გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - რატი იონათამიშვილი ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ
04.06.2022

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : რატი იონათამიშვილი;
მოპასუხე : ინგა გრიგოლია;

26 მაისი  2022 წელი

საქმე N – 561

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა რატი იონათამიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 28 აპრილს, „TV პირველის“  ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტს/ტელევიზიას შეპასუხება არ წამოუდგენია და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემაში, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავდა მიმდინარე აქტუალურ თემებს, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ თემაზე საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ექიმმა ლევან ფერაძემ აღნიშნა “...ან, თუნდაც, ღრმა ინვალიდობა ვნახოთ მიხეილ სააკაშვილის? იცით თქვენ, რომ შემდეგ შეხვედრაზე, ძალიან დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნარშეზღუდულის სავარძელში ვნახოთ. მან გადაადგილება ვერ შესძლოს. ის ძალიან სერიოზულად ავად არის.”

სწორედ აღნიშნულ ფრაზასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს და მიუთითებდა რომ:

„ექიმი ლევან ფერაძე იყენებს ტერმინებს: “ღრმა ინვალიდობა”, “უნარშეზღუდულის სავარძელი”, რის შემდეგაც ასკვნის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სერიოზულად ავად. შესაბამისად, ლევან ფერაძე შეზღუდულ შესაძლებლობას აიგივებს დიაგნოზთან; ეტლს წარმოაჩენს ნეგატიურ, საშინელ ატრიბუტად, რომლის საჭიროება გაიგივებულია ადამიანის ავადმყოფობასთან და მიჩნეულია, დამთრგუნველ მოცემულობად“.

„ყველაზე რთულად გადასალახი სტერეოტიპია, როცა შშმ პირებს მოიხსენიებენ პაციენტებად, დასნეულებულ და ავადმყოფ ადამიანებთან, ხოლო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, დამატებით სტიგმას ეტლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება წარმოადგენს, რაც დისკრიმინაციას ამძაფრებს. გარდა ამისა, შშმ პირები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ სწორი ტერმინების ხმარებას, რათა შეურაცხმყოფელი ტერმინები - “ინვალიდი”, “უნარშეზღუდული” ხაზს უსვამს არასრულფასოვნებას, არათანაბრობას, აძლიერებს სტიგმას და შეზღუდული შესაძლებლობას ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას.

გადაცემაში, რესპოდენტმა ლევან ფერაძემ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა მოიხსენია “ღრმა ინვალიდობად”, რითაც გააჟღერა დისკრიმინაციული ტერმინი და მიდგომა, არამედ ახსენა ტერმინი - “უნარშეზღუდულების სავარძელი”, რაც ეტლის მიმართ სეგრეგაციული დამოკიდებულების ხელშემწყობია. დაბოლოს, დაასკვნა, რომ ადამიანი, ვიზეც საუბრობდა, იმის გამო, რომ გახდება “ღრმა ინვალიდი” და ვეღარ ივლის, რადგან დასჭირდება “უნარშეზღუდულის სავარძელი”, არის “ძალიან სერიოზულად ავად”. რითაც შეზღუდული შესაძლებლობა გააიგივა დიაგნოზთან, ხოლო შშმ პირი - ქრონიკულ პაციენტთან, რომელსაც გადაადგილება არც “სავარძლით” არ შეუძლია“.

საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ შშმ პირების მიმართ შეუსაბამო ტერმინების გამოყენება და შეზღუდული შესაძლებლობების დიაგნოზად წარმოჩენა წარმოადგენს ამ ჯგუფის მიმართ არსებული სტიგმების გაძლიერებას და დათრგუნვას. რა თქმა უნდა, რესპონდენტს შეეძლო ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლოს შედეგებზე, აღეწერა იგი, მაგრამ ზუსტად ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი, არადისკრიმინაციული, სტიგმის გაძლიერების გამომრიცხავი პოზიციის დაფიქსირება და ტერმინების გამოყენება.

როგორც საბჭომ გადაწყვეტილებაში თინათინ რევაზაშვილი გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ აღნიშნა, „სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი შესაძლოა მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას“. „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს“. “პირდაპირ ეთერში მუშაობისას ჟურნალისტმა უნდა მოუწოდოს რესპონდენტს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული  ენის შემცველი ტერმინების გამოყენებისგან, აღნიშნოს, რომ რედაქციისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია რომელიმე ჯგუფის მიმართ და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს“.

რა თქმა უნდა, პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი არ არის დაზღვეული, რომ მოწვეულმა სტუმარმა გამოხატოს დისკრიმინაციული პოზიცია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რამდენად მოახდენს ჟურნალისტი ამ პოზიციის იდენტიფიცირებას, ასევე, დააფიქსირებს, რომ ასეთი პოზიცია მიუღებელია. განსახილველ შემთხვევაში, რესპონდენტის დისკრიმინაციული და სტიგმის შემცველი ფრაზა ჟურნალისტის მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე. ჟურნალისტმა არ მიუთითა, რომ ემიჯნება ლევან ფერაძის განცხადებას, რითაც დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ინგა გრიგოლიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

 

განცხადება