დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : მარტა ბიბილაშვილი;
მოპასუხე : ანი ქავთარაძე;
18 თებერვალი, 2022 წელი
საქმე N – 531
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე, მაია
წიკლაური
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მარტა ბიბილაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „თრიალეთის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ანი ქავთარაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს
შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც სხდომაში მონაწილეობდა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სიუჟეტის თანახმად, ტელეკომპანია „თრიალეთმა" ჩაატარა გამოკითხვა „დაასახელე გორის საუკეთესო სკოლა", რაც გორის მასშტაბით საუკეთესო სკოლის გამოვლენას გულისხმობდა. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, ამ გამოკითხვას „ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებული“ პირებისგან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და ეს გამოხმაურება ტელეკომპანია “თრიალეთის” მადისკრედიტირებელი იყო. ჟურნალისტი ასევე უთითებდა, რომ ეს ნეგატიური კამპანია არამხოლოდ გამოკითხვამ გამოიწვია, არამედ „საფუძვლები სხვა სიღრმეებიდან მომდინარეობს“. შემდეგ, სიუჟეტის ავტორი “წარუდგენს” მაყურებელს ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ „შავ კამპანიაში ჩართულ“ თითოეულ პირს:
● „ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ და ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა, მარტა ბიბილაშვილმა ამ ფაქტის გამოყენება პირადი მიზნებისა და სიძულვილის გამოხატვისათვის გამოიყენა".
● „ახლა უკვე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარტა ბიბილაშვილი მედიის მხოლოდ კრიტიკას არ დასჯერდა და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად “თრიალეთის” მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტებით, უნიჭო შეძახილების შეჯიბრი მოაწყვეს“.
● „მარტა ბიბილაშვილს აგრესია და სიძულვილის ენით საუბარი მოუწონა კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, თამაზ მაყაშვილმა. ეს პიროვნება თავისივე სამსახურში მაქინაციებით არის ცნობილი, რომელმაც სახელმწიფო სახსრებით შეძენილი საწვავი პირადი მიზნებისათვის მოიხმარა“.
● „ეს ყველაფერი “თრიალეთის” მიზნებისა და ამოცანების მიღწევის გზაზე გავლენას ვერ მოახდენს, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც წესით ახლა დაკავებულები უნდა იყვნენ იმ დარღვევების აღმოფხვრით, რაც მათ სახელს უკავშირდება. შესაძლოა, სწორედ მათ დასაფარად ცდილობენ საზოგადოების ყურადღების გადატანას ადამიანები, რომლებიც თავისუფალ მედიას სიძულვილის ენის გამოყენებით აკრიტიკებენ“.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტის მომზადებისას მას ჟურნალისტი არ დაკავშირებია, რათა მასალაში მისი პოზიცია აესახა და ინფორმაცია გადაემოწმებინა. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ სიუჟეტში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. იგი აღნიშნავდა, რომ საჯარო მოხელე არასოდეს ყოფილა და მის ხელისუფლებასთან აფილირებას არცერთი წყარო არ ადასტურებდა. შესაბამისად, განმცხადებლის პოზიციით, საზოგადოებამ მიიღო არასწორი და დაუბალანსებელი ინფორმაცია.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას იმისთვის, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მას სურდა მხარესთან დაკავშირება და მისი კომენტარის მოპოვება, ბალანსის დაცვა.
საბჭო აღნიშნავს რომ სიუჟეტში არ იყო მითითებული არავითარი მტკიცებულება, რომელიც უფლებას მისცემდა ჟურნალისტს, მტკიცებით ფორმაში მიეთითებინა, რომ მარტა ბიბილაშვილი ხელისუფლებასთან აფილირებულია, ან რომ თამაზ მაყაშვილი „მაქინაციებით არის ცნობილი“, რომ ამ ადამიანების სახელი დარღვევებს უკავშირდება. სიუჟეტი იყო მხოლოდ ბრალდებები, რომელთა საფუძველი ან გადამოწმების მცდელობა მასალაში არ ჩანდა., ჟურნალისტი პირად ნეგატიურ მოსაზრებებს გადმოსცემდა მონოლოგის ფორმით, რაც შეუსაბამოა ქარტიის პირველ პრინციპთან და საერთოდ ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.
მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.
საბჭოს შეფასებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა. განმცხადებელს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დადასტურებულიყო წყაროს არარსებობა. შესაძლოა, ჟურნალისტმა წყაროს ვინაობა არ გაამხილოს, თუმცა მასზე დაყრდნობით გაავრცელოს ინფორმაცია.
ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია განზრახ გავრცელდა და მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.
ქარტიის პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას დადგინდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყო ცალმხრივი, ბალანსი არ იყო დაცული. დამატებით, საბჭოს შეფასებით, იკვეთება განზრახვაც. ამის საფუძველს საბჭოს აძლევს შემდეგი გარემოება: როგორც აღინიშნა, სადავო ჟურნალისტური პროდუქტი მიმართული იყო იმ პირთა „წინააღმდეგ“, რომლებმაც გააკრიტიკეს ტელეკომპანია „თრიალეთი“, სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიაში ჩართული იყო ტელეკომპანიის დირექტორიც, შესაბამისად, ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტი წარმოადგენდა „პასუხს“ ამ კრიტიკაზე, დაინტერესებული მხარის [ტელევიზიის] პოზიციას, რომელიც გაჯერებული იყო ბრალდებების ობიექტების [მარტა ბიბილაშვილი და სხვები] მიმართ ჟურნალისტის პირადი ნეგატიური შეფასებებით: „უნიჭო შეძახილები“, „ბოროტი სიხარული“.
შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს,
რომ
დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ანი ქავთარაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.
- ანი ქავთარაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.