გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - მამუკა ტუსკაძე „მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
02.05.2022

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : მამუკა ტუსკაძე;
მოპასუხე : „მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

20 ოქტომბერი,  2021 წელი

საქმე N – 497

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მამუკა ტუსკაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 9 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა. ვინაიდან ვერ დადგინდა სადავო მასალაზე პასუხისმგებელი პირი, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.



სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სიუჟეტის თანახმად, ინვესტორი აბოლფაზლ იმანი მარზი და ადგილობრივი მოქალაქეები ადვოკატსა და პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელს მამუკა ტუსკაძეს ქონების მიტაცებაში და თაღლითობაში ედავებიან. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ „მამუკა ტუსკაძე მშენებლობის პროცესში ინვესტორს იურიდიულ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ე.წ. ამხანაგობის საბუთები თაღლითური გზით გააყალბა და საცხოვრებელი ფართები სასურველ ადამიანებზე თავად გაასხვისა”.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა. მისი თქმით, არაზუსტია ინფორმაცია, რომ პროკურატურაში მის მიმართ რამდენიმე საქმეა აღძრული, რადგან საქმე არის სამშენებლო ამხანაგობის წინააღმდეგ აღძრული და არა კონკრეტულად მამუკა ტუსკაძის მიმართ.

განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ იგი არ უწოდებს თავს ყოფილ პოლიტპატიმარს და არ გათავისუფლებულა ამნისტიის საფუძველზე, როგორც ეს სიუჟეტში იყო აღნიშნული. 

თავის მხრივ, ტელეკომპანიის წარმომადგენელი წერილობით შეპასუხებაში აღნიშნავდა, რომ სიუჟეტის მიზანი იყო მაყურებლის ინფორმირება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

საბჭოს შეფასებით სიუჟეტში ბალანსი დაცულია და ორივე მხარის პოზიციაა წარმოდგენილი, კერძოდ სადავო გადაცემა შეიცავს მამუკა ტუსკაძის პოზიციასაც, სადაც იგი ამბობს, რა მუხლით იყო დაკავებული, პასუხობს მის მიმართ არსებულ კონკრეტულ ბრალდებებზე. შესაბამისად, მამუკა ტუსკაძეს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ბრალდებებზე პასუხი გაეჟღერებინა და მაყურებელს მიეღო დაბალანსებული ინფორმაცია. შესაbამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ქარტიის 1-ლი პრინციპი არ დარღვეულა.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.

აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-3 პრინციპის დარღვევაც.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-5 პრინციპის დარღვევაც.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა მისი დისკრედიტაცია, როგორც პოლიტიკოსის და სამოქალაქო აქტივისტის, რასაც მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები, რამაც დააზარალა განმცხადებლის რეპუტაცია. საბჭო აღნიშნავს, რომ განცხადებაში არ იყო წარმოდგენილი ის ნიშანი, რომელიც გამოარჩევდა მამუკა ტუსკაძეს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი დისკრიმინაცია, ვინაიდან მე-7 პრინციპი ფარავს დისკრიმონაციას და არა დისკრედიტაციას, შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია. 

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-11 პრინციპების დარღვევაც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. „მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა