გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ანი არველაძის წინააღმდეგ
19.09.2022

დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : ცენტრალური საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ანი არველაძე;

7 სექტემბერი,  2022 წელი

საქმე N – 578

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 31 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში „დროება” გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სადავო მასალის ავტორი, ანი არველაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ასევე, მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სიუჟეტი ევროკომისიის 12-პუნქტიან მოთხოვნებს ეხებოდა — რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჟურნალისტი ამბობს:

„საარჩევნო სისტემის რეფორმა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოიცავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები უბრალოდ აღარ უნდა გაყალბდეს. ცესკოს თავმჯდომარე უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ადამიანი".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა. მისი თქმით, ამ ფრაზით ჟურნალისტი ირიბად მიანიშნებდა იმაზე, რომ ამ დრომდე საქართველოში ყველა არჩევნები ყალბდებოდა, ხოლო ცესკოს თავმჯდომარე არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტი ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება, რადგან საზოგადოებას აწვდიდა არაობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ფაქტებით და მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ სადავო ფრაზა არის ზოგადი შინაარსის მატარებელი, რომელსაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აჟღერებს და რომელიც, ასევე, ემყარება კონკრეტულ წყაროებს. ჟურნალისტს დეტალური მასალები წერილობით შეპასუხებაში აქვს წარმოდგენილი.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, პირველი პრინციპის დარღვევა ასევე შეიძლება დადგინდეს, თუ სახეზეა ჟურნალისტის მიერ ფაქტების ან შეფასებების მანიპულაციურად გამოყენება. საბჭომ იმსჯელა იმაზე, იყო თუ არა მანიპულაციური ჟურნალისტის ფრაზა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი საუბრობს ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნები საარჩევნო სისტემაზე და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა გამართულად უნდა იმუშაოს.

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ფრაზა არ არის მანიპულაციური. საბჭომ ვერ გამოკვეთა გარემოება/ინფორმაცია, რომელიც არსებითად არაზუსტი იყო და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა, ამიტომ ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

აქვე, საბჭო აღნიშნავს, რომ საავტორო სიუჟეტში ჟურნალისტს აქვს უფრო მეტი თავისუფლება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება. ამასთან, ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ანი არველაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება