დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
განმცხადებელი : სოლიდარობის თემი;
მოპასუხე : ნათია თავდგირიძე;
22 ივნისი, 2022 წელი
საქმე N – 567
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე,
ნინა ხელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოლიდარობის თემმა (ნესტან ანანიძე, ჰურიე აბაშიძე, ზაზა მიქელაძე, თორნიკე აბულაძე, ავთო შავაძე, მაია რიჟვაძე, ლია დეკანაძე, ელდარ ჯავახიძე, ლელა დეკანაძე), რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 14 მაისს „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „ერთი დღე სოფელში” ჟურნალისტმა ნათია თავდგირიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები,
ჟურნალისტმა კი შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო რეპორტაჟი სოფელ ჭვანაში მდებარე მეჩეთს ეხებოდა. სიუჟეტის დასაწყისში წამყვანი ამბობს:
„თუ სოფელ ჭვანაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ უძველესი მეჩეთი, რომელიც სოფლის შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. ჩვენ, მეჩეთის დასათვალიერებლად წასულებს, მეგზურობა ადგილობრივმა დავით ქათამაძემ გაგვიწია. ის 73 წლისაა. პროფესიით პედაგოგმა სოფლის ისტორია კარგად იცის და წინაპრების მონაყოლსაც ხშირად იხსენებს. მისი თქმით, აქ თავიდან ქრისტიანული სამლოცველო იდგა, რომელიც თურქთა შემოსევის შემდეგ დაინგრა, მის ადგილას კი მეჩეთი ააშენეს".
რეპორტაჟში რესპონდენტი ამბობს:
● „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თურქებმა აჭარაში შემოსევები დაიწყეს მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისში. არ გვეგონოს, რომ მოვიდნენ და უცბად მოახდინეს ამ სარწმუნოების გავრცელება. დაახლოებით 50-60 წელი დასჭირდა, რომ ეს ხალხი გამაჰმადიანებულიყო. ერთ მაგალითს გეტყვით, რომ როცა ისინი მოვიდნენ ცხმორისში, იქ ყოფილა ძალიან დიდი ეკლესია, თუ არ ვცდები წმინდა გიორგის სახელობის, და ეს ეკლესია დაუნგრევიათ. იქიდან ხატები გამოუტანიათ და დანდალოს ქვის თაღოვანი ხიდი რომ არის, იქ გასასვლელზე დაუწყვიათ. ვინც ფეხით გაივლიდა და გათელავდა ხატებს, ის უკვე მუსულმანი იყო, ხიდს გადაივლიდა და გადავიდოდა მეორე მხარეს. ვინც შემოუვლიდა ირგვლივ და პირჯვარს გადაიწერდა, იმას უკვე თავს კვეთდნენ და მდინარეში აგდებდნენ".
● „ასეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ბავშვიანი ქალი მოსულა, ის არ მორიდებია თურქების ამ კანონს, რაც დაადგინეს მაშინ, რომ ვინც არ გაივლიდა, თავებს კვეთდნენ. შემოუვლია ამ ხატებზე ირგვლივ, პირჯვარი გადაუწერია და წასულა ხიდისკენ. თურქები მივარდნილან, ეს ბავშვი გამოურთმევიათ ხელში, ჰაერში აუსროლიათ, ხმლით გადაუკვეთავთ ეს ბავშვი და ბავშვი რომ გადაშვებულა წყალში, თვითონ დედამისიც მიჰყოლია მას. ასეთ სურათზე მაყურებელი ხალხი შეშინდა და თანდათან დაიწყეს სარწმუნოების შეცვლა".
● „მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა ასეთი დიდი ფართის მეჩეთი. აქ იყო ძველი კარი, რომელზეც აღინიშნებოდა ბევრი ჯვარი. ეს მოხსნეს, შეცვალეს და ახალი კარი იქნა დაყენებული".
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაამოწმა, გააშუქა არასწორად და სიუჟეტშივე არ ასახა წყარო, რომელიც მოყოლილი ისტორიების საპასუხო/ალტერნატიულ ვერსიას შესთავაზებდა მაყურებელს. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა ცალმხრივად გადმოსცა საკითხი და სიუჟეტში გაჟღერდა ფაქტობრივი უზუსტობები. კერძოდ, იგი მიუთითებდა:
● თურქები არ შემოსულან საქართველოში. სავარაუდოდ, იგულისხმება ოსმალეთის იმპერია.
● ჭვანის ხის მეჩეთის კარზე ჯვრების გამოსახულებები არასდროს ყოფილა, შესაბამისად, მისი ჩამოხსნაც ვერ მოხდებოდა.
● მუსლიმების მიმართ მაჰმადიანის გამოყენება არის შეცდომა და რელიგიურად მიუღებელი.
განმცხადებელი ამბობდა, რომ რეპორტაჟში ჟურნალისტმა არ დააზუსტა, რა ისტორიულ კვლევებსა და წყაროებს ეფუძნებოდა რესპონდენტის მონათხრობი. აქვე, იგი აღნიშნავდა, რომ წამყვანის მიერ გაკეთებული შესავალი და მისი რეპლიკები [ნათია თავდგირიძე: „მე რამდენადაც ვიცი, იყო ეკლესია და შემორჩენილია საძირკველი”] მოყოლილ ისტორიებს სძენდა სანდოობის ხარისხს და ფაქტად წარმოაჩენდა.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ ამ გადაცემის ფორმატში რესპონდენტებს ეძლევათ საშუალება მოყვნენ ისტორიები, რომლებიც მათ წინაპრებისგან აქვთ შემორჩენილი. ჟურნალისტის თქმით, იგი ნათლად ემიჯნება ამ ისტორიებს, რადგან ლეგენდებისა და გადმოცემების დაზუსტება შეუძლებელია და მათ არ აქვს მეორე მხარე. იგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც რესპონდენტი ყვება სოფელში შემორჩენილ ისტორიას, რასაც ბევრი თანამედროვე ეთნოგრაფიც ადასტურებს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია ან ისტორიული ფაქტები გაეშუქებინა ისე, რომ მას არ ჰქონოდა დამაზიანებელი ეფექტი.
წამყვანი არ იყო სკეპტიკურად და კრიტიკულად განწყობილი რესპონდენტის მონათხრობის მიმართ, არ დასვა შეკითხვები მასთან და ასევე, სხვა წყაროებთან. გადაცემა არ გადიოდა პირდაპირ ეთერში, შესაბამისად, არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ წამყვანს ჟურნალისტურ პროდუქტში მაყურებლისთვის მიეწოდებინა ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც.
მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისტორიული ნარატივების, თუნდაც ლეგენდების/მონათხრობების გაშუქებას. შესაძლოა, ასეთ შემთხვევებში, მინიმალური იყოს ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ჟურნალისტს, მოიძიოს დამატებითი დოკუმენტაცია/კვლევები/ჩანაწერები, რათა მაყურებლამდე მიიტანოს მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია. არასწორი ინტერპრეტაციებით ისტორიული ფაქტების გამოყენებას და ისტორიული ფაქტებით მანიპულაციას შესაძლოა დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. მედიაში ისტორიის მოყოლას დამატებითი პასუხისმგებლობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ ლეგენდებზეა საუბარი, რომლებიც გადაცემაში იყო მოთხრობილი.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია და ფრაზები აძლიერებდა თურქოფობიურ განწყობებს და აუდიტორიას უარყოფითად განაწყობდა არამხოლოდ მეზობელი სახელმწიფოს, არამედ მუსლიმი ქართველების მიმართაც. მისი თქმით, სიუჟეტის შინაარსმა ჭვანას მუსლიმი მოსახლეობა წარმოსახა მოღალატეებად, რაც დღეს ქართველი მუსლიმების მიმართ აძლიერებს სიძულვილის ენას და დისკრიმინაციულია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით.
განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მასალა ქართველი მუსლიმების მიმართ შუღლის გაღვივებას იწვევს და აძლიერებს არსებულ სტერეოტიპებს, როგორიცაა „შეუძლებელია ქართველი იყოს მუსლიმი”, “ქართველი მუსლიმების ადგილი საქართველოს მიწაზე არ არის”, “მუსლიმები არიან მოძალადეები”, “საქართველოში არ უნდა აშენდეს მეჩეთი”, “ქართველი მუსლიმები უნდა დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ (მართლმადიდებლურ) რელიგიას”, “ისინი მეზობელი ქვეყნის ინტერესებს ატარებენ”, “ისლამი არ არის აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმების თავისუფალი არჩევანი” და ა.შ.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა მიუთითა, რომ მასალის მიზანი არ ყოფილა სიძულვილის ენის ტირაჟირება და მას სურდა მეჩეთის შესახებ ინფორმაცია აუდიტორიისთვის პოზიტიურ კონტექსტში მიეწოდებინა.
საბჭო მიიჩნევს, რომ მასალა დისკრიმინაციულია, ახალისებს სიძულვილის ენას და შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას შეუწყოს ხელი.
სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ უარყოფით მითებთან ბრძოლა ეთიკური მედიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და პოზიტიური ვალდებულება უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა მცდელობა, გადაემოწმებინა და გამოერკვია, რას ეფუძნება საზოგადოებაში ჩამოყალიბებული უარყოფითი რწმენა-წარმოდგენები, თავად გაეკეთებინა იდენტიფიცირება იმის, რომ რესპონდენტის მიერ წარმოდგენილი ისტორიები თუ ლეგენდები დამაზიანებელია და თურქოფობიურია.
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტი შეიძლება ჰყვებოდეს ლეგენდას, წინაპრების მონათხრობს თუ სოფელში გავრცელებულ ისტორიას, ეს არ ათავისუფლებს ჟურნალისტს იმ პასუხისმგებლობისგან, მოახდინოს დისკრიმინაციული ინფორმაციის იდენტიფიცირება და მის გავრცელებას ხელი შეუშალოს.
სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციულ გამონათქვამებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტი, საზოგადოებაში არსებული განწყობა, დამოკიდებულება ამა თუ იმ თემის მიმართ. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს ინფორმაცია, მაშინ, როდესაც არსებობს საფრთხე, მასალამ გამოიწვიოს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შუღლი, მათ შორის პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ისტორიული ფატების/ლეგენდების/წინაპრების მონათხრობების გავრცელებას.
საბჭო მიიჩნევს, რომ მასალაში გავრცელებული ინფორმაცია ამძაფრებს საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტერეოტიპებს, ხოლო მუსლიმთა მტრებად, დამპყრობლებად განსაზღვრა ხელს უწყობს რელიგიურ დაპირისპირებას.
სადავო გადაცემაში რესპონდენტების მიერ გამოყენებული ლექსიკა და დამოკიდებულება ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, ამ დროს ჟურნალისტს არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება მიუღებელია როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისთვის. ამასთან, გადაცემა არ გადიოდა პირდაპირ ეთერში, შესაბამისად ჟურნალისტს ამის გაკეთება მონტაჟის დროსაც შეეძლო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ
დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ნათია თავდგირიძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი.