განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო;
მოპასუხე : გურამ როგავა, ეკა ფხაკაძე, ირაკლი ვაჩიბერაძე, ნინა მაჩაბელი, ლიზა ლასარეიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
29 სექტემბერი, 2022 წელი
საქმე N – 590, 591, 592
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე,
ზვიად ქორიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” და „ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი, ხოლო ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხეებად განისაზღვრნენ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტები: გურამ როგავა და ეკა ფხაკაძე; „მთავარი არხის” ჟურნალისტები: ირაკლი ვაჩიბერაძე და ნინა მაჩაბელი; „ტვ პირველის” ჟურნალისტი: ლიზა ლასარეიშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას არ ესწრებოდნენ მხარეები, ტელეკომპანია „ფორმულამ”
შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
სადავო სიუჟეტები წყალტუბოში მომხდარ სავარაუდო ფემიციდის შემთხვევას ეხებოდა. მასალებში აღნიშნული იყო, რომ განიხილებოდა მომხდარის რამდენიმე ვერსია - მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა დეტალურად აღწერეს სავარაუდო მკვლელობის დეტალები, რაც დაუშვებელია და ფემიციდის ახალი შემთხვევების სტიმულირებას უწყობს ხელს.
სამივე არხის მასალებში აღწერილი იყო სავარაუდო ფემიციდის ჩადენის მეთოდი.
ტელეკომპანია „ფორმულას” სიუჟეტში ნათქვამია:
„თუმცა არსებობს კიდევ სხვა ვერსია. ეს ვერსია ეხება იმას, რომ ქალმა მძიმე მდგომარეობის გამო სცადა თვითმკვლელობა. მეზობლები გვეუბნებიან, რომ ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახი. ისინი ადასტურებენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ხშირად იყო კონფლიქტი, თუმცა კამერებთან არ საუბრობენ მკვლელობაზე".
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ოჯახის სოციალურ სტატუსზე საუბრით მედიასაშუალებამ ხელი შეუწყო სტიგმის გაღრმავებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მხოლოდ სოციალურად შეჭირვებულ ფენაში გვხვდება, რაც თავისთავად არასწორია და პრობლემის ფოკუსს სცდება.
რაც შეეხება „მთავარ არხსა" და „ტვ პირველს", განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტებში, ასევე, რამდენჯერმე მეორდებოდა, რომ მეზობლები მიანიშნებენ ოჯახურ კონფლიქტებზე. თუმცა, ჟურნალისტები არ ინტერესდებოდნენ, რამდენად სწორად აღიქვამენ მეზობლები და ახლობლები პრობლემას და რამდენად ხშირად მიმართავენ ისინი სახელმწიფო სტრუქტურებს მსგავსი შემთხვევების დროს.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტებმა წერილობით განმარტეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია აღწერდა კონკრეტულ ფაქტს და საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ სამივე შემთხვევაში, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
ქარტიის მიერ შემუშავებული „გენდერული საკითხების გაშუქება - სახელმძღვანელო წესების“ თანახმად:
● მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას.
● ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, მედიამ არ უნდა დაიწყოს იმის გარკვევა, რა „დააშავა” ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანია არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა არ წარმოაჩინეს სისტემური და საყოველთაო პრობლემა სათანადო სახით, მასალებში ეყრდნობოდნენ ვარაუდებს და სიუჟეტებში არ ჩანდა, ზუსტად რა მოხდა.
საბჭო მიუთითებს, რომ საყურადღებოა სიუჟეტებში სავარაუდო ფემიციდის შემთხვევის დეტალური აღწერა. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ტექნიკის აღწერა და მისი დეტალიზება. ასეთ დროს არსებობს საშიშროება, რომ მსგავსი სახით ინფორმაციის გაშუქებამ შესაძლოა მისი განმეორებითობა გამოიწვიოს და წაახალისოს პოტენციური მოძალადეები.
მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ასეთი შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, მასალებში ჟურნალისტებმა უნდა გამოიყენონ წყაროების მიერ მიწოდებული რელევანტური ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია და ღირებულია აუდიტორიისთვის. სადავო შემთხვევებში სავარაუდო მსხვერპლის მეზობლების/ახლობლების კომენტარების ნაწილი არ არის რელევანტური და ღირებული, შესაბამისად, არ აქვს ინფორმაციული დატვირთვა.
საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან დაკავშირებით საუბრისას, კონკრეტული შემთხვევების განხილვისას, უმჯობესია ჟურნალისტმა მოიძიოს ინფორმაცია პოლიციის/სახელმწიფოს როლთან და ჩართულობასთან დაკავშირებით.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.
ამ ნაწილში განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” და „ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტებმა დაასახელეს მსხვერპლის სახელი, გვარი და გამოაქვეყნეს მისი ფოტოები. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენდა არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს და მისი ჩვენების საჭიროება არ არსებობდა.
ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების ცოდნა.
სადავო მასალებში სავარაუდო ფემიციდის ფაქტის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი, სავარაუდო მსხვერპლის ფოტოს, სახელისა და გვარის დასახელებას, შესაძლოა, ჰქონდეს ინფორმაციული დატვირთვა. შესაბამისად, საბჭომ აღნიშნულ შემთხვევებში ვერ დაადგინა მე-10 პრინციპის დარღვევა.
თუმცა, აქვე საბჭო აღნიშნავს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას, მსხვერპლის ვინაობის დასახელებით ბავშვის იდენტიფიცირებას; არ უნდა გააშუქოს ისეთი ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია მათ მიაყენოს ზიანი.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ ფემიციდის გაშუქებისას, ძალიან
მნიშვნელოვანია, მედია განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მოკლული
ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალების
გამოქვეყნებას. მათი გამოყენებისას გააანალიზოს, რამდენად პასუხობს
საჯარო ინტერესს, არ გამოიყენოს და არ გამოაქვეყნოს ისეთი ფოტო და
ვიდეო მასალები, რომლებიც არა ინფორმაციის მატარებელი, არამედ პირიქით
დისკრიმინაციული მიდგომების ხელშემწყობია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- გურამ როგავამ, ეკა ფხაკაძემ, ირაკლი ვაჩიბერაძემ, ნინა მაჩაბელმა და ლიზა ლასარეიშვილმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
- ირაკლი ვაჩიბერაძეს, ნინა მაჩაბელსა და ლიზა ლასარეიშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-10 პრინციპი.