გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ბახტურიძე ნანი სისვაძის წინააღმდეგ
05.07.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი ბახტურიძე;
მოპასუხე : ნანი სისვაძე;

9 ივნისი, 2022 წელი

საქმე N – 555

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ბახტურიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში, სათაურით „400 ათასი ლარი თამბაქოს კონტროლისთვის | რაში ხარჯავს "ოცნება" ბიუჯეტს - საეჭვოდ მოგებული ტენდერი” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნანი სისვაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-3, მე-4, მე-5 და მე-9 პრინციპებთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი „თამბაქოს კონტროლის და მონიტორინგის ცენტრს” ეხებოდა. მასალის მიხედვით, აღნიშნული კომპანია „ხელისუფლებასთან დაკავშირებულია” და თამბაქოს კონტროლისთვის „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” მიერ გამოცხადებული 400 000-ლარიანი ტენდერი მოიგო.

განმცხადებელს პრეტენზიები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „სპეციალისტების აზრით, ეს პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება — საქმიანობას, რომელშიც ბიუჯეტის ფული გაიხარჯება, ისედაც ახორციელებენ კონკრეტული სახელმწიფო სამსახურები".

       „თამბაქოს კონტროლის ცენტრი საქართველოში 2015 წელს დაარსდა“.

       „კორუფციის მკვლევარებს კი საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ კიდევ ერთი მაკონტროლებელი რგოლი თამბაქოს ბიზნესზე დამატებითი წნეხისთვის, სწორედ სახელისუფლებო წრეების მფარველობით შეიქმნა“.

განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ მის მიმართ ჟურნალისტმაც და რესპონდენტებმაც გამოთქვეს ბრალდებები, რაზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მიეცა. მაგალითად, სიუჟეტში ბესიკ დონაძე ამბობს: „ჩნდება ეჭვი, რომ ის სამუშაო, რომელიც შეიძლება შეასრულოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 3 გაგზავნილ წერილში, რატომ ვიხდით ბიუჯეტიდან 400 000 ლარს? და რადგან 400 000 ლარს ვიხდით და უკვე კონკრეტული კომპანია ემსახურება, გამომდინარე აქედან, ჩნდება ეჭვი, რომ ეს კომპანიები არიან დაკავშირებული ამ ოდიოზურ ფიგურებთან“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, მიკერძოებულია და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს. იგი მიუთითებდა, რომ კომპანიის სახელისუფლებო წრეებთან გარიგებაში დადანაშაულება იყო ცილისწამება და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. ასევე, განმცხადებელი მანიპულაციად მიიჩნევდა ჟურნალისტის მტკიცებას, რომ ორგანიზაციამ მილიონნახევარი ლარი მიიღო ტენდერებით, თუმცა ამავდროულად მიჩქმალა ფაქტი, რომ საუბარი იყო 8-წლიან პერიოდზე.

სხვა გარემოებები, რომელთა უზუსტობაზეც მიუთითებდა განმცხადებელი, აღნიშნულია თანდართულ განცხადებაში.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი ამბობდა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაიცვა სიზუსტე და ბალანსი, რადგან მასალაში იყო გიორგი ბახტურიძის კომენტარიც.

სხდომის შემდეგ მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორის” კვლევაზე - “დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 90 ათას ლარზე მეტი გადაუხადა საეჭვო ტენდერებში შემჩნეულ FCTC''-ს. მოპასუხე მიუთითებდა, რომ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ემთხვევა სადავო სიუჟეტში მოწოდებულ ინფორმაციას, რითაც დასტურდება, რომ ეს მოსაზრებები არაა მიკერძოებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით არის მომზადებული.

შესაბამისი დოკუმენტების მოკვლევის შედეგად, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ, საბჭომ დაადგინა, რომ თამბაქოს კონტროლის ცენტრი 2003 წელს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ  დოკუმენტში, რომელიც ეკრანზე ჩანს, წერია რეგისტრაციის სწორი თარიღი, ჟურნალისტი მას არასწორად კითხულობს. რეგისტრაციის თარიღად 2015 წლის გამოცხადებამ, შესაძლოა მაყურებელში წარმოშვას ეჭვი, რომ კომპანიას „ქართულ ოცნებასთან” აქვს კავშირი. რეალურად კი კომპანია წინა ხელისუფლების დროს დაფუძნდა.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს”. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში გიორგი ბახტურიძის კომენტარს ვხვდებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მისი საპასუხო პოზიცია არ ჩანს.

შესაძლოა, „ფლანგვის დეტექტორის” კვლევა, რომელიც „მთავარმა არხმა” მოგვიანებით წარმოადგინა, ადასტურებდეს სიუჟეტში გამოთქმულ მოსაზრებას, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტურ მასალას ეთერში გასვლის დროს, ანუ მაშინ, როცა ის მაყურებელმა ნახა, აკლდა გადამოწმება და ბალანსი.

ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. სიუჟეტში განმცხადებლის კომენტარიდან ჩანს, თუ რაზე მუშაობს მისი ორგანიზაცია, თუმცა აუდიტორიამ ვერ მიიღო პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიცაა ხელისუფლებასთან კავშირები და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ და ორგანიზაციის რეპუტაციული ზიანის მიყენებისკენ იყო მიმართული.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო იმ შემთხვევაში მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან არასწორი ინფორმაციის კამპანიურად გავრცელება, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. იმისთვის, რომ დადასტურდეს ჟურნალისტის განზრახულობა, მნიშვნელოვანია, ეს დამატებით წყაროებში/დოკუმენტებში ჩანდეს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნანი სისვაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ნანი სისვაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა