დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ელვირ გასანოვი;
მოპასუხე : გიორგი ხუხია, TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
7 სექტემბერი, 2022 წელი
საქმე N – 581, 582
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე,
ნინა ხელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ელვირ გასანოვმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 7 აგვისტოს „TV პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ორ ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, გიორგი ხუხია, ხოლო მეორე სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა
უარი თქვა სხდომაში მონაწილეობაზე. საქმესთან დაკავშირებით ტელევიზიას
წერილობითი შეპასუხებაც არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო სიუჟეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების აზერბაიჯანულენოვანი ზოგადი უნარების გამოცდას და აბიტურიენტების მიერ მიღებულ მაღალ ქულებს ეხებოდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:
● „გამოცდების ეროვნული ცენტრი დიდ სკანდალში ეხვევა. მარნეულში ახლა ყველა ზოგადი უნარების გამოცდის შესახებ საუბრობს. ვრცელდება ინფორმაცია - საგამოცდო ტესტებმა წინასწარ გაჟონა, რის გამოც უჩვეულოდ ბევრმა აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა წელს მაღალი ქულები მიიღო".
● „პირველებმა მოიპოვა ამ სკანდალური ამბის კონკრეტული მტკიცებულება. ეს არის საგამოცდო მასალის ხელნაწერი ვერსია, შემოხაზული სწორი პასუხებით. წყაროს ინფორმაციით, აბიტურიენტებს სწორი პასუხები გამოცდამდე ერთი კვირით ადრე, 12 ივლისს ღამით გაუგზავნეს. გამოცდების სკანდალზე ახლა გამოძიებაა დაწყებული. ტვ პირველის ეთერში გასული რეპორტაჟის გასვლის შემდეგ გამოკითხვების სერია დაიწყო”.
● „პირველების ინფორმაციით, ტესტის გაჟონვის სკანდალი რეპეტიტორებს უკავშირდებათ, მათ შორის არიან ფარზიმ მაშადიევი და ელვირ ჰასანოვი. ორივე მათგანმა დღეს უარყო, რომ ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტების ქართულიდან აზერბაიჯანულად გადათარგმნაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი რეპეტიტორი ამბობს, რომ კონკურენტებს მისი შურთ და ტყუილს აბრალებენ”.
● „სკანდალში გახვეული კიდევ ერთი რეპეტიტორი ელვირ ჰასანოვია. ის წელს 150 აბიტურიენტს ამზადებდა, მათგან 130-მა უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საკმაოდ მაღალი ქულები აიღო. რეპეტიტორი უჩვეულოდ მაღალ ქულებს იმით ხსნის, რომ წელს საგამოცდო საკითხები ძალიან მარტივი იყო”.
მეორე სადავო მასალაში ვხვდებით ელვირ გასანოვის კომენტარს, სადაც ჟურნალისტი ეკითხება - „თქვენ მონაწილეობდით თუ არა ტესტების შემუშავებაში, გადათარგმნაში”, რასაც რესპონდენტი უარყოფს.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო. მისი თქმით, ბრალდება დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და რეპუტაციულ ზიანს აყენებს მას.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო: ელვირ გასანოვს მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია. თუმცა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პიროვნებისადმი წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი.
ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების გათვალისწინებით. სიუჟეტის პირველი ნაწილი ეხება იმას, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი დიდ სკანდალში ეხვევა, რადგან საგამოცდო ტესტებმა წინასწარ გაჟონა, შემდეგ კი ჟურნალისტი ამბობს, რომ სკანდალი რეპეტიტორებს უკავშირდებათ და ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომელებიც ბრალდებას უარყოფენ.
ჟურნალისტის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ ელვირ გასანოვის 130-მა აბიტურიენტმა უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უჩვეულოდ მაღალი ქულები აიღო. ჟურნალისტის ტექსტები მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს. იქმნება ფონი, რომ გასანოვი მართლაც კავშირშია ტესტების გადათარგმნასა თუ გავრცელებასთან. არ ჩანს, შეეცადა თუ არა ჟურნალისტი ამ ფაქტის გადამოწმებას/დაზუსტებას სხვა რელევანტურ წყაროებთან. სიუჟეტში არ იყო მითითებული არავითარი დამატებითი მტკიცებულება.
ასევე, არ ჩანდა მცდელობა, ჟურნალისტს ეჩვენებინა, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ელვირ გასანოვს ტესტების გავრცელებასთან; ბუნდოვანი იყო, როგორ მიუწვდებოდა მას ხელი ამ დოკუმენტებზე; სიუჟეტში არ იყო ინფორმაცია სტატისტიკაზე, აღნიშნული რეპეტიტორების რამდენმა აბიტურიენტმა ჩააბარა შარშან და წელს, სხვა რეპეტიტორების მოსწავლეებმა აიღეს თუ არა მაღალი ქულები ან როგორია მათი პოზიცია, როგორ ხსნიან არსებულ მდგომარეობას; მაყურებელი ვერ იგებს, რა მუხლით არის აღძრული საქმე, ვინ დაიკითხა; არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცი სხვა ოფიციალური, რელევანტური უწყებებიდან.
აღსანიშნავია, რომ NAEC-ის ოფიციალური ინფორმაციით, სტატისტიკა წინა წლების მსგავსია და 75 ქულის მიღება შეძლო მხოლოდ ერთმა გამოსაცდელმა. ჟურნალისტი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ უწყების ინფორმაციით, „ნამდვილად დაფიქსირდა მაქსიმალურთან მიახლოებული ქულებიც", თუმცა სიუჟეტში არ აღნიშნავს, რომ სტატისტიკა წინა წლების მსგავსია, რაც მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა.
ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰყავდეს ანონიმური წყარო და არ დაასახელოს მისი ვინაობა. თუმცა, ამასთან, მსგავსი ბრალდების გამოთქმისას, აუცილებელია გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
საბჭო ანალოგიური მიზეზის გამო პირველ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს მეორე ჟურნალისტურ პროდუქტშიც.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. აუდიტორიას აქვს უფლება, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტებს განზრახ
შეეყვანათ აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა
[არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის
საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს
საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის
მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და
ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ მისი რესპონდენტი არასწორ
ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ
შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11
პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- გიორგი ხუხიამ და TV პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
- გიორგი ხუხიას და TV პირველის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.