გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ირმა ჭკადუა ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ
08.06.2022

განმცხადებელი : ირმა ჭკადუა;
მოპასუხე : ნატა ქაჯაია;
დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;

26 მაისი  2022 წელი

საქმე N – 560

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირმა ჭკადუამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ინტერვიუში ნეკა დოროყაშვილთან, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა ინტერვიუერი ჟურნალისტი ნატა ქაჯაია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტს/ტელევიზიას შეპასუხება არ წამოუდგენია და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც აღინიშნა, სადავო იყო ჟურნალისტის ინტერვიუ ნელი დოროყაშვილთან, რომელიც საუბრობდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრების პერიოდში არსებულ ფაქტებზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ: „წამყვანის საკადრო ტექსტში არ თქმულა, რომ შეეცადნენ ფაქტების გადამოწმებას ნიკოლოზ ბასილაშვილთან, მისი ოჯახის რომელიმე წევრთან ან ნიკოლოზის იურისტთან, მეტიც, გადაცემის ავტორი და ჟურნალისტი არ დაკავშირებია არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებას არანაირი საკომუნიკაციო საშუალებით. შესაბამისად, ნეკა დოროყაშვილის მიერ გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტმა არ უზრუნველყო ბრალდებების ადრესატთან ან სხვა მეორე წყაროსთან“.

განმცხადებელი დავობდა სამ  ფაქტზე, რომელიც რესპონდენტმა გაავრცელა. კერძოდ: 

  1. „აღნიშნულ ინტერვიუში ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ ჰქონია მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევები მასთან ქორწინების პერიოდში. ამის დადგენა კი მარტივად შეეძლო ჟურნალისტს, კერძოდ, მოეძიებინა იმ პერიოდის ჩოგბურთის მსოფლიო სარეიტინგო ცხრილი და მარტივად დაადგენდა თუ რა მიღწევები ქონდა ნელი დოროყაშვილის მიერ დასახელებულ პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილს“.  განმცხადებელმა წარმოადგინა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიღწევების შესახებ ინფორმაცია.
  2. „ნეკა დოროყაშვილი ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს, მასთან თანაცხოვრების პერიოდში, არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები, ამ ვერსიის გასამყარებლად კი მოიყვანა ფაქტი, რომ თითქოს მათ უცხოეთში სასტუმროს ფულის უქონლობის გამო, მანქანაში ღამის გათევა მოუწიათ. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტს ამ შემთხვევაშიც არ გადაუმოწმებია არც ნიკოლოზ ბასილაშვილთან, მისი ოჯახის რომელიმე წევრთან  და არც ადვოკატთან. ის, რომ მორიგ ჯერზე ნელი დოროყაშვილმა შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი და მორიგი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ, დასტურდება 2019 წლის 9 იანვარს, კვირის პალიტრასათვის მიცემულ ინტერვიუთი, სადაც ნეკა დოროყაშვილი ავტომობილში ღამის გატარების ფაქტს შემდეგნაირად იხსენებს, რომ წყვილმა უცხოეთში ყოფნის დროს ავტომობილი შეიძინა ევროპის სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ და მგზავრობის დროს მანქანა გაფუჭდა, რის გამოც მოუწიათ ღამის გათევა ავტომობილში. თუმცა, ამ შემთხვევაში ინტერვიუში ნელი დოროყაშვილი მანქანაში ძილის ფაქტს, როგორც კურიოზს, ისე იხსენებს“.
  3. ტვ-პირველთან მიცემულ ინტერვიუში ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ის თითქოს ნიკა ბასილაშვილისთვის ფულს აგროვებდა მუსიკალურ ინსტრუმენტში, აღნიშნული ინფორმაცია არ გადამოწმებულა სხვა მეორე წყაროსთან, რაც ჟურნალისტის მხრიდან მორიგ დარღვევაზე მიუთითებს.

უკვე საკმაო ხანია, ყოფილ ცოლ-ქმარს, ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის არსებული სასამართლო დავა საზოგადოების განხილვის საგანია. ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს. ცნობილია, რომ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი როგორც ბასილაშვილის, ისე მისი მშობლების მიმართ. ნეკა დოროყაშვილდა მისი ადვოკატებ, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველებარაერთ გადაცემაში მონაწილეობდნენ ამ დავასთან დაკავშირებით, მეტიც, ქარტიის საბჭოს განუხილავს ასეთ გადაცემებთან დაკავშირებით ეთიკის დარღვევის სავარაუდო საკითხები, საქმე - ანა აფციაური ნათია ქოქოსაძის წინააღმდე, საქმე - ანა აფციაური მარიკა ბაკურაძის და ნიკოლოზ წულუკიძის წინააღმდეგ.

როგორც აღინიშნა, განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სამ ეპიზოდს, როცა ნეკა დოროყაშვილი აღნიშნავს, რომ: (1) ნიკოლოზ ბასილაშვილს არ ჰქონია მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევები დაქორწინების დროს;  (2) მათ უცხოეთში სასტუმროს ფულის უქონლობის გამო, მანქანაში ღამის გათევა მოუწიათ; (3) ნეკა დოროყაშვილი აგროვებდა თანხას ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის.

საბჭოს პოზიციით, პირველი სადავო ეპიზოდი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ ჰქონა მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევები, შეფასებითია. შესაძლოა, ნეკა დოროყაშვილი მიიჩნევდა, რომ იმ მომენტში [როცა დაქორწინდნენ] ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული შედეგები არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებად. რაც შეეხება მეორე და მესამე ეპიზოდს, აქ რესპონდენტი საუბრობს ფაქტებზე. საბჭო ვერ იმსჯელებს იმაზე, სწორია თუ არა ისინი, ამის ობიექტური შესაძლებლობა საბჭოს არა აქვს. საბჭომ უნდა შეაფასოს, იყო თუ არა ვალდებული ჟურნალისტი, რომ ეს ფაქტები გადაემოწმებინა და მათი გადაუმოწმებლობით დაზარალდთუ არა მაყურებლის ინტერესი, მიიღოს სწორი ინფორმაცია.

როგორც აღინიშნა, ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის სასამართლო დავის საგანი სავარადო ძალადობაა და სწორედ ამის მიმართ არსებობს ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი. რომ დავუშვათ, რომ მე-2 და მე-3 ფაქტები არასწორი იყო, ეს არსებითად არ ცვლის ინტერვიუს ძირითად ხაზს, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მაყურებელს დამატებით ინფორმაციას არ აძლევს.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა ინფორმაცია, შესაძლებელია, არასწორი იყო, მაგრამ უზუსტობას ჰქონდა არაარსებითი ხასიათი და არ ცვლიდა გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს. საბჭოს შეფასებით, კონტექსტიდან გამომდინარე, სწორედ ასეთი ტიპისაა ის ინფორმაცია, რატომ გაათიეს ღამე მანქანაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნეკა დოროყაშვილმა და აგროვებდა თუ არა ნეკა დოროყაშვილი ფულს ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. შესაბამისად, მათი გადაუმოწმებლობით ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      ნატა ქაჯაიას არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა