დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : სამირა ბაირამოვა;
მოპასუხე : TV „იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
25 მარტი, 2022 წელი
საქმე N – 554
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სამირა ბაირამოვამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, 2021 წლის 17 მარტს გასულ სიუჟეტში „მუქარა სამოქალაქო აქტივისტის მიმართ“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები. ამასთან, ვინაიდან ზუსტად ვერ დადგინდა სადავო მასალაზე პასუხისმგებელი პირი, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ
განმცხადებელი, ტელევიზიის წარმომადგენელი სხდომას არ დასწრებია და
არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სიუჟეტი ეხებოდა „კონსერვატიული მოძრაობის“ მომხრეების მუქარას სამირა ბაირამოვას მიმართ. კერძოდ, სამირა ბაირამოვამ გააპროტესტა მათი ოფისის გახსნა მარნეულში, საპასუხოდ აღნიშნული პარტიის წევრები საჯაროდ დაემუქრნენ სამირას.
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის ფრაზას სიუჟეტში: „ბაირამოვა ამბობს, რომ ის წლების წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, თუმცა პარტია დიდი ხნის წინ დატოვა“. “ინტერვიუს დროს მე არ მითქვამს, რომ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის წევრი ან აქტივისტი და წლების წინ დავტოვე პარტია”, - აღნიშნავდა განმცხადებელი.
საბჭო გაეცნო სადავო სიუჟეტს და მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. კერძოდ: 1. თავად სიუჟეტში არის ინტერვიუ სამირა ბაირამოვასთან, სადაც ის არ ახსენებს, რომ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ან მხარდამჭერი. 2. თავად მოპასუხე ტელევიზიას არ წარმოუდგენია რამე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამირა ბაირამოვამ ინტერვიუში მსგავსი რამ მართლაც თქვა. 3. არ იძებნება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყარო/ინფორმაცია, რომელშიც სამირა ბაირამოვა ფიქსირდება, როგორც ნაციონალური მოძრაობის საჯარო მხარდამჭერი ან პარტიის წევრი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი, მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ სამირა ბაირამოვა მოეხსენებინა ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრად ან მხარდაჭერად, შესაბამისად, გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.
ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი აღნიშნავდა: „ჟურნალისტმა არ დაასახელა წყარო, რომლის დაყრდნობით შეიძლება დაემტკიცებინა, რომ მე მივეკუთვნები ნაციონალური მოძრაობის პარტიას. ჟურნალისტის ფრაზა ეყრდნობა მხოლოდ ძალადობრივი ჯგუფის წევრების ტექსტს. სადაც ისინი ამბობენ, რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი. რაც ცხადია არ შეესაბამებოდა სიმართლეს“. სწორედ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არის პირველი და არა მე-3 პრინციპის დარღვევის წინაპირობა. თავად განმცხადებელიც აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს შეიძლება ეს ინფორმაცია [სამირა ბაირამოვას ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირება] სხვა წყარომ მიაწოდა, მან კი გადამოწმების გარეშე ეს ფაქტად გადასცა მაყურებელს. შესაბამისად, მან დაარღვია ქარტიის პირველი და არა მესამე პრინციპი.
მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „სოციალური ქსელში ჩემი აზრი დავაფიქსირე აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით და იმედი ტვ მოვნიშნე, დღემდე არსებული ნიუსის კონკრეტული ნაწილი არ შეცვლილა“. საბჭო აღნიშნავს, რომ მე-5 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობაა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მედიასაშუალებამ, ან კონკრეტულად პასუხისმგებელმა პირმა, ან სიუჟეტის ავტორმა მიიღო ინფორმაცია სიუჟეტთან დაკავშირებული პრეტენზიების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ სოციალურ ქსელში მონიშვნის შედეგად ეს ინფორმაცია მოპასუხემდე მივიდა, შესაბამისად, ვერ დადგინდება მე-5 პრინციპის დარღვევა.
ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. „მიმაჩნია, რომ კონკრეტულმა მედიამ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო არსებული ფაქტი განზრახ დაამახინჯა“, - აღნიშნავდა განმცხადებელი. ქარტიის საბჭოს კითხვაზე, სხვა დროსაც გაავრცელა თუ არა TV “იმედმა” სამირა ბაირამოვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია, განმცხადებელმა მსგავსი შემთხვევა ვერ გაიხსენა, შესაბამისად, კამპანიურობა, როგორც მე-11 პრინციპის დარღვევის წინაპირობა, გამოირიცხა. საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევის სხვა წინაპირობაც, როცა ჟურნალისტმა ზუსტად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. საბჭომ აღნიშნა, რომ შეიძლება ინფორმაცია: „[სამირა ბაირამოვა] წლების წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, თუმცა პარტია დიდი ხნის წინ დატოვა“ ჟურნალისტს სხვა წყარომ მიაწოდა, ან რესპოდენტის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა. ვინაიდან საბჭოს არ აქვს მყარი მტკიცებულებები ან გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც განზრახვაზე მიანიშნებდა, ვერ ადგენს მე-11 პრინციპის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- TV „იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- TV „იმედის” არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპები.