გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მამუკა ტუსკაძე ელისო ჯარიაშვილისა და გუგა დვალიშვილის წინააღმდეგ
02.05.2022

განმცხადებელი : მამუკა ტუსკაძე;
მოპასუხე : ელისო ჯარიაშვილი, გუგა დვალიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

20 ოქტომბერი,  2021 წელი

საქმე N – 496

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მამუკა ტუსკაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ  2021 წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში სათაურით „ბრალდება ქონების მიტაცებაში”, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი და სიუჟეტის ავტორი გუგა დვალიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტების წარმომადგენელმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სიუჟეტის თანახმად, ინვესტორი, ადვოკატსა და პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელს მამუკა ტუსკაძეს ქონების მიტაცებასა და თაღლითობაში ედავება, საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

ჟურნალისტები სიუჟეტში ამბობენ:

       ტუსკაძე თავს ყოფილ პოლიტპატიმარს უწოდებს და ყველა ბრალდებას პოლიტიკური მოტივაციით ხსნის.

       „ფორმულას" ინფორმაციით, ტუსკაძე სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტების და სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა. ის 2013 წელს ამნისტიის მეშვეობით გათავისუფლდა.

       მამუკა ტუსკაძის წინააღმდეგ ახლა პროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული, სხვადასხვა ადამიანების ჯგუფი მას თაღლითობას და საკუთარი ქონების მითვისებას უკვე წლებია ედავებიან.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა. მისი თქმით, არასწორია, რომ პროკურატურაში მის მიმართ რამდენიმე საქმეა აღძრული, რადგან საქმე არის სამშენებლო ამხანაგობის წინააღმდეგ აღძრული და არა კონკრეტულად მამუკა ტუსკაძის მიმართ.

განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ იგი არ უწოდებს თავს ყოფილ პოლიტპატიმარს და არ გათავისუფლებულა ამნისტიის საფუძველზე.

თავის მხრივ, ტელეკომპანიის წარმომადგენელი წერილობით შეპასუხებაში აღნიშნავდა, რომ სიუჟეტში ინფორმაციას და პირად მოსაზრებებს გამოთქვამდნენ რესპონდენტები, ჟურნალისტი კი იკავებდა ნეიტრალურ პოზიციას.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.  ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

განსახილველ სიუჟეტში ისმის ბრალდებები მამუკა ტუსკაძის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში ვხვდებით მის კომენტარს, ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტში არ ჩანს მამუკა ტუსკაძის პასუხი მის მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასევე, სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, მოეძიებინა საჭირო ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან.

შესაბამისად, ქარტიის საბჭო თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.

საბჭოს შეფასებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა. განმცხადებელს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ დადასტურებულიყო წყაროს არარსებობა.

ამ ნაწილში, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა არ მოითხოვეს ამონაწერი რეესტრიდან, დოკუმენტები შემოსავლების სამსახურიდან და არ მოიძიეს სხვა რელევანტური წყაროები.

თავის მხრივ, საბჭო მე-3 პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ წყაროს საერთოდ არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში წყარო  (მაგალითად: აბოლფაზლ იმანი მარზი - ინვესტორი, სვეტლანა მაისურაძე; გოგა ელიბეგოვი - სავარაუდო დაზარალებულები) სახეზეა.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

სხდომის მიმდინარეობის დროს დადასტურდა, რომ განმცხადებელს სიუჟეტის ავტორებისთვის მასალის შესწორებასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მიუმართავს.

განმცხადებელს პირადი მიმოწერა ჰქონდა ელისო ჯარიაშვილთან, რომელმაც იგი გადაამისამართა სიუჟეტის ავტორთან და პროდიუსერთან. არ დასტურდება, მიმართა თუ არა განმცხადებელმა სიუჟეტის ავტორს. შესაბამისად, საბჭომ მე-5 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია. 

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა მისი, როგორც პოლიტიკოსის და სამოქალაქო აქტივისტის დისკრედიტაცია, რასაც მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები. განმცხადებლის თქმით, ამან  დააზარალა მისი რეპუტაცია. საბჭო აღნიშნავს, რომ განცხადებაში არ იყო წარმოდგენილი ის ნიშანი, რომელიც გამოარჩევდა მამუკა ტუსკაძეს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია არ გულისხმობს პირის რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას. შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია. 

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ელისო ჯარიაშვილმა და გუგა დვალიშვილმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ელისო ჯარიაშვილს და გუგა დვალიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა