13 მაისი 2022 წელი
საქმე N – 542
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, გულო კოხოძე,
ნინა ხელაძე, ხატია ღოღობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თამარ ტალიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, 2021 წლის 4 დეკემბერს გასულ სიუჟეტში, დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, ქეთა ციცქიშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი და
მედიასაშუალების წარმომადგენელი, ტელევიზიამ ასევე წარმოადგინა
წერილობითი შეტყობინება.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-8 პრინციპი “ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა კრიმინალურ შემთხვევას, რომელიც მოხდა 2021 წლის 16 აგვისტოს. ამ დროს რამდენიმე პირი სასიკვდილოდ დაიჭრა. ინციდენტში მონაწილეობდა ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ზურაბ ზვიადაური. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იყო, თუმცა ამ ბრალის მიუხედავად, სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ. ციტატა: “გათავისუფლების შემდეგ, [ზურაბ ზვიადაური] ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ძებნის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის [გიორგი მდინარაძე] ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორიიდან წავიდა. გიორგი მდინარაძის მიერ ამ სურათის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მალევე წაშალა“. სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია აღნიშნული ფოტო, რომელზეც ჩანს ოთხი ადამიანი: წინა პლანზე ზურაბ ზვიადაური და გიორგი მდინარაძე, ხოლო მანქანის უკანა სავარძელზე კიდევ ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი გიორგი მდინარაძის არასრულწლოვანი შვილია.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ კრიმინალური შემთხვევის ფაქტზე მომზადებულ სიუჟეტში იდენტიფიცირებით, მოხდა მოზარდის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა და დაირღვა მე-8 პრინციპი.
შეპასუხებაში მედიასაშუალება აღნიშნავდა, რომ “ეთერში გასვლის დროისთვის არც მოპასუხე ჟურნალისტისათვის და არც ტელეკომპანიის სხვა რომელიმე თანამშრომლისთვის არ იყო ცნობილი არც მანქანის უკანა სავარძელზე მჯდარი ადამიანის ვინაობა და არც ის ფაქტი, რომ ის არასრულწლოვანია. თუმცა, ის, რომ ის არასრულწლოვანია, იცოდა მისმა მშობელმა [გიორგი მდინარაძემ], რომელმაც თავადვე გადაიღო მანქანაში სელფი/ფოტო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ, შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ ბატონ ზურაბ ზვიადაურთან და ეს ფოტო თავადვე, მშობელმა დადო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" და გახადა საჯაროდ ხელმისაწვდომი [ფოტო იდო ე.წ. "public' სტატუსით]”. “სადავო სიუჟეტის კონტექსტის, შინაარსისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მედიასაშუალებასა და მოპასუხე ჟურნალისტს არანაირი განზრახვა არ ჰქონიათ განმცხადებელი არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესი შელახულიყო, მიგვაჩნია, რომ არ დარღვეულა არც ჟურნალისტისათვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით გათვალისწინებული ეთიკური სტანდარტები და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლები”.
ქარტიის საბჭო, პრინციპზე მსჯელობისას შეეხო რამდენიმე საკითხს:
- კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, თუ მასში უშუალოდ მონაწილეობს არასრულწლოვანი [ბრალდებული, მოწმე, დაზარალებული და ა.შ.], იგი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს დაცვის ობიექტს. განსახილველი სიუჟეტიდან გამომდინარე არავითარი ტექსტი, კონტექსტი ან გარემოება არ მიუთითებს, რომ ფოტოზე გამოსახული არასრულწლოვანი რაიმეთი უკავშირდებოდა იმ კრიმინალურ ამბავს, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი.
- ჟურნალისტი ვალდებულია, არ მოამზადოს ისეთი რეპორტაჟი, „რომელიც საზიანო იქნება“ არასრულწლოვნისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში ისმის კითხვა: ამ სიუჟეტით მიადგა თუ არა რაიმე ტიპის დამატებითი ზიანი არასრულწლოვანს. როგორც აღინიშნა, სადავო მედიაპროდუქტში ჩანს ზურაბ ზვიადაური, არასრულწლოვნის მამა გიორგი მდინარაძე, მისი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პიროვნება. ამასთან, სიუჟეტში არ არის დასახელებული მოზარდის სახელი და გვარი და იგი იდენტიფიცირებადია მხოლოდ მათთვის, ვინც იცნობდა/იცნობს მას. შეპასუხებაში მედიასაშუალებამ აღნიშნა და გადამოწმების შემდეგ საბჭოც დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო ფოტო სოციალურ ქსელში, სტატუსით „საჯარო“ [Public] ატვირთა თავად არასრულწლოვნის მამამ, გიორგი მდინარაძემ და შესაბამისად, პირთა შეუზღუდავი წრისათვის, მათ შორის იმათთვის, ვინც იცნობდა მის შვილს, უკვე ხელმისაწვდომი იყო ფაქტი, რომ ის თან ახლდა მამას, როცა მან გირაოთი გათავისუფლების შემდეგ მანქანით წაიყვანა ზურაბ ზვიადაური. ასევე, აღსანიშნავია, რომ გიორგი მდინარაძის შვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე მხარს უჭერდა ზურაბ ზვიადაურს და უსურვებდა მას გათავისუფლებას.
- შეეძლო თუ არა ჟურნალისტს სცოდნოდა, რომ ფოტოზე გამოსახული იყო არასრულწლოვანი. საბჭოს შეფასებით, შეუძლებელია, ჟურნალისტს მხოლოდ ვიზუალურად დანამდვილებით სცოდნოდა, იყო თუ არა ფოტოზე გამოსახული პირი არასრულწლოვანი. აქვე აღსანიშნავია, რომ მოზარდის ფეისბუქ-გვერდის შემოწმების შემთხვევაშიც ვერ დადგინდებოდა ზუსტი ასაკი, რადგან მას მითითებული აქვს დაბადების არასწორი თარიღი.
- მნიშვნელოვანია მსჯელობა იმაზეც, რომ განსახილველ სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოიყენა რამდენიმე სხვა ფოტოც, რომელზეც ასახულნი არიან ბავშვები, მაგრამ ყოველ ასეთ შემთხვევაში, მან დაფარა არასრულწლოვნების სახეები ისე, რომ შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი აცნობიერებდა ეთიკურ ვალდებულებებს არასრულწლოვანებისადმი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ქეთა ციცქიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-8 პრინციპი.