გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - იოსებ ხახალეიშვილი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი) ნინო ბაქრაძის წინააღმდეგ
02.05.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : იოსებ ხახალეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი;
მოპასუხე : ნინო ბაქრაძე;

22 აპრილი  2022 წელი

საქმე N – 556

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა იოსებ ხახალეიშვილმა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ მედიაგამოცემა „აი, ფაქტმა“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა „აი, ფაქტის“ რედაქტორი, ნინო ბაქრაძე.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებლის, ისე მედიასაშუალების წარმომადგენლები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 

2022 წლის 6 აპრილს, „აი, ფაქტის“ ფეისბუქ გვერდზე, 12:08 საათზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი ქუთაისის მერიამ დახარჯა“.  მთლიანი პოსტის შინაარსიდან გამომდინარე [იწყებოდა ასე: „სამ თვეში საჯარო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებაში 405 ათასი ლარი დახარჯეს“], მკითხველს შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ 27 ათასი ლარი დაიხარჯა 3 თვეში.  

იმავე დღეს, 18:13 საათზე, ფეისბუქ პოსტი შესწორდა და უკვე მითითებული იყო, რომ „მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი გამოყო ქუთაისის მერიამ.“

სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს და უთითებდა, რომ არასწორი იყო, თითქოს ქუთაისის მუნიციპალიტეტმა სამ თვეში სარესტორნო მომსახურებისათვის 27 000 ლარი დახარჯა.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალებამ აღნიშნა,  რომ ქარტიის პირველი პრინციპი არ დაურღვევია, ვინაიდან: 1) მალევე გაასწორა ინფორმაცია და ნაცვლად ფრაზისა „მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი ქუთაისის მერიამ დახარჯა“, დაწერა ფრაზა - „მუნიციპალიტეტებს შორის კვებაზე ყველაზე მეტი თანხა, 27 ათასი ლარი გამოყო ქუთაისის მერიამ.“  2) 7 აპრილს ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ცალკე პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ „ქუთაისის მერიის მიერ 2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გაფორმებულია 27,000 ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება. პოსტში გვეწერა, რომ ეს თანხა დაიხარჯა, რადგან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. მერიამ დაგვიზუსტა, რომ ჯერ ხარჯვის პროცესში არიან და ბოლომდე არაა დახარჯული თანხა. ჩვენც გავასწორეთ პოსტი და დავწერეთ, რომ გამოყოფილია 27,000 ლარი.“.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, თუ სახეზეა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მისი დროული და სათანადო ფორმით შესწორებით შეიძლება გამოირიცხოს პირველი პრინციპის დარღვევა (იხ. საქმე გადაწყვეტილება საქმეზე - GFF მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ).

წინამდებარე საქმეში ჩანს, რომ მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და შემდეგ იგი შეასწორა. საბჭოს ამოცანა იყო შეეფასებინა, ამ სახით და ფორმით შესწორება გამორიცხავდა თუ არა პირველი პრინციპის დარღვევას. ფეისბუქ პოსტის შესწორებულ  ვარიანტში არ ჩანს, რომ თავდაპირველად ეს პოსტი არასწორ ინფორმაციას შეიცავდა, მხოლოდ ე.წ. „შესწორებების ისტორიის [view edit history]“  შემოწმებით შეიძლება იმის ნახვა, რომ პოსტი თავდაპირველად სხვა ინფორმაციის შემცველი იყო. შესწორების სტანდარტი მედიაში - სახელმძღვანელო წესების თანახმად, მცდარი ინფორმაციის შესწორებისას რედაქციის მთავარი მიზანი და გამოწვევაა, შეძლოს დაზუსტებული დეტალების იმავე აუდიტორისთვის მოწოდება, რომელმაც თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია მიიღო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: „აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რა გასწორდა. შესაბამისად, ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რა იყო არასწორი და რა არის სწორი.“ ვინაიდან, ეს ძირითადი მოთხოვნა განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია და ამასთან, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვა მედია საშუალებებმა [infoimereti.ge, მეგა TV] ასევე არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, გასწორებით ვერ მოხდა პირველი პრინციპის დარღვევის თავიდან არიდება.

მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ საბჭო არ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა განზრახვას. ფაქტია, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია გაასწორა, ცალკე პოსტიც გამოაქვეყნა, შესაბამისად, ეს განზრახვას გამორიცხავს. ის რომ ჟურნალისტმა სათანადოდ არ შეასწორა, იწვევს ქარტიის პირველი და არა მე-11 პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინო ბაქრაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ნინო ბაქრაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

განცხადება

სადავო მასალა