გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „ანაგი” ნინიკო გიგაურის და დიანა ჯოჯუას წინააღმდეგ
01.08.2022

განმცხადებელი : შპს „ანაგი”;
მოპასუხე : ნინიკო გიგაური, დიანა ჯოჯუა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

20 ივლისი,  2022 წელი

საქმე N – 570

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, მანანა ქველიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს-მ „ანაგი”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 27 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, ნინიკო გიგაური და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, დიანა ჯოჯუა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე მედიასაშუალებამ პოზიცია წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალა ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობასა და შპს „ანაგის” საქმიანობას ეხებოდა.

წამყვანი შესავალში ამბობს: „30 მილიონის დახარჯვის მიუხედავად ბათუმს ამ დრომდე არ აქვს ახალი სპორტული კომპლექსი. რეგიონის მთავრობა კი პროექტის დასასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მილიონებს ითხოვს. 4-წლიანი მუშაობის შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა კომპანია „ანაგმა” სამი ობიექტიდან მხოლოდ ერთი დაასრულა. შეუსრულებელი ვალდებულებების მიუხედავად, სანქციები „ანაგის” მფლობელებს არ ემუქრებათ. დაზარალდა მხოლოდ ბიუჯეტი, რომლის ფულიც, სავარაუდოდ, არამიზნობრივად, კორუფციული სქემით გაიფლანგა".

ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს: „აჭარის მთავრობამ 20 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ 2018 წელს ბათუმში სპორტული კომპლექსის, საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მოსაწყობად გამოყო. ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ქართული ოცნების მეგობარ კომპანია “ანაგს” გაუფორმა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა, ქართული ოცნების ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ სამუშაოები არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის კი თითქმის 30 მილიონი ლარი გადაუხადა, ამიტომ ახლა ოპოზიცია ბიუჯეტიდან დამატებითი მილიონების გამოყოფას ეწინააღმდეგება".

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო. მისი თქმით,

       შპს „ანაგს" ქალაქ ბათუმში ყინულის მოედნის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, „ანაგსა" და სახელმწიფოს შორის ყინულის მოედნის მშენებლობაზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა. რადგან არ არსებობდა ხელშეკრულება, ეკონომიკის სამინისტრო ვერც შეწყვეტდა მას.

       Შპს “ანაგი” იყო კანადური კომპანია „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ ქვეკონტრაქტორი. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ შეასრულა სამშენებლო, მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რაც მთლიანი პროექტის დაახლოებით 20%-ს შეადგენდა.

       „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ და შპს „ანაგს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2 მილიონ დოლარს.

       შპს „ანაგის" მიერ განხორციელებულ სამუშაოებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზა ჩაუტარა და დამაკმაყოფილებლად მიიჩნია, შესაბამისად, სამუშაოები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულდა.

       კონტრაქტის მიხედვით, კომპანიას არ ევალებოდა ობიექტის დასრულება.

       შპს „ანაგი" 1989 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, წინა მთავრობის დროს უფრო დიდი სამშენებლო პროექტები ჰქონდა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის მიჩნეული იგი „ქართული ოცნების" მეგობარ კომპანიად და აქცენტი რატომ გაკეთდა იმაზე, რომ ვინმე მიკერძოებულია კომპანიის მიმართ.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იყო საჯარო წყაროებიდან [მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე] და თავად კომპანიასთან, რომლის პოზიცია აღნიშნულ სიუჟეტში არ ჩანს. განმცხადებლის თქმით, მასალაზე მუშაობისას მათ [კომპანიის დირექტორს, იურისტს და მარკეტინგის განყოფილებას] ჟურნალისტი არ დაკავშირებია, რათა ინფორმაცია გადაემოწმებინა და მათი პოზიცია აესახა.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტების წარმომადგენელმა წერილობით განმარტა, რომ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციას თავად რესპონდენტები [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები] ადასტურებდნენ, ამიტომ გაუგებარი იყო, დამატებით რა დეტალები უნდა გადაემოწმებინა ჟურნალისტს კომპანიასთან. მოპასუხემ წარმოადგინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნებული ანგარიშ, სადაც, მისი თქმით, კომპანია „ანაგი” პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევების კონტექსტში იყო მოხსენიებული და მითითებული იყო, როგორც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებული. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კომპანიის „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირება არ არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

მოპასუხის თქმით, ის, რომ „ანაგი" ქვეკონტრაქტორია, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ობიექტების [სპორტული კომპლექსი, ყინულის მოედანი და საცურაო აუზი] მშენებლობაზე, ამიტომ, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კომპანია პასუხისმგებლობას ირიდებს თავიდან.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს”. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. სიუჟეტში არ ჩანს მოპასუხე მხარის, შპს „ანაგის" პოზიცია, ჟურნალისტს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია მასთან. ის, რაც მაყურებელმა ნახა, აკლდა გადამოწმება, ბალანსი და წყაროები.

სხდომის დროს დადასტურდა, რომ შპს „ანაგის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულ პროექტზე მითითებული იყო, როგორც „მიმდინარე პროექტი, დასასრულის თარიღი კი 2022 წლის აგვისტო". განმცხადებელმა დაადასტურა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყო შეცდომა მათი მხრიდან და გასწორდებოდა. მიუხედავად ამ გარემოებისა, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც რომ მოემზადებინა ჟურნალისტს მასალა, იმ ბრალდებებზე, რაც სიუჟეტში გაჟღერდა [ხელისუფლებასთან კავშირები და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა] მაყურებელს უნდა ჰქონოდა ფაქტობრივი ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია.

ასევე, სიუჟეტში არ იყო მითითებული, რომ კომპანია „ანაგი" იყო „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ ქვეკონტრაქტორი, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მას ეკისრებოდა ბათუმში სპორტული კომპექსის მშენებლობა. სიუჟეტში არ იყო ნახსენები, რომ უშუალოდ კომპანიას არ ჰქონია კონტრაქტი გაფორმებული სახელმწიფოსთან, შესაბამისად, არც სახელმწიფოს შეუწყვიტავს მისთვის ხელშეკრულება. საბოლოოდ, ჟურნალისტურ პროდუქტს აკლდა გადამოწმება, წყაროები და ყველა მხარის მიერ დადასტურებული ინფორმაცია.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ, რაც კომპანიას მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა.

ქარტიის საბჭოს სხდომაზე განმცხადებლის მოსმენის, ასევე, მოპასუხის წერილობითი ნაწილისა და დამატებითი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინიკო გიგაურმა და დიანა ჯოჯუამ დაარღვიეს ქარტიის 1-ელი პრინციპი.
  2. ნინიკო გიგაურს და დიანა ჯოჯუას არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება