გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ფემინა რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
15.07.2022

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ფემინა;
მოპასუხე : რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

30 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 566

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „ფემინამ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 31 მაისს „რუსთავი 2”-ის გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში” ჟურნალისტმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის მედიასაშუალების წარმომადგენლის მხრიდანაც. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებლის, ისე მედიასაშუალების წარმომადგენლები.

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემა ფემიციდს, ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა.

განმცხადებელი გადაცემის იმ ნაწილზე დავობდა, როდესაც ჟურნალისტმა  ქუჩაში ხალხის გამოკითხვისას შემდეგი შეკითხვები დასვა:

       ცოლი ქმრის საკუთრებაა?

       ქალი რომ თხოვდება, ვინაა მისი პატრონი?

       ოჯახის თავი ვინ არის?

       წამორტყმა უნდა აიტანოს ცოლმა ქმრისგან?

       რა შემთხვევაშია ცოლის ცემა გამართლებული?

       თქვენ რომ ცოლმა გიღალატოთ, როგორ მოიქცევით?

       თქვენმა მეუღლემ პატრული რომ გამოიძახოს კონფლიქტის დროს, რას იზამთ?

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ  გამოკითხვა მანიპულაციური იყო და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფორმულირებით გავიდა ეთერში.

განმცხადებლის აზრით, გამოკითხვა საკამათოდ ხდიდა იმას, საერთოდ გამართლებულია თუ არა რაიმე შემთხვევაში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა. იქმნებოდა განცდა და ფონი, რომ ზოგადად, ძალადობა დაშვებულია, როგორც „ურჩი" და „მოღალატე" ცოლების დასჯის მექანიზმი.

განმცხადებელის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, რესპონდენტების რეპლიკები პრობლემური იყო და ჟურნალისტს მათი ეთერში გაშვება უნდა აეცილებინა თავიდან. მაგალითად, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ღალატის შემთხვევაში ცოლს „კისერს მოაჭრის და გადააგდებს ხევში", მასალის ავტორს ეს პასუხი ტიტრად გამოაქვს, რაც ღიად ახალისებს ფემიციდს, ძალადობას და დისკრიმინაციას გენდერის ნიშნით.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ უკიდურესად მიზოგინურ, ქალებისა და გოგონებისთვის არაკომფორტულ გარემოში, სოციუმში, სადაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ფემიციდის 80-ზე მეტი ფაქტი მოხდა, მედიის მხრიდან მსგავსი მესიჯების გავრცელება არაეთიკური და საზიანოა.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტის/მედიასაშუალების წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა შეკითხვები დასვა გადაცემის თემიდან გამომდინარე და ამ გამოკითხვით მედიას საზოგადოების აზრის ჩვენება სურდა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. .

საბჭო მიიჩევს, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქალთა დისკრიმინაციას და იმ სტიგმის გაძლიერებას, რომ ქალზე გარკვეული სახით ან/და „დოზით“ ძალადობა აუცილებელი და მისაღები ქმედება შეიძლება იყოს. ჟურნალისტმა ცალსახად არ აღნიშნა ქალზე ძალადობის მიუღებლობა და რესპონდენტების ნაწილს საშუალება მისცა, ძალადობის ფაქტზე, როგორც ჩვეულებრივ ამბავზე, ისე ესაუბრა.

ქარტიის მიერ შემუშავებული „გენდერული საკითხების გაშუქება - სახელმძღვანელო წესების“ თანახმად:

       მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას.

       ფემიციდი  ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანია არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ქალზე ძალადობის გამომწვევი მიზეზი, რა შემთხვევაშია ცოლის ცემა გამართლებული ან ქმრის საკუთრება არის თუ არა ქალი, უკვე ვეხმარებით სტიგმის გაძლიერებას. საბჭო აღნიშნავს, რომ სწორედ ამ კითხვების დასმით ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას.

ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა და ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რაც ჟურნალისტს ცალსახად უნდა განემარტა.

დღეს ქალებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება ძალიან ხშირია. საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, რომ ქალის მიმართ ძალადობა ღალატის შემთხვევაში გამართლებულია და მამაკაცი ქალის „პატრონია". მედიას უნდა ესმოდეს, რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს ამას და ქალთა თემაზე მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტებში არ უნდა შეუწყოს ხელი ისედაც არსებული სტიგმის კიდევ უფრო გაძლიერებას.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოდის ჟურნალისტზე. კერძოდ, როდესაც მისი რესპონდენტები ავრცელებენ სტიგმის შემცველ, სტერეოტიპულ, დისკრიმინაციულ განცხადებებს, ჟურნალისტმა ხელი უნდა შეუშალოს მათ გავრცელებას.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

განცხადება