გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ბექა ყორშიას წინააღმდეგ
04.03.2022

განმცხადებელი : მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);
მოპასუხე : ბექა ყორშია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

24 ივნისი,  2021 წელი

საქმე N – 450

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, სოფო ჟღენტი, ნინა ხელაძე, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა [ფაჩუაშვილი], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 05 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად”,  სიუჟეტში, სათაურით „მღვდლების ვნებანი” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ბექა ყორშია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სიუჟეტის ერთი ნაწილი შეეხო მიტროპოლიტ ნიკოლოზისთვის საჩუქრების გადაცემის საკითხს. ჟურნალისტმა აუდიტორიას დადასტურებულ ფაქტად მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სექს-შოპმა მეუფე ნიკოლოზს სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, თუმცა რესპონდენტმა ამაზე საუბარი მედიასაშუალებასთან არ მოისურვა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი წყარო არ არსებობდა და იგი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სინამდვილეში აღნიშნული სექს-შოპის გვერდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან „გადაწყვიტა საჩუქრად გადასცეს მეუფე ნიკოლოზს სასაჩუქრე ნაკრები”, თუმცა პირადად მიტროპოლიტისთვის არაფერი შეუთავაზებია და არც გადაუცია.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტის ავტორი წარმოგვიდგენდა სატირის კლასიკურ ნიმუშს, რომელიც წინა პლანზე წამოსწევს სასულიერო პირებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ გახმაურებულ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ თემებს, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია ან იდეები, რომლებიც მისაღებია, არამედ ის მოსაზრებებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან გამაღიზიანებელია.

მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელმა სხდომაზე დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია [რომ თითქოს და სექს-შოპმა სასულიერო პირს საჩუქარი გადასცა] ჟურნალისტმა გააზვიადა და მან იცოდა, რომ მაღაზიას მიტროპოლიტი ნიკოლოზისთვის რეალურად საჩუქარი არ გადაუცია.

საქმის მასალებში არის მიმოწერის ე.წ. სქრინი, რომელიც ჟურნალისტსა და მაღაზიას შორის კომუნიკაციას ასახავს. მაღაზია ჟურნალისტს წერს: „შეგიძლიათ ჩვენი შეთავაზება გააჟღეროთ რეპორტაჟში". მაღაზიის წარმომადგენელი ჟურნალისტს უდასტურებს, რომ ეს იყო შეთავაზება და სექს-შოპს რაიმე ტიპის საჩუქარი სასულიერო პირისათვის არ გადაუცია.  ჟურნალისტს არ ჰქონდა იმის საფუძველი, რომ დადასტურებულად ეთქვა რომ სექს-შოპმა გადასცა და მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიიღო საჩუქარი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა შექმნა, რადგან მას არ ჰყოლია წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია დაუდასტურა.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში წყარო [სექს-შოპი] არსებობს. ჟურნალისტმა კი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორად გაავრცელა, შესაბამისად, საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.

მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

არ დგინდება, რომ განმცხადებელმა მედიასაშუალებას მიმართა ინფორმაციის შესწორების/დამატებითი პოზიციის ასახვის მოთხოვნით. შესაბამისად, მე-5 პრინციპი საბჭომ დარღვეულად ვერ მიიჩნია, ვინაიდან დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა დაინტერესებული პირის მიმართვა მედიასაშუალებისათვის ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასალა დისკრიმინაციული იყო რელიგიური ნიშნით და მოხდა მისი, როგორც სასულიერო პირის დისკრედიტაცია.

საბჭომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დისკრედიტაცია არ გულისხმობს ავტომატურად დისკრიმინაციას. სიუჟეტი ეხებოდა იმ ამბებს, რომელიც, ჟურნალისტის აზრით, შეუფერებელია სასულიერო პირებისათვის. სიუჟეტში საუბარი იყო სხვა მღვდელთმსახურებზეც, შესაბამისად, მიტროპოლიტი ნიკოლოზი არ გამოურჩევია რამე განსაკუთრებული ნიშნით, რომელიც შეიძლება საბჭოს დისკრიმინაციად მიეჩნია.   

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

დადასტურებული ფაქტია - ჟურნალისტმა იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, თუმცა მან ინფორმაცია „გააზვიადა" და მაყურებელი შეცდომაში გამიზნულად შეიყვანა. საბჭომ მიიჩნია, რომ სწორედ ამ საფუძვლით დაირღვა ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ბექა ყორშიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.
  2. ბექა ყორშიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპი.

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა

განსხვავებული აზრი:  საბჭოს 5 წევრმა გადაწყვიტა, რომ დაირღვა მე-11 პრინციპი. ამ პოზიციას არ დაეთანხმა საბჭოს წევრი - ნინა ხელაძე. მისი აზრით,  ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ეს განზრახ არ გაუკეთებია. ჟურნალისტმა მაღაზიის მიერ საჩუქრის შეთავაზება რომ ფაქტად გაავრცელა, ეს უფრო სიუჟეტის სატირულმა სტილმა განაპირობა, ვიდრე ფაქტის განზრახ დამახინჯების მცდელობამ. ინა ხელაძის განსხვავებული აზრით,  ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.