განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
მოპასუხე : სერგო ჩივაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
31 აგვისტო, 2022 წელი
საქმე N – 579, 580
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, სოფო
ჟღენტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 23 ივლისს და 2022 წლის 2 აგვისტოს KutaisiToday.ge-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტებით დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა KutaisiToday.ge-ის პასუხისმგებელი პირი, სერგო ჩივაძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად,
„გამონაკლის შემთხვევებში,
თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური
პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია
გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე”.
განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან
მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური
პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მედიასაშუალებამ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ხელი შეუწყო მიზოგინიის და გენდერულად სტერეოტიპული აზროვნების ტირაჟირებას. მისი თქმით, დისკრიმინაციული კონტენტის დამაზიანებელ ეფექტზე პოსტებზე დაწერილი კომენტარებიც მეტყველებდა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მედიასაშუალების საქმიანობა სრულად ეწინააღდეგება თანასწორობის პრინციპებს, უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს და არ იცავს ეთიკური გაშუქების სტანდარტებს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მედიასაშუალებამ გამოქვეყნებულ ორივე პოსტში დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქალთა დისკრიმინაციას, სტერეოტიპების ტირაჟირებას. პოსტები ქალს არასრულფასოვნად და მხოლოდ სექსუალურ ობიექტად წარმოაჩენს, რაც მიუღებელია და დამაზიანებელი შედეგები მოაქვს.
დღეს ქალებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება ძალიან ხშირია, საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული დამოკიდებულებები. ეს უნდა ესმოდეს მედიას და ხელი უნდა შეუშალოს დისკრიმინაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს
სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას
სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ
ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი
არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს
სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია,
არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული
ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
სერგო ჩივაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
Შენიშვნა:
საბჭო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ Kutaisi Today-ის
პასუხისმგებელი პირი, რომელმაც საბჭოს აზრით, ხელი შეუწყო ქალთა
დისკრიმინაციას და თავისი მასალებით დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი,
არის ქარტიის ერთ-ერთი მმართველი ორგანოს, სარევიზიო კომისიის
წევრი.
საბჭო აცხადებს, რომ ქარტიის მმართველი ორგანოს წევრის ამგვარი
საქმიანობა სრულიად მიუღებელია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარტიის
მიზნებს, პრინციპებსა და ღირებულებებს.
შესაბამისად, საბჭო სარგებლობს წესდებით განსაზღვრული უფლებით და
მიმართავს სერგო ჩივაძეს სარეკომენდაციო წერილით, რომელშიც მოუწოდებს,
მოიყვანოს საკუთარი საქმიანობა ქარტიის მიზნებთან
შესაბამისობაში.