გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ნინია მესხიძის წინააღმდეგ
14.03.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია;
მოპასუხე : ნინია მესხიძე;

10 აგვისტო,  2021 წელი

საქმე N – 484

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 04 მაისს, TV 25-ის ეთერში გასულ სიუჟეტში სათაურით „ქობულეთის მერიას უსინათლოები მხედველობიდან გამორჩა” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი ნინია მესხიძე განისაზღვრა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი და მედიასაშუალების წარმომადგენელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო გზის და მერიის შენობის ადაპტირების პრობლემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ შშმ პირები ქობულეთში ყურადღების მიღმა არიან დარჩენილი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საგზაო ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მუშაობისას მათ საჭიროებს არ ითვალისწინებს.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია:

       „ადგილობრივ ხელისუფლებას ეტლით მოსარგებლეები და უსინათლოები მხედველობიდან რჩება.  თან, ამ ადამიანებმა პრობლემაზე საუბარი რომ მოინდომონ, მირიან ქათამაძესთან შესვლასაც ვერ შეძლებენ, რადგან მერიასთან მისასვლელიც კი არაადაპტირებულია. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ხალხის ფულს ძირითადად  ისე ხარჯავს,  რომ ხალხის საჭირობები არ ახსოვს. უწყებაში პრობლემის სიმწვავეს ვერ ხედავენ“.

       „ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტყუილში პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ამხილა. „ნიუსთაილში“ გვითხრეს, რომ უსინათლოთა ბილიკის მოწყობას სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა“.

       „9-წლიანი მმართველობის შედეგად, ქობულეთი, დღეს, აჭარის ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც შშმ პირთა საჭიროებები გათვალისწინებული არ არის“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. იგი აღნიშნავდა, რომ არცერთი კვლევა ან წყარო არ ადასტურებს იმას, რომ ქობულეთი აჭარის ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც შშმ პირთა საჭიროებები გათვალისწინებული არ არის, ამიტომ გაუგებარი იყო, რაზე დაყრდნობით ავრცელებდა ჟურნალისტი ამ ინფორმაციას.

სიუჟეტის ანალიზის შედეგად საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ ჟურნალისტის ფრაზა -  „ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტყუილში, პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ამხილა“,  ასევე არ შეესაბამებოდა სიმართლეს, კერძოდ, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ  უსინათლოთა ბილიკის მოწყობას „სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა". ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუტურის სამსახურის უფროსმა მოიტყუა, როდესაც მიუთითა, რომ „ამის საშუალებას რელიეფური მდგომარეობა არ იძლევა". ლოგიკურია, რომ თუ რელიეფი არ იძლეოდა საშუალებას, ბილიკის მოწყობა ვერ/არ იქნებოდა მოცემული სატენდერო პირობებში. 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

სხდომის მიმდინარეობის დროს დადასტურდა, რომ განმცხადებელმა მიმართა ჟურნალისტს და ჰქონდა კომუნიკაცია მასალასთან დაკავშირებით - მოთხოვნა შესწორებაზე. ხოლო, მეორე მხრივ, ჟურნალისტს არ ჰქონია რეაგირება. საბჭოს მიერ დადგენილი შესწორების სტანდარტის მიხედვით, საბჭომ მე-5 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ და მიზნად ისახავდა უწყების დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ ჩაითვალოს. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინია მესხიძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
  2. ნინია მესხიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა