გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ტარიელ ქათამაძე სესილი ბოკერიას, ნატო გოგელიას და TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
19.09.2022

განმცხადებელი : ტარიელ ქათამაძე;
მოპასუხე : სესილი ბოკერია, ნატო გოგელია, TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

21 ივლისი,  2022 წელი

საქმე N – 571, 572, 573

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, გულო კოხოძე, მაია წიკლაური, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ტარიელ ქათამაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს, „TV პირველის” მიერ გამოქვეყნებულ სამ ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მედიასაშუალების მხრიდან მოპასუხე ჟურნალისტად, სიუჟეტის ავტორად, განისაზღვრა სესილი ბოკერია, ხოლო ორ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის მედიასაშუალების წარმომადგენლის მხრიდანაც. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი და მედიასაშუალების ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელმაც განმარტა, რომ სადავო მედიაპროდუქტებზე იგი არ იყო პასუხისმგებელი პირი. მან პასუხისმგებლობის ნაწილი მხოლოდ მეოთხე პრინციპთან მიმართებაში დაადასტურა.

საქმის განხილვის ფარგლებში ქარტიის საბჭო დამატებით შეხვდა მოპასუხე ჟურნალისტების წარმომადგენელს, ნოდარ მელაძეს.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სამი ჟურნალისტური პროდუქტია: სიუჟეტი და ამავე თემაზე სატელევიზიო არხის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები.

სადავო სიუჟეტი ჩაქვის სკოლის დირექტორის კაბინეტში სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს შორის სავარაუდო დაპირისპირებას  ეხება. სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „ჩხუბი ჩაქვის სკოლის დირექტორის კაბინეტში გაკვეთილების შემდეგ დაიწყო. მოსწავლეების მტკიცებით ეზოში ხმაურის გამო გაღიზიანებულმა დირექტორმა ბავშვები დაიბარა და სცემა. დირექტორის მიერ ნაცემ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრეკეტებიც კი ჩამოუვარდა. მერვეკლასელების მიერ ჩადენილი სავარაუდო ვანდალიზმის გამო სკოლის თანამშრომელმა მოსაცდელში მყოფი ბავშვები დირექტორის კაბინეტში წაიყვანა, საიდანაც ოთხი მოსწავლე მოგვიანებით ნაცემი გამოვიდა".

       „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩაქვის N1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე სკანდალში ეხვევა. ის ერთხელ უკვე მოხსნეს დირექტორობიდან. ახლა კი ადგილის შესანარჩუნებლად ქათამაძე არასრულწლოვანების ცემაზე საუბარს ყველას უკრძალავს. მას ხელს აფარებენ სკოლის მასწავლებლებიც და ნაცემი ბავშვების უშუალო დამრიგებელიც, რომელიც ნაცემი არასრულწლოვანის მშობელს პირდაპირ მითითებებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ მედიასთან საუბარი სასტიკად ეკრძალება".

       „ჩაქვის N1 სკოლაში 1300 ბავშვი სწავლობს, მისი დირექტორი კი მოძალადეა. მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტრო ფაქტით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ფიზიკური ძალადობის შესახებ ფაქტები TV პირველის ეთერში მოხვდა".

მეორე სადავო მასალაში ამოღებულია ნაწყვეტი სიუჟეტიდან, სადაც ჟურნალისტი მშობელს და დამრიგებელს ესაუბრება. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „დამრიგებელი მშობელს უკრძალავს, რომ სკოლაში შვილის ცემის ამბავი ჟურნალისტს მოუყვეს".

მესამე სადავო მასალაში კი ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მოსწავლეს და მშობელს ესაუბრება. ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს: „ბავშვებმა ერთმანეთში იჩხუბეს და დაგიჭირეს თქვენ? მათ შორის გოგოებიც? ერთს ბრეკეტები ჩამოუვარდა, როგორც ვიცი, ცემის დროს", რაზეც პასუხი ისმის - „არ ვიცი, მე მგონი ჩამოუვარდა".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა. მისი განმარტებით:

       „სკოლის ეზოში ბავშვებმა ჯიხური დააზიანეს. 4 ბავშვი იყო ამ ფაქტის თვითმხილველი, ისინი დირექტორის კაბინეტში ამოიყვანეს და ბავშვების ნაწილმა დაწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი".

       „არანაირი ცემის და ბავშვისთვის ბრეკეტების ჩამოვარდნის ფაქტი არ ყოფილა. აღნიშნული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩაქვის პოლიციის განყოფილებამ დაიწყო მოკვლევა, ბავშვებს ჩაუტარდათ სამხარაულის ექსპერტიზა.” (განმცხადებელმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვებს „დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები” არ აღენიშნებათ).

       სკოლის დირექტორის თანამდებობიდან ტარიელ ქათამაძე მოხსნილი არასდროს ყოფილა. მას კონტრაქტით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობების ვადა ამოეწურა. თუმცა, ამ გარდამავალ პერიოდში მის გარდა ყველა სკოლის დირექტორი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად. იგი სასამართლომ აღადგინა სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

       სკოლაში არიან ძალები, რომლებიც დირექტორის წინააღმდეგ მოქმედებენ.

განმცხადებელს პრეტენზია სიუჟეტში იმიტირებულ კადრებთან დაკავშირებითაც ჰქონდა. მისი თქმით, ჟურნალისტს არ განუმარტავს, რომ ეს სცენა დადგმულია და ინფორმაცია მანიპულაციურად გააშუქა.

მოპასუხე ჟურნალისტების წარმომადგენელმა, ნოდარ მელაძემ საბჭოს განუმარტა, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაციის შესახებ მედიასაშუალებას Facebook-გვერდზე მისწერეს და მედია ამ თემით ამის შემდეგ დაინტერესდა. ნოდარ მელაძის  თქმით, ჟურნალისტებს ჰყავდათ წყაროები, ადგილზე კი ინფორმაცია გადაამოწმეს და შესაბამისად, მათ არ დაურღვევიათ ეთიკის პრინციპები.

საბჭო აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, როგორ შეეცადა ჟურნალისტი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას.

რა თქმა უნდა, სკოლაში სავარაუდო ძალადობის ფაქტის გაშუქება უნდა გახდეს მედიის ინტერესის საგანი, თუმცა მსგავს თემებზე მუშაობისას ჟურნალისტმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ინფორმაცია ყველა რელევანტურ წყაროსთან დააზუსტოს.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭოს აზრით, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი საკმარისი წყაროები და მტკიცებულებები, რათა ჟურნალისტს დადასტურებულად ეთქვა, რომ „ტარიელ ქათამაძე მოძალადეა”.

ჟურნალისტი სიუჟეტში ასევე ამბობს, რომ ტარიელ ქათამაძე დირექტორობიდან მოხსნილი იყო და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იგი სკანდალში ეხვევა. ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ტარიელ ქათამაძე ადრეც ძალადობდა მოსწავლეებზე და ახლანდელ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სიუჟეტში არ ჩანს. როგორც განმცხადებელმა განმარტა, იგი დირექტორობიდან არასდროს მოუხსნიათ, მას დაუსრულდა შრომითი ურთიერთობის ვადა, მაგრამ აღარ დანიშნეს დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად, რაც, მისივე თქმით, აღიქვა დისკრიმინაციად და მიმართა სასამართლოს. შესაბამისად, ჟურნალისტს მაყურებლისთვის აღნიშნული ფაქტი უნდა მიეწოდებინა.

საბჭო პირველ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოებშიც, რადგან აღნიშნულ მასალებს აკლდა სრული ინფორმაცია, არ ჩანდა კონტექსტი და მოპასუხე მხარის პოზიცია.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

ასევე, ქარტია კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მიუთითებს, რომ დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს, სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია. სადავო სიუჟეტში ეს განმარტება არ ჩანდა, შესაბამისად, საბჭო აღნიშნავს, რომ ამ ხერხის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, მედიამ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევებში წყარო არსებობს, მედიასაშუალებას სოციალურ ქსელში გაუგზავნეს შეტყობინება, ასევე ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია. ჟურნალისტმა კი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადოდ არ გადაამოწმა. შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ინფორმაციის მოპოვებისას ნატო გოგელიამ მიმართა არაკეთილსინდისიერ მეთოდებს, რადგან წყაროს [სკოლის მნეს] დაუკავშირდა, როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქარტიის მე-4 პრინციპი არ დარღვეულა. საბჭოს აზრით, ჟურნალისტს ინფორმაციის მოპოვებისას არ გამოუყენებია არაკეთილსინდისიერი მეთოდები. მან მიმართა ჟურნალისტური გამოძიების ხერხს, რომელიც ამ შემთხვევაში გამართლებული შეიძლება იყოს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ და მანიპულაციური გზების გამოყენებით ჟურნალისტმა იგი მოძალადედ წარმოაჩინა.

განმცხადებლისა და მოპასუხის წარმომადგენლის მოსმენის, ასევე, დამატებითი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტებს განზრახ შეეყვანათ აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სესილი ბოკერიამ და TV პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. სესილი ბოკერიას და TV პირველის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.
  3. ნატო გოგელიას არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.

 

სადავო მასალა1

სადავო მასალა2

სადავო მასალა3

განცხადება