გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო ნიკუშა ხაჩიძის, ანა ჩირაძის, ნინო ჩხეიძის, ავთანდილ ცქვიტინიძისა და ზურა ხაჩიძის წინააღმდეგ
22.07.2022

განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
მოპასუხე : ნიკუშა ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ნინო ჩხეიძე, ავთანდილ ცქვიტინიძე, ზურა ხაჩიძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 10 პრინციპი;

30 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 568

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 31 მაისს, რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში” წამყვანებმა ნიკუშა ხაჩიძემ, ანა ჩირაძემ, ნინო ჩხეიძემ, ავთანდილ ცქვიტინიძემ და ზურა ხაჩიძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებლის, ისე მედიასაშუალების/ჟურნალისტების წარმომადგენლები.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო გადაცემა ფემიციდს, ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა. განმცხადებელი გადაცემის რამდენიმე ნაწილზე დავობდა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ გადაცემა დაეთმო ფემიციდის ვულგარიზაციასა და ბანალიზაციას, რადგან მთავარი ინტერესი არ ყოფილა ამ პრობლემის სიღრმისეული ანალიზი. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობაზე, როგორც სისტემურ და საყოველთაო პრობლემაზე აქცენტი არ დასმულა და ფემიციდზე პასუხისმგებლობის გაზიარების შემთხვევაში ფოკუსი არასწორად გაკეთდა. გადაცემის წამყვანები და სტუმრები ახსენებდნენ საზოგადოების პასუხისმგებლობას, მათ დაგმეს და არ მოიწონეს ფემიციდის კონკრეტულ შემთხვევაში ადგილზე მყოფი ადამიანების „უმოქმედობა”, რომ დამნაშავე ვერ შეაჩერეს, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს დანით შეიარაღებულ ადამიანს და ფემიციდი ვერ აიცილეს თავიდან. განმცხადებლის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ ამ მოსაზრებას იზიარებს ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც აღნიშნავს, რომ „შეიძლებოდა ამ ადამიანის გაჩერება”.

გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში წამყვანი ამბობს: „ეს ქალები და ეს კაცები ზრდიან ბიჭ შვილებს”.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ პატრიარქალური კულტურის და არსებული კონტექსტის შესახებ ანალიზის გარეშე გავრცელება მოსაზრების, რომ “ქალები ზრდიან მოძალადე შვილებს”, პრობლემურია. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საკითხისადმი ზერელე მიდგომას აჩვენებს და ქალთა მიმართ ძალადობაში მთავარ დამნაშავეზე ფოკუსირება არ ხდება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია: თავად დანაშაულის ჩამდენი და სახელმწიფო, რომელიც თავისი გულგრილობითა და პრობლემის მნიშვნელობის არასრულფასოვნად გააზრებით, ქალებს ძალადობის დაუსრულებელ წრეში ამყოფებს.

განმცხადებელი ასევე პრობლემურად მიიჩნევდა გადაცემის დასაწყისში გასულ სიუჟეტს, სადაც ფემიციდის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის რეკონსტრუქცია მოხდა და ჟურნალისტმა დეტალური ინფორმაციით გადმოსცა, რა მოხდა იმ კონკრეტული შემთხვევის დროს.

განმცხადებელი საზიანოდ მიიჩნევდა გადაცემაში გასულ ქუჩის გამოკითხვებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით ქარტიის საბჭომ განიხილა „ფემინას” განცხადება და ამ ნაწილში მეშვიდე პრინციპის დარღვევა დადგინდა.

სხვა გარემოებები, რომლებზეც მიუთითებდა განმცხადებელი, აღნიშნულია თანდართულ განცხადებაში.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალების/ჟურნალისტების წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მედიასაშუალების მხრიდან იყო მცდელობა, გადაცემაში მოეწვიათ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, რათა მათაც მიეწოდებინათ ინფორმაცია მაყურებლისთვის, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში მედია დიდი როლს ასრულებს, შესაბამისად, მის შესუსტებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორად გაშუქებას მიუძღვის.

საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვანებმა ხელი შეუწყეს ქალთა დისკრიმინაციას და იმ სტიგმის გაძლიერებას, რომ ქალზე გარკვეული სახით ან/და „დოზით“ ძალადობა აუცილებელი და მისაღები ქმედება შეიძლება იყოს.

ქარტიის მიერ შემუშავებული „გენდერული საკითხების გაშუქება - სახელმძღვანელო წესების“ თანახმად:

       მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას.

       ფემიციდი  ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ მედიამ არ უნდა დაიწყოს იმის გარკვევა, რა “დააშავა” ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანია არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, ასევე არ წარმოაჩინეს სისტემური და საყოველთაო პრობლემა სათანადო სახით, ისე, რომ არ გაძლიერებულიყო დისკრიმინაცია.

ასევე, საბჭო მიიჩნევს, რომ საყურადღებოა გადაცემის დასაწყისში გასული სიუჟეტი, რომელიც ფემიციდის შემთხვევის რეკონსტრუქციაა. მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ტექნიკის აღწერა და მისი დეტალიზება. ასეთ დროს არსებობს საშიშროება, რომ მსგავსი სახით ინფორმაციის გაშუქებამ შესაძლოა მისი განმეორებითობა გამოიწვიოს.

საბჭოს აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემა არ არის პირდაპირ ეთერში და ჩანაწერია, მის ავტორებს და მედიასაშუალებას ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ პრობლემური ნაწილების ეთერში გასვლა თავიდან აეცილებინათ. მაგალითად, გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში თავად გადაცემის სტუმარი, გვანცა დარასელია გამოთქვამდა პროტესტს დასმულ კითხვებთან დაკავშირებით [გვანცა დარასელია: “რა შემთხვევაშია გამართლებული ცოლის ცემა, არ უნდა ვკითხოთ... არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თანამგრძნობები იპოვონ გარშემო”], მიუხედავად ამისა, გადაცემა გავიდა ამ ფორმით, რასაც საბჭოს აზრით, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდა.

საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან დაკავშირებით საუბრისას, კონკრეტული შემთხვევების განხილვისას, უმჯობესია ჟურნალისტმა ფოკუსი სისტემურ პრობლემებზე გააკეთოს: რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რამდენად კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას საჯარო მოხელეები,  როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში და ა.შ.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ამ ნაწილში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში გარდაცვლილი ქალების ფოტოების გავრცელება ფემიციდსა და ძალადობის სისტემურ პრობლემაზე საუბარს დამატებით შინაარს არ სძენდა. განმცხადებლის თქმით, იდენტიფიცირებით შესაძლოა კიდევ ერთხელ შეილახოს გარდაცვლილი ქალების ღირსება და დაზიანდეს მათი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესი. ასევე, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პრობლემური იყო გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში სხვისი პირადი ცხოვრების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მედიკამენტზე დამოკიდებულების განხილვა მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე. ამ ნაწილში არ ჩანდა, წამყვანებს ჰქონდათ თუ არა კონკრეტულად ამ პირისგან ნებართვა. განმცხადებელი მიუთითებდა გადაცემის შემდეგ ნაწილზე:

-        ჟურნალისტი: როგორ ფიქრობ, მოძალადე გამოსწორდება?

-        თამარ მაყაშვილი: არა, იცი რაშია საქმე, მოძალადე შეიძლება გამოსწორდეს თუ ის არ ზის რაღაცა საშინელ პრეპარატებზე, თან მას გენეტიკურად არ აქვს ნორმალურად საქმე.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსხვერპლი ქალის ფოტოები მანამდეც ყოფილა საინფორმაციო გამოშვებებში, სოციალურ ქსელებში გამოყენებული და გადაცემამ ჩათვალა, რომ შეეძლო, მსგავსი სახით ამჯერადაც გაშუქებინა საკითხი.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების ცოდნა.

სადავო გადაცემაში საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე [მაგალითად: კონკრეტული პირის მედიკამენტებზე დამოკიდებულებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე]. ინფორმაციაზე მხოლოდ ერთი მხარე საუბრობდა.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემაში პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა ობიექტური და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, არ აწვდიდა მაყურებელს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჭირო იყო გადაცემის მთავარი თემის სრულად და ყოველმხრივ აღსაქმელად, ამ დეტალების გასაჯაროებას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ასეთ დროს, შესაძლოა პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების ხაზის გასმამ თემის სტიგმატიზებას შეუწყოს ხელი. შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი.

საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებამ ყოველთვის უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე გარდაცვლილი პირების ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელებისას, პატივი სცეს მათ პირად ცხოვრებას და არ გამოიყენოს საჯაროდ უკვე გავრცელებული მასალები ისე, რომ  გააძლიეროს სტერეოტიპები.

ფოტოების გავრცელების ნაწილში, საბჭო არ მიიჩნევს, რომ დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონკრეტულ გადაცემაში. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ ფემიციდის გაშუქებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, მედია განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მოკლული ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალების გამოქვეყნებას. მათი გამოყენებისას გააანალიზოს, რამდენად პასუხობს საჯარო ინტერესს, არ გამოიყენოს და არ გამოაქვეყნოს ისეთი ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც არა ინფორმაციის მატარებელი, არამედ პირიქით დისკრიმინაციული მიდგომების ხელშემწყობია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნიკუშა ხაჩიძემ, ანა ჩირაძემ, ნინო ჩხეიძემ, ავთანდილ ცქვიტინიძემ და ზურა ხაჩიძემ დაარღვიეს ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.

 

 

განცხადება

სადავო მასალა