშუალებას ეთიკური ვალდებულებებისაგან. „ბანკები და ფინანსებისათვის” IPRESS იყო წყარო და ეთიკური ვალდებულებების დაცვის მიზნით, ვალდებული იყო დაკავშირებოდა თეა გოდოლაძეს და მისი პოზიციაც მიეწოდებინა აუდიტორიისათვის. მით უფრო ეს პრობლემური ხდება მაშინ როცა დადგინდა, რომ IPRESS ინტერვიუდან (წყაროდან) ინფორმაცია მედიასაშუალებამ (ბანკები და ფინანსები) ნაწილობრივ, არასრულად და მანიპულაციურად გამოიყენა.
სტატია „მეცნიერებს სეისმურ მონაცემებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ“ – არჩილ კაიკაციშვილი“.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იყო ძირითადად ინტერვიუ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელთან, არჩილ კაიკაციშვილთან. იგი საუბრობს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომის საკითხზე. მისი შეფასებით, ამ მონაცემზე წვდომის შეზღუდვა არასწორია: „როგორც ირკვევა, ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე. მსოფლიოს უამრავი ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ სამწუხარო დასკვნამდე მივდივართ, – სეისმური ცენტრის დირექტორის ქმედებების გამო, საქართველო ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. სეისმურ მონაცემებს მეცნიერებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ“.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ამ ინტერვიუთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა:
„აღნიშნული, ფაქტი არის არასწორი. სეისმურმა ცენტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი ასაჯაროებენ მონაცემებს. იზღუდება მხოლოდ იმ ტიპის მონაცემების დროებით გამოქვეყნება, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და მეცნიერები იღებენ გადაწყვეტილებას, დასრულებამდე არ გამოაქვეყნონ. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 2003 წლიდან ქმნის საქართველოს ციფრულ სეისმურ ქსელს სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტისა და აშშ-ის უნივერსიტეტების სამეცნიერო გუნდის დახმარებით. ქსელისა და მონაცემთა განახლება ძირითადად მსხვილი საერთაშორისო პროექტების ხარჯზე მოხდა, განსაკუთრებით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში. სამეცნიერო გუნდი ციფრული სეისმური ქსელის შექმნის დღიდან, მონაცემებს კატალოგისა და პირველადი მონაცემების [ე.წ. ბიულეტენები] სახით აწვდის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ცენტრს აგრეთვე, ინსტიტუტის ციფრული სეისმური ქსელის ტალღური ჩანაწერები გადაეცემა აშშ-ის 120 უნივერსიტეტის კონსორციუმს, კავკასიაში რეგისტრირებული ძლიერი მოძრაობების ბაზა ასევე ატვირთულია საერთაშორისო პროფესიულ ვებ-გვერდებზე“.
მოპასუხის პოზიცია: „მეორე პუბლიკაციაში მოცემულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კერძოდ - „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის მოსაზრებები. გაუგებრად რჩება, ამ კონკრეტულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით რა ეთიკურ გადაცდომებზე მიუთითებს ქალბატონი თეა?“
ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას. მსგავსი განმარტება არ შეესაბამება ეთიკურ პრინციპებს და ჟურნალისტის ეთიკურ ვალდებულებებს. ჟურნალისტის ვალდებულება ზუსტად ის არის, რომ ერთი მხარის პოზიცია/განმარტება/ინფორმაცია გადაამოწმოს მეორე მხარესთან ან სხვა წყაროებთან.
თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას წარმოადგენს, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია, სწორედ მედიასაშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.
სტატიაში ავტორმა არ მიუთითა თეა გოდოლაძის პოზიცია, ანუ არჩილ კაიკაციშვილის ბრალდებები არ გადაამოწმა. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.
ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას შესაბამისად ამ სტატიაშიც დაირღვა ქარტიის 1-ლი პრინციპი.
ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. საბჭოს შეფასებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა. ფაქტია, რომ წყარო ჟურნალისტს ჰყავდა: ერთ სტატიაში - IPRESS, ხოლო მეორეში - არჩილ კაიკაციშვილი, ხოლო ის, რომ მედიაპროდუქტებში ბალანსი დარღვეული იყო, ინფორმაცია გადაუმოწმებელი, ეს წარმოადგენს ქარტიის 1-ლი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას.
მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ფაქტის განზრახ დამახინჯების დადგენის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ „მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს“. „ბანკები და ფინანსების” მიერ ცენტრზე და თეა გოდოლაძეზე არაერთხელ გამოქვეყნდა სხვადასხვა მედიაპროდუქტი:
თეა გოდოლაძე რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად სააგენტო სპუტნიკთან აქტიურად თანამშრომლობს
არჩილ კაიკაციშვილი: თეა გოდოლაძის ქცევას სამსახურეობრივი გულგრილობა ან დიდი არაკომპეტენტურობა ჰქვია
რატომ დაამთხვია თეა გოდოლაძემ „სპუტნიკში“ პრესკონფერენცია გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის თარიღს
რატომ შეარქვეს ილიაუნიში თეა გოდოლაძეს „სპუტნიკა თეა“
წყარო უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან – თეა გოდოლაძე იტყუება
ზემოაღნიშნული სტატიები ძირითადად ნეგატიური
ხასიათისაა თეა გოდოლაძის მიმართ, მათში მოცემული ინფორმაცია
ცალმხრივი და გადაუმოწმებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ პირველ
განსახილველ სტატიის შემთხვევაში მედიასაშუალებას ხელთ ჰქონდა
ინტერვიუს სრული ვერსია, მაგრამ ინფორმაცია მაინც მანიპულაციურად
გაავრცელა. საბჭო მიიჩნევს, რომ „ბანკები და ფინანსების” მიერ
დისკრედიტაციული შინაარსის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის კამპანიურად
გავრცელება საფუძველს იძლევა, რომ დადგინდეს მე-11 პრინციპის
დარღვევა.
სარეზოლუციო
ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- „ბანკები და ფინანსების” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.
- „ბანკები და ფინანსების” არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.