დარღვეული პრინციპები : არ დარღვეულა;
განმცხადებელი : რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია;
მოპასუხე : მთავარი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
22 სექტემბერი, 2022 წელი
საქმე N – 589
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
მაია წიკლაური, გულო კოხოძე, მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, ხატია
ღოღობერიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს „მთავარი არხის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის მედიასაშუალების წარმომადგენლის მხრიდანაც. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხე მედიასაშუალებამ პოზიცია წერილობით წარმოადგინა. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალა, სათაურით „რუსთავის მერმა 40-მდე ახალი მრჩეველი დაინიშნა, ცნობილია 23-ის ვინაობა - INFO RUSTAVI" მედიაგამოცემა „ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. მასალაში დასახელებული იყო 23 ახალი მრჩეველის ვინაობა.
განმცხადებელი სადავოს ხდიდა აღნიშნული მასალის სათაურს და მიუთითებდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.
განმცხადებლის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86 1 მუხლის თანახმად. მრჩეველთა საბჭო არის სარეკომენდაციო სახის სათათბირო ორგანო, მისი წევრები მერიის საშტატო განრიგში არ შედიან, არიან დამოუკიდებელი პირები და არ ეძლევათ სახელფასო განაკვეთი.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სათაურში სიტყვამ „დაინიშნა" გამოიწვია ინტერპრეტაცია, თითქოს ადამიანები იღებენ ანაზღაურებას.
თავის მხრივ, მოპასუხემ წერილობით მიუთითა, რომ მედიასაშუალება ინფორმაციის გაშუქებისას დაეყრდნო კონკრეტულ წყაროს, ამასთან, სცადა მისი გადამოწმებაც და შესაბამისად, არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები, რადგან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და შეეცადა მაყურებლისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მერი ირჩევს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, შესაბამისად, ვერ გამოიკვეთა არსებითად არაზუსტი ინფორმაცია.
მასალაში არ არის აღნიშნული, რომ ეს პირები იღებენ ანაზღაურებას, შესაბამისად, საბჭო არ მიიჩნევს, რომ ამგვარი სათაურის შერჩევით ჟურნალისტმა გააშუქა არასწორი ინფორმაცია.
ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ახალი ამბის სათაურის ამგვარმა ფორმულირებამ წაახალისა სოციალურ ქსელში რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია.
საბჭომ ვერ გამოკვეთა ნიშანი, რომელიც დაადასტურებდა მე-7 პრინციპის დარღვევას, ვინაიდან, მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისების მცდელობა ვერ დაინახა. შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.
აღნიშნული პრინციპის დარღვევის წინაპირობაა, რომ დადგინდეს პირველი
პრინციპის დარღვევა. ვინაიდან პირველი პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ
მიიჩნია, შესაბამისად, გამორიცხა მე-11 პრინციპის დარღვევაც.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
მთავარი არხის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.