გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ნიკა ნიაური ხათუნა გაგნიძის წინააღმდეგ
13.05.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 10 პრინციპი;
განმცხადებელი : ნიკა ნიაური;
მოპასუხე : ხათუნა გაგნიძე;

29 აპრილი  2022 წელი

საქმე N – 557

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნიკა ნიაურმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 18 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „კურიერის“ 18:00 საათის გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-10 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელები, მედია საშუალების/ჟურნალისტის წარმომადგენელი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 

სადავო სიუჟეტი ეხებოდა გლდანში მომხდარ მკვლელობას. სიუჟეტი იწყება შემდეგი შესავლით: „შემზარავი მკვლელობა გლდანში - 82 წლის ქალს ჯერ დანით ჭრილობები მიაყენეს და შემდეგ კი, ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს, სახლიდან წაღებულია ტელევიზორი. ანგარებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მოკლულის ნათესავი, 32 წლის ნიკა ნიაური. ის ბრალს არ აღიარებს, ოჯახი ალიბზეც საუბრობს“. სიუჟეტის თანახმად, მკვლელობაში ბრალდებულია ვინმე ნიკა ნიაური, რასაც თან სდევს განმცხადებელ ნიკა ნიაურის მაღალი გარჩევადობის ფოტოები. შესაბამისად, მაყურებელს დარჩა აღქმა/ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი სწორედ ფოტოებზე გამოსახული ნიკა ნიაურია. 

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ: „სინამდვილეში საჩივრის ავტორს კავშირი არ აქვს აღნიშნულ მკვლელობასთან.“ “წარმოდგენილ შემთხვევაში, სიუჟეტის ავტორებმა საზოგადოებას მიაწოდეს აშკარად არაზუსტი ინფორმაცია. ამასთან, სიუჟეტის ავტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გადაემოწმებინათ ინფორმაციის რეალურობა თუნდაც საჩივრის ავტორთან კომუნიკაციის საშუალებით, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს“, “ცრუ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო უმცირესი ძალისხმევის გამოჩენითაც კი - სულ მცირე იმავე სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციის გადამოწმებით, რომლიდანაც მოპოვებული იყო განმცხადებლის ფოტოები”.

საბჭოს აზრით, წინამდებარე საქმეში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. თავად მედიასაშუალებამ მეორე დღესვე აღიარა, რომ სხვა პირის ფოტოები გაავრცელა. სწორედ იმან, რომ ჟურნალისტმა დააკლო გადამოწმების ძალისხმევა და არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოიწვია პირველი პრინციპის დარღვევა. ჟურნალისტს მისი ეთიკური ვალდებულებები ჯეროვნად და სრულად რომ დაეცვა, იგი თავიდან აიცილებდა ეჭვმიტანილის ნაცვლად სხვა პირის დადანაშაულებას სასტიკ მკვლელობაში. სხვა საკითხია იმის შეფასება, საერთოდ იყო თუ არა  საზოგადოებისათვის აუცილებელი მკვლელობაში ბრალდებული და დაკავებული პირის ფოტოს ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტში გამოიყენა დაკავების კადრები, რომელშიც  ბრალდებულის სახე დაფარულია. საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ ობიექტურ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენდა მკვლელობაში ბრალდებულის ფოტოს ნახვა, რადგან ის არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, საჯარო მოხელე, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელი, ამასთან უკვე დაკავებული იყო და ვერ შეუქმნიდა საფრთხეს საზოგადოებას

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ მედიასაშუალებამ სიუჟეტის ეთერში გასვლის მომდევნო დღეს, “კურიერის” 18:00 საათის გამოშვებაში განაცხადა, რომ  გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. მათ თქვეს, რომ „გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გუშინ კურიერის ექვსსაათიან გამოშვებაში ბრალდებულ ნიკოლოზ ნიაურის ფოტო შეცდომით გავიდა, რის გამოც რუსთავი 2 ბოდიშს უხდის ფოტოზე არსებულ პირს და მაყურებელს. რეპორტაჟში გასულ ფოტოებზე სხვა პირია ასახული, რომელსაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „აღნიშნული უარყოფა არ შეიძლება მივიჩნიოთ ცილისწამების სიუჟეტის პროპორციულად და თანაზომიერად, რადგან ცილისწამების სიუჟეტში, ჟურნალისტი ნიკა ნიაურს ადანაშაულებს ნუნუ ნიაურის განზრახ მკვლელობაში. შესაბამისად, ცილისწამების უარმყოფი სიუჟეტი უნდა ყოფილიყო იმავე კონკრეტიზაციის და წამყვანს იმავე კონკრეტიკით უნდა გაესვა ხაზი, რომ ნიკოლოზ ნიაურს კავშირი არ აქვს ნუნუ ნიაურის მკვლელობასთან“; „ცრუ ინფორმაციის უარყოფის გამოყენებული ფორმით, საშუალო სტატისტიკური მსმენელისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე (დამოუკიდებლად მოძიება ამ დასახელების სიუჟეტის კონკრეტულ დროს გადახვევით) შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად რომელი სიუჟეტის, რომელი ვიზუალური მასალის რომელი ფოტო იყო შეცდომით გამოყენებული“; „სიუჟეტზე პასუხისმგებელ პირებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა ადამიანისთვის ამ ტიპის ბრალდებას საინფორმაციო გამოშვებაში საღამოს 6 საათზე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოეტანა მისი საქმიანობისა და ცხოვრების შემდგომი წარმართვისთვის და გამოეყენებინა ყველა შესაძლო საშუალება საკუთარი უხეში გაუფრთხილებლობის გამოსასწორებლად. მათ შორის, სოციალურ ქსელში, სადაც, ცრუ ინფორმაციისგან განსხვავებით, არ გავრცელებულა უარყოფის შესახებ ინფორმაცია. (ინფორმაციის უარყოფა არ მომხდარა ყველა იმ საშუალებით, რომლითაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და არ მომხდარა უმოკლეს შესაძლო ვადაში). მედიასაშუალებას და სიუჟეტის ავტორებს არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ ცრუ ინფორმაციაზე მაყურებლის მიერ დატოვებული აგრესიისა და მუქარის შემცველი კომენტარებისთვის, „დაწვით, ნათესავი კი არა მტერი ყოფილა“, “დააპატიმრეს კი არა ცოცხლად დასაწველია“, “არაადამიანი“, “მოხუცი ფულის გამო მოკლა, ამაზე უარესი დანაშაული არსებობს??“. „სიუჟეტი, სადაც გამოყენებულია ნიკა ნიაურის (განმცხადებლის) ფოტო კვლავაც იძებნება ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და YouTube  არხზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესწორების სტანდარტის მიხედვით, „აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რა იყო არასწორი და რა არის სწორი“. „მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში, გონივრული ვადა განისაზღვრება მედიის ტიპის, აუდიტორიის მოცულობის შესაბამისად ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით“.  წინამდებარე შემთხვევაში მედიის მიერ განხორციელებული შესწორება მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. საქმის განხილვის დღემდე იძებნებოდა საჯაროდ ცალკე არსებული სიუჟეტი, სადაც განმცხადებელი ნიკა ნიაური მკვლელობაში ბრალდებულად არის მოხსენიებული და არ ახლავს თან არავითარი განმარტება, ბმული, რომელიც აუდიტორიას აცნობებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია. მსგავსი არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტის დამოუკიდებლად არსებობა ქმნის რისკებს, რომ აუდიტორია არასწორ ამბავს (ნიკა ნიაურის მიერ თითქოს მკვლელობის ჩადენა) გარკვეული დროის შემდეგაც მიიჩნევს სიმართლედ და კიდევ ერთხელ მოხდება ნიკა ნიაურის დისკრედიტაცია.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.   საქმეში მარინე მინდორაშვილი 5 მედიასაშუალების წინააღმდეგ (2017) საბჭომ აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პირის პირად ცხოვრებას, იწვევს მე-10 პრინციპის დარღვევას. „მე-10 პრინციპის მიზნებისათვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, გავრცელებული ინფორმაცია იყო სწორი თუ პირიქით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მთავარია, რამდენად დაზიანდა პირის ინტერესი, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე არ მოხდეს მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ერთი შეხედვით მკვლელობის ფაქტის შესახებ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ეს ინტერესი გამოირიცხება, როცა დგინდება რომ ინფორმაცია არასწორია“, - აღნიშნა საბჭომ. სწორედ ამავე მიდგომის გათვალისწინებით საბჭომ დაადგინა, რომ განმცხადებელ ნიკა ნიაურს არასწორად დაბრალდა მკვლელობა, მოხდა მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა, გამოქვეყნდა ნიკა ნიაურის ფოტოები, პირის, რომელსაც არაფერი აკავშირებდა მკვლელობის ფაქტთან.

საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტაცია, რომ მე-10 პრინციპი ასევე დაირღვა იმით, რომ მედიასაშუალებამ გამოიყენა ნიკა ნიაურის სოციალურ ქსელში, საჯაროდ განთავსებული ფოტოები. ცალკე აღებულად, საჯაროდ არსებული ფოტოების გამოყენება, თუ ამ გამოყენებას აქვს საზოგადოების ინფორმირების მიზანი და აქვს მაღალი საჯარო ინტერესი, არ წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელყოფას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ხათუნა გაგნიძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-10 პრინციპი.

განცხადება