გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თინათინ რევაზაშვილი გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ
19.03.2022

განმცხადებელი : თინათინ რევაზაშვილი;
მოპასუხე : გიორგი ნიორაძე, ეკა მიშველაძე, ინგა გრიგოლია;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;

25 თებერვალი  2022 წელი

საქმე N – 548, 549, 550

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ზვიად ქორიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თინათინ რევაზაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა შემდეგ ჟურნალისტურ პროდუქტებში:

  1. 2022 წლის 4 თებერვალს, TV პირველის ეთერში, გადაცემა „პირველი ხაზში“. წამყვანი და შესაბამისად, მოპასუხე, ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე. 
  1. 2022 წლის 7 თებერვალს, TV პირველის ეთერში, გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში“. წამყვანი და შესაბამისად, მოპასუხე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.
  1. 2022 წლის 8 თებერვალს, TV პირველის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“. წამყვანი და შესაბამისად, მოპასუხე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე, ტელევიზიის წარმომადგენელი.

 

სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7  პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

გადაცემა „პირველი ხაზი“.

ჟურნალისტ გიორგი ნიორაძეს სტუმრად ჰყავდა რესპონდენტი მაია ჯიშკარიანი. განმცხადებელი აღნიშნავდა რომ მე-7 პრინციპთან შეუსაბამო იყო რესპონდენტის მიერ ტერმინების „დაინვალიდება“, „ინვალიდი“, „დაინვალიდიზაცია“   გამოყენება.  „ან უნდა თქვან, რომ გამოვაჯანმრთელეთ, ან ასე დარჩება, ანუ არის ინვალიდი“ - ამბობს რესპონდენტი.

განმცხადებელი პრობლემურად მიიჩნევდა გადაცემის სხვა ნაწილებსაც:  „მარიამ ჯიშკარიანი კორსაკოვის სინდრომის დახასიათებისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული სინდრომი აისახება შრომის უნარზე და შეიძლება ძალიან სერიოზული „ინვალიდიზაცია“ გამოიწვიოს.  მარიამ ჯიშკარიანი პაციენტის მდგომარეობის მისეული აღწერისას აღნიშნავს, რომ პაციენტი დაინვალიდდება, მოისპობა, ფუნქციონირებას ვერ შეძლებს სრულფასოვნად და პოლიტიკოსი პაციენტის შემთხვევაში მისი კარიერა შესაძლოა განადგურდეს“.  განმცხადებელი ხაზს უსვამდა, რომ ჟურნალისტი არათუ არ ემიჯნება მარიამ ჯიშკარიანის მიერ გამოყენებულ ტერმინებს: „დაინვალიდება“, „ინვალიდიზაცია“ და მათ კონტექსტს, არამედ იყენებს მათ მეორე სტუმრისათვის, ნიკოლოზ ყიფშიძისთვის კითხვის დასასმელად. ამავდროულად, ჟურნალისტი კითხვის დასმის დროს ტერმინ „ინვალიდიზაციას“ უთანაბრებს ქრონიკულ ავადმყოფობას.

განმცხადებლის არგუმენტაცია თუ რატომ დაირღვა მე-7 პრინციპი ზემოაღნიშნული ფრაზების საფუძველზე: „შეზღუდული შესაძლებლობა გაიგივებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ხდება სამედიცინო მოდელის ტირაჟირება. შესაბამისად, შშმ პირების არასრულფასოვან ადამიანებად წარმოჩენა, მათი სეგრეგაცია, დისკრედიტაცია და სტიგმატიზება. შეზღუდული შესაძლებლობა გაიგივებულია ქრონიკულ დაავადებასთან, ხოლო შშმ პირი შრომისუუნარო ადამიანთან. ავითარებს სტერეოტიპს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის ავადმყოფობა, რომელსაც განკურნება სჭირდება“.

ცალსახაა, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე მისი რესპონდენტების მიერ გამოყენებულია შეუსაბამო ტერმინები შშმ პირების მიმართ. შშმ პირების აღმწერი და ამასთან ერთად, დისკრიმინაციული დამოკიდებულებით აღმწერი ტერმინების გამოყენება ხდება მაშინ, როცა რესპონდენტს სურს მიუთითოს ნეგატიურ მოვლენაზე, რაც, რა თქმა უნდა შეუსაბამოა ქარტიის მე-7 პრინციპთან. მნიშვნელოვანია განმცხადებლის შეფასებასებაც აღნიშნულ სიუჟეტზე, რომ: „შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების თვალსაზრისით, ძირითად პრობლემად ისეთი საკითხები რჩება, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობა გაიგივებულია დიაგნოზთან, ხოლო შშმ პირები - პაციენტებთან. შესაბამისად, შშმ პირები აღიქმებიან, როგორც საზოგადოების არასრულფასოვანი შრომისუუნარო წევრები, ვისაც მუდმივად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, არიან ავად, საჭიროებენ მკურნალობას და ა.შ. რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება მათი საზოგადოებისგან გარიყვის, დისკრიმინაციისა და სტიგმატიზციის მიზეზი“.

გადაცემა „საჯარო პოლიტიკა“

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა რესპონდენტის, გიგი უგულავას ფრაზას, როცა ის საუბრობდა მის პოლიტიკურ ოპონენტებზე: „ფოთის მაჟორიტარი, რომელმაც ააყროლა და ააქოთა და გაძარცვა მთელი ფოთი, ერთხელ არ არის მისული მიკროფონთან და ასეთი არის ძირითადი უმრავლესობა ქართული  ოცნების: მუდოები, „ყრუ-მუნჯები“, რომლებიც ხმას არ იღებენ და მარტო იქ თავისი კერძო ბიზნეს ინტერესებისთვის არიან“.

საბჭო სრულად იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ოპონენტის დისკრედიტაციისათვის შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ტერმინის გამოყენება არის დისკრიმინაცია  და სტიგმის გაძლიერება. თუ ადამიანს არ გააჩნია სრულფასოვანი მეტყველების ან სმენის უნარი, ეს მხოლოდ განსაზღვრავს მას, როგორც შშმ პირს და არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სალანძღავი სიტყვა.

მაშინ როცა რესპონდენტი თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრობდა ნეგატიურ კონტექსტში და მათი გაკრიტიკების, გალანძღვის მიზნით გამოიყენა სწორად შშმ პირის აღმწერი დახასიათება, ჟურნალისტს არ ჰქონია რეაგირება. ჟურნალისტმა ვერ ან არ მოახდინა მსგავსი ტიპის დისკრიმინაციის იდენტიფიცირება  რესპონდენტის მხრიდან, და შესაბამისად ის, რომ ჟურნალისტი არ გაემიჯნა რესპოდენტის ასეთ შეფასებას, არ მიუთითა რომ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, ამით ხელი შეუწყო დისკრიმინაციული და სტიგმის შემცველი პოზიციის ტირაჟირებას, რაც წარმოადგენს მე-7 პრინციპის დარღვევას.

გადაცემა „რეაქცია“ 

განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, მის სტუმარს, სოსო ჯაჭვლიანს საშუალება მისცა გამოეყენებინა ისეთი ფრაზები, როგორიც არის  „ჯანსაღები“ და „შეზღუდულები“, აგრეთვე შეფასება: „შეზღუდულებს, ამ გასაცოდავებულ ხალხს“.  განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არაჯანსაღ ადამიანებად მოაზრება ავითარებს სტერეოტიპს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის ავადმყოფობა, რომელსაც განკურნება სჭირდება.

აღნიშნულ ტერმინებს რესპონდენტი იყენებს, როცა საუბრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებზე და მათ მოიხსენიებს გასაცოდავებულ ხალხად,  სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების გამო, რაც ცალსახად დისკრიმინაციული და სტიგმის შემცველია. როგორც აღინიშნა, პირდაპირ ეთერში მიწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი უნდა გაემიჯნოს და მოახდინოს მისი იდენტიფიცირება, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ჟურნალისტს ესმის და სენსიტიურია ამ საკითხის მიმართ. ჟურნალისტისაგან კი მსგავსი რეაქცია გადაცემაში „რეაქცია“ არ ყოფილა, რაც იწვევს მე-7 პრინციპის დარღვევას.

ზემოაღნიშნული სამივე გადაცემის მიმართ, შემაჯამებელი საერთო დასკვნის სახით, საბჭო დამატებით იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ „სტერეოტიპების გაღრმავების ხელის შემწყობი შესაძლოა მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას“. „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს“. “პირდაპირ ეთერში მუშაობისას ჟურნალისტმა უნდა მოუწოდოს რესპონდენტს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული  ენის შემცველი ტერმინების გამოყენებისგან, აღნიშნოს, რომ რედაქციისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია რომელიმე ჯგუფის მიმართ და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს“.

 

სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გიორგი ნიორაძემ, ეკა მიშველაძემ და და ინგა გრიგოლიამ დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა 1 

სადავო მასალა 2

სადავო მასალა 3